ყველაზე გემრიელი საკვები

პაწიებისთვის დედის რძეზე უკეთესი საკვები რომ არ არსებობს, ყველამ იცის. ამიტომაც თანამედროვე დედიკოები, შვილის ჯანმრთელობაზე მისი დაბადების წუთიდანვე რომ ზრუნავენ, ყოველნაირად ცდილობენ, შვილი ძუძუთი რაც შეიძლება მეტხანს კვებონ. დედის რძის შემადგენლობა  იდეალურია ახალშობილისთვის. მასში საჭირო რაოდენობით არის ყველა ის საკვები კომპონენტი, რომელიც აუცილებელია პატარა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის. ასე რომ, თუ გსურთ, პაწია ჯანმრთელი გაიზარდოს, საკუთარ რაციონსაც მიაქციეთ ყურადღება.

არითმეტიკა მზრუნველი დედიკოსთვის
“შემწვარ-მოხრაკულების დრო დამთავრდა. ახლა მხოლოდ მოხარშული კარტოფილი, ხაჭო და ასკილის ნახარში შეიძლება”, – ფიქრობენ დედიკოები, რომლებიც, პაწიას მუცელი არ ასტკივდესო, გასტრონომიული მსხვერპლის გასაღებადაც მზად არიან. მართალია, მეძუძური დედებისთვის გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, როგორც ექიმები გვარწმუნებენ, მსხვერპლი  სულაც არ არის აუცილებელი. მარტივი არითმეტიკა (იგულისხმება გრამები), პლუს ერთი-ორი უსარგებლო პროდუქტის მენიუდან ამოშლა და პრობლემაც მოგვარებულია.
მეძუძური დედის დღიური რაციონი ასეთი უნდა იყოს:
. 110-115 გ ცილა (მათ შორის 60% – ცხოველური წარმოშობისა)
. 110-120 გ ცხიმი (მათ შორის 20-25% – მცენარეული წარმოშობისა)
. 450-500 გ ნახშირწყლები.  

ცილებით მდიდარია: ხაჭო, რძე, ყველი, კეფირი, მაწონი, იოგურტი, საქონლის, ქათმის ხორცი, თევზი. კვერცხი, ხორცი და თევზი სასურველია კვირაში ორჯერ მიირთვათ, თანაც უმჯობესია მოხარშული და არა შემწვარი.

ცხიმებით მდიდარია: ნაღების კარაქი, ნაღები, არაჟანი; მზესუმზირას, ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.

“სასარგებლო” ნახშირწყლებით მდიდარია: უხეშად ნაფქვი ფქვილის პური, ქატოს პური, ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ახალი მწვანილი. ზამთარში მეტად სასარგებლოა კომპოტები, ასკილის ნაყენი, წვენები.

დაიმახსოვრეთ:
. საკვების საერთო კალორიულობა 3200-3400 კკალ-ს უნდა შეადგენდეს. ეს ჩვეულებრივი საკვები რაციონისას მთელი 1000 კკალ-ით აღემატება.
. სითხის საერთო მოცულობა 2 ლიტრამდე უნდა აღწევდეს.  ამაში შედის წვნიანები, ჩაი, რძე და ა.შ.
. საკვების მიღება სასურველია დღეში 5-6-ჯერ, ბავშვის კვებამდე 30-40 წუთით ადრე.

ასე რომ, თუ გსურთ, პაწიას გემრიელი ფია “მოუმზადოთ”, დღის განმავლობაში შემდეგი საკვები მიიღეთ:
. რძე – 300 გ
. რძემჟავა პროდუქტები – 500გ
. ხაჭო – 80გ
. არაჟანი – 20გ
. ყველი – 10გ
. ხორცი – 170გ
. თევზი – 100გ
. კვერცხი – 1 ცალი
. ჭვავის პური – 100გ
. ხორბლის პური – 200 გ
. მაკარონი, ბურღულეული – 60გ
. შაქარი – 60გ
. ნაღების კარაქი – 35გ
. მცენარეული ზეთი – 20გ
. კარტოფილი – 200გ
. ბოსტნეული – 500გ
. ხილი, კენკრა – 200-300გ
. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 200გ
. ჩირი – 20გ
. ჩაი – 0,3გ
. მარილი – 6გ.

ბავშვს რომ არ ვავნოთ

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს საკვები, რომელიც  რძეს უსიამოვნო გემოს აძლევს და შეიძლება, პატარა დეგუსტატორმა ბუნებრივ საკვებზე უარიც კი განაცხადოს. გარდა ამისა, ასეთმა ფიამ შეიძლება მუცლის შებერვით, საჭმლის მონელების დარღვევით ან სულაც ალერგიული რეაქციით დაასაჩუქროს ბავშვი. ასეთი საკვების შეზღუდვა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი. ცალკე გამოყოფენ იმ პროდუქტებს, რომლებიც რაციონიდან უთუოდ უნდა ამოვიღოთ. ისინი მხოლოდ მუცლის შებერვითა და უძილო ღამეებით კი არ ემუქრება პაწია ღორმუცელას, შეიძლება, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებიც გამოიწვიოს.

შეზღუდეთ:

. სანელებლები
. ნიორი და ხახვი
. ყურძენი
. კიტრი
. ქლიავი, გარგარი, გარგარისა და ჭერმის ჩირი (კურაგა), ლეღვი
. შოკოლადი
. ფორთოხალი, მანდარინი
. თხილი, ნიგოზი
. თაფლი
. ტომატი
. კვერცხი
. მარწყვი, ხენდრო
. ხიზილალა, კრევეტი

რაციონიდან ამოიღეთ:
. ცხარე სანელებლები
. მაგარი ყავა
. ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ლუდი

კვლავ ალერგიის შესახებ
საკმარისია, პაწიამ დედიკოს რძით ჩაიტკბარუნოს პირი, რომ კანი ნამცეცა წითელი წინწკლებით ეფარება. ეს იმიტომ, რომ დედამ შოკოლადი ჩაახრამუნა ან ზაფხულის სიცხეში შუშხუნა კოლათი გაიგრილა ყელი. წითელი წინწკლები ალერგიული გამონაყარია, რომელიც ხშირად აღენიშნებათ მსუნაგი დედიკოების შვილებს. გამონაყარს ხშირად ერთვის მუცლის შებერილობა, ტკივილი, დეფეკაციის გახშირება.
პატარას ალერგია  შეიძლება განუვითარდეს, თუკი დედიკო მიირთმევს თევზს, კვერცხს, ხიზილალას, თხილს, ნიგოზს, თაფლს, თევზის, ქათმის ან სოკოს ნახარშს, ძეხვეულს, ნაღებს, ყავს, კაკაოს, შოკოლადს, ციტრუსს, წითელ ვაშლს, ჟოლოს, მარწყვს, ხენდროს, ატამს, გარგარს, ქაცვს, კივის, ყურძენს, ნესვს, საზამთროს, მწვანილს, ყურძნის, ტომატის, ვაშლის წვენებს, კომბოსტოს მწნილს, ბოლოკს, კონსერვს, ტორტს, ნაყინს.
თუკი ამ ჩამონათვალს დავუჯერებთ, დედიკომ, ფაქტობრივად, უნდა იშიმშილოს... ნუ შეშფოთდებით, ნამდვილად არ არის საჭირო, მენიუდან ყველა ალერგიული პროდუქტი ამოვიღოთ. პატარა მსუნაგს ალერგია შეიძლება ერთ-ორ მათგანზე განუვითარდეს, დანარჩენს კი ის თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით შეექცევა.

რაც მეტი, მით უკეთესი
ლაქტაციის (რძის გამოყოფის) სტიმულაციის საუკეთესო გზა ძუძუთი ხშირი კვებაა, თუმცა არც  ხალხური საშუალებების გამოყენება გვაწყენს.
რძის მოდინებას ყველაზე უკეთ უწყობს ხელს სტაფილო, სალათის ფურცლები, კამა, ჭინჭარი, ბაბუაწვერა, თავშავა, ანისული. ამ მცენარეებისგან სხვადასხვაგვარ ნახარშსა და ნაყენს ამზადებენ, რომლებიც სასარგებლოა არა მარტო მეძუძური ქალბატონებისთვის, არამედ ორსულებისთვისაც.
. საგულდაგულოდ გარეცხილი სტაფილო გახეხეთ, გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ ნაღები, რძე, შაქარი ან თაფლი (თუ, რაღა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის მიმართ პაწია ალერგიული არ არის), ოღონდ ძალიან ცოტა – სულ რაღაც 1-2  ჩ/კ ჭიქაზე.
. აიღეთ 1 ს/კ კამის თესლი,  დაასხით ჭიქა მდუღარე და 2 საათით დააყენეთ. ნაყენი სვით დღეში ორჯერ. შეგიძლიათ, ასეც მოიქცეთ: კამის დაქუცმაცებულ თესლი შეურიეთ რძეს ან მაწონს, დაამატეთ ჯავზი და მოაყარეთ მარილი. მიღებული მასა გაწურეთ და უზმოზე მიიღეთ.
. ბაბუაწვერას ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ნახევარი საათით დააყენეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი, შაქარი ან თაფლი.

რკინასავით ჯანმრთელი
ფეხმძიმობა საოცარი პერიოდია: ქალის ორგანიზმი პაწიას მოთხოვნების შესაბამისად უნდა გადაეწყოს, ზოგი საკვები ნივთიერება აიკრძალოს, ზოგიერთი კი რაც შეიძლება ჭარბად მიიღოს. იცვლება მოთხოვნა რკინაზეც – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტზე, რომელიც ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.
ფეხმძიმობის პერიოდში რკინაზე მოთხოვნილება იზრდება. თუკი ორგანიზმს Fe დააკლდა, განვითარდება ანემია, ეს კი, თავადაც ხვდებით, არცთუ სახარბიელოა. ასე რომ, ორსულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჰემოგლობინის დონეს (როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელის ფორმირებაში რკინა მონაწილეობს), დროდადრო გადაამოწმოს მისი მაჩვენებელი და  დეფიციტის შემთხვევაში იმკურნალოს.
თუ ექიმი ჩათვლის, რომ  მკურნალობა აუცილებელია, დანიშნულებისამებრ მიიღეთ რკინის პრეპარატი და, რაც მთავარია, გაამდიდრეთ მენიუ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტებით. ასეთია ძროხისა და ხბოს ხორცი, ენა, ღვიძლი, ინდაურის თეთრი ხორცი, ჭვავის პური, სოიო, პარკოსნები, ახალი ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით სასარგებლოა ბროწეული, მწვანე ვაშლი, სტაფილო, გარგარის ჩირი (კურაგა).

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად