ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>კუჭ-ნაწლავის დაავადებები >>ჟურნალი "ავერსი" N26
ნაღველკენჭოვანი დაავადება

ნაღვლიანი ქვების ამბავი
ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს.
უკეთ რომ გავიგოთ, რას გვერჩიან უადგილო ადგილას დაგროვილი ქვები, მოდით, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ.
 სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან წვრილი ნაწლავისკენ მიემართება. სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდეს,  ჯერ ნაღვლის ბუშტში – მსხლის ფორმის ღრუ ორგანოში – ხვდება, სადაც გროვდება და კონცენტრირდება, აქედან ნაღვლის საერთო სადინარში გადადის და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში ჩაედინება, სადაც იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) სადინარიც.
ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება, სანაღვლე გზების წყალობით წვრილ ნაწლავამდე მიდის და საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. მისი შემადგენლობა ასეთია: წყალი, ქოლესტეროლი (ქოლესტერინი), ლიპიდები (ცხიმები), ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.
ქოლესტეროლი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში საკვების მეშვეობითაც ხვდება და ღვიძლშიც გამომუშავდება. მისგან სინთეზირდება ზოგიერთი ჰორმონი, D ვიტამინის წინამორბედი და ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო სხვა ნივთიერებანი.
ბილირუბინი ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება და როგორც პიგმენტი, ნაღველს მოყავისფრო შეფერილობას სძენს.
კონკრემენტები (ასე უწოდებენ სანაღვლე გზებში მოკალათებულ ქვებსა თუ კენჭებს) უპირატესად სწორედ ამ ორ კომპონენტს შეიცავს, ამიტომაც უმთავრესად ორნაირია: ქოლესტერინისა და პიგმენტური.
ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს.
პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს.
კონკრემენტების ზომა მეტად ცვალებადია: უწვრილესი მრავლობითი კენჭიდან (მათ ქვიშასაც უწოდებენ) დაწყებული, კვერცხის ოდენა ქვების ჩათვლით.

საიდან მოდიან ქვები
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებაში რამდენიმე ფაქტორია დამნაშავე, რომელთაგან, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი, ჭარბი წონა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება, არასწორი დიეტა.
ქოლესტერინული ქვების წარმოქმნა ძირითადად ნაღველში მისი მოჭარბებული შემცველობით ან ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებით გახლავთ  განპირობებული. ეს გასაგებიცაა: როდესაც ნაღველი ბუშტში ყოვნდება, მისი კომპონენტები (მაგალითად, ქოლესტეროლი) კონცენტრირდება, ილექება და წარმოქმნის კრისტალებს, რომლებიც კენჭების ერთგვარი წინაპრები ბრძანდებიან. სწორედ ასეთი ცვლილებები (ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება) აღინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში. თუმცა ნაკლები საფრთხე არც მკაცრი დიეტის მოყვარულებს ელით. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგება ყველაზე მეტად მათ ემუქრებათ, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება განუზრახავს. მკაცრი დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ირღვევა, რაც ქვების წარმოქმნას განაპირობებს.
გარდა წონის თამაშისა, ქვების წარმოქმნას ჰორმონული ცვლილებებიც იწვევს. ეს, პირველ რიგში, ესტროგენის დონის მომატების ბრალია, რაც ორსულობის, ჰორმონული თერაპიისა და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენებისას ხდება.
რაც შეეხება პიგმენტურ ქვებს, ისინი ნაღველში ბილირუბინის სიჭარბის გამო წარმოიქმნება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია სანაღვლე გზების ანთებით, ღვიძლის ციროზითა და თანდაყოლილი ანემიის ზოგიერთი ფორმით.
ასე რომ, ნაღველკენჭოვანი დაავადება უპირატესად ემუქრებათ:
. 20-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს (ზოგიერთი გამოკვლევით, ქოლელითიაზის საყვარელი ასაკი 40 წელია). სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის დაავადება თურმე ორჯერ უფრო ხშირად იჩენს თავს.
მამაკაცებს კი ნაღველკენჭოვანი პათოლოგია უფრო მეტად 60 წლის შემდეგ ემართებათ.
. ორსულებს და ქალებს, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ, ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებენ ესტროგენებს ან ორალურ კონტრაცეპტივებს;
. ჭარბწონიანებს და მათ, ვინც წონის სწრაფად დაკლების მიზნით, ფაქტობრივად, შიმშილობს. ხშირად – მათაც, ვინც უპირატესობას ცხიმიან საკვებს ანიჭებს და იშვიათად გეახლებათ მცენარეული უჯრედისის შემცველ პროდუქტებს;
. მათ, ვისაც მემკვიდრეობით აღენიშნება ეს პათოლოგია;
. მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მუკოვისციდოზი, სანაღვლე გზების დისკინეზია ან ზოგიერთი სხვა დაავადება აქვთ.
ზოგიერთი გამოკვლევის ავტორებმა ნაღველკენჭოვანი დაავადება ლამის ზოგიერთი ერის კუთვნილებად აქციეს: ნაღვლის ბუშტში ქვების ჩალაგება უპირატესად მკვიდრ ამერიკელებს (ინდიელებს), მექსიკელებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კავკასიელებს ემუქრებათო.

როგორ ვლინდება დაავადება
ნაღველკენჭოვანი დაავადება მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს მაშინ, როცა კონკრემენტი (ან კონკრემენტები) მშვიდად არის მიყუჟული ნაღვლის ბუშტში.
“ჩუმი” ქვები, რომლებიც ექოსკოპიური კვლევისას უპირატესად შემთხვევით გამოვლინდება ხოლმე, მკურნალობას არ მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფმა რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა და ექიმმა ხელმეორედ შეაფასოს მდგომარეობა.
მაგრამ კენჭები ყოველთვის ასე მშვიდად როდი გრძნობენ თავს; ერთ ავბედით დღეს ისინი შეიძლება დაიძრან და ნაღვლის კოლიკა გამოიწვიონ. ტკივილიც არ აყოვნებს. ის შეტევითი და ძლიერია, აღმოცენდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში (იქ, სადაც ღვიძლია) და ეპიგასტრიუმის მიდამოში (ჭიპთან), მერე კი შეიძლება ზურგსა და ბეჭშიც გავრცელდეს. კოლიკა ზოგჯერ სულ რაღაც 15 წუთშიც სრულდება, ზოგჯერ მთელი დღე გასტანს, უმეტესად კი შეტევა რამდენიმე საათი გრძელდება.
კოლიკას, ესე იგი, ჭვალს ხშირად სდევს თან გულისრევის შეგრძნება და  პირღებინება.
კენჭების გაჭედვა და მიგრაცია ნაღვლის ბუშტის კედელს აღიზიანებს, რასაც საბოლოოდ ქოლეცისტიტამდე (ნაღვლის ბუშტის ანთებამდე) მივყავართ. ამ პათოლოგიურ მდგომარეობას სხვაგვარად კალკულოზურ (კენჭოვან) ქოლეცისტიტს უწოდებენ.
თუკი ბუშტის სანათური ქვამ დააცო, ძლიერი ტკივილი უეცრად აღმოცენდება, იმატებს ლეიკოციტების მაჩვენებელი, სხეულის ტემპერატურა. ასეთ დროს, როგორც წესი, საჭირო ხდება ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა, არ არის გამორიცხული, ავადმყოფს ოპერაციაც დასჭირდეს.
თუკი კონკრემენტი სანაღვლე სადინარში გაიჭედა, ვითარდება ქოლანგიტი. ამ დროს, გარდა ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკისა (ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ა.შ.), ხშირად იჩენს თავს სიყვითლე. მკურნალობა უმეტესად ოპერაციულია.
კიდევ ერთი გართულება, რომელიც ქვების “სეირნობას” მოჰყვება, პანკრეატიტია (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ამ დროს კენჭი გაცილებით შორს მიდის: ნაღვლის სადინარს თავს აღწევს და ხვდება პანკრეასის სადინარში, რომელიც წვრილი ნაწლავის საწყის ნაწილში იხსნება.

ჟამი შეკრებად ქვათა
ქოლელითიაზის გამოვლენაში ყველაზე ხშირად ექოსკოპიური კვლევა გვეხმარება, თუმცა მეტი ინფორმაციულობისთვის ექიმმა შეიძლება სხვა კვლევებიც გირჩიოთ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, კონტრასტული ქოლეცისტოგრაფია და ქოლანგიოგრაფია, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ა. შ.
თუ მდგომარეობა მძიმე არ არის (რაც, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს), ადამიანი შინ მკურნალობს: იღებს ტკივილგამაყუჩებლებს, იცავს დიეტას. შეიძლება, ექიმმა კონკრემენტების დამშლელი რომელიმე მედიკამენტიც დაუნიშნოს.
არის შემთხვევები, როცა ვითარება რთულდება და ქვებისგან გათავისუფლება ხდება საჭირო. ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ანუ ქოლეცისტექტომიაა. ამჟამად ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით კეთდება – მუცლის კედლის გაკვეთის მაგივრად ქირურგი რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ დიამეტრის) ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეაქვთ და ორგანოს კვეთენ.
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ძალზე ეფექტური, თანაც ნაკლებტრავმული მეთოდია, რომლის შემდეგაც ადამიანი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც დღეს ქოლელითიაზის სამკურნალოდ იყენებენ, ლითოტრიფსიაა. მისი ერთ-ერთი ვარიანტის – დისტანციური ლითოტრიფსიის დროს უადგილო ადგილას გაჭედილ ქვებზე დარტყმითი ტალღებით ზემოქმედებენ. შედეგად კონკრემენტი ქუცმაცდება და თავისთავად, ნაწილ-ნაწილ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
არსებობს ლაპაროსკოპიული ლითოტრიფსიაც – ორგანოში სპეციალური დამშლელი აპარატი შეაქვთ და ლაპაროსკოპის მეშვეობით (იგი პროცესის დანახვის საშუალებას იძლევა) შლიან ქვებს.
ლითოტრიფსიას მნიშვნელოვანი რისკიც ახლავს, რადგან დანაწევრებული ქვა შეიძლება სადინარის რომელიმე უბანში გაიჭედოს. ასე რომ, ხსენებული მეთოდის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ უმკაცრესი კონტროლისა და მრავალი აუცილებელი ნიუანსის გათვალისწინებით შეიძლება.

რა არ უყვართ ქვებს
ქოლელითიაზის დროს ექიმი უთუოდ დაგინიშნავთ დიეტას, რომელსაც სამედიცინო წრეებში მაგიდა №5-ის სახელითაც იხსენიებენ. როგორც თავადაც ხვდებით, მასში მინიმუმამდეა დაყვანილი ცხიმის, ორგანიზმისთვის მავნე ქოლესტერინის შემცველობა. კერძებიც მეტწილად მოხარშულია და წყლის ორთქლზე მზადდება.
რეკომენდებულია:
. წინა დღის, კარგად გამომშრალი თეთრი პური;
. ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი;
. საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი და თევზი;
. დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები;
. ბოსტნეული, კენკრა.
იკრძალება:
. ახალი, თბილი პური, ქადა-ნაზუქი, ფუნთუშები;
. ხორცის, ქათმის და სოკოს წვნიანი;
. ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით ღორისა და ცხვრის ცხიმი;
. შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტი;
. ნაღები, მაღალი ცხიმიანობის რძე;
. ბარდა, მჟაუნა, ბოლოკი, პრასი, ნიორი, მწნილები;
. შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ნალექიანი ყავა, კაკაო.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად