ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გულ-სისხლძარღვთა დაავადებები >>ჟურნალი N13
გაუფრთხილდით ვენებს

აუბი  ფეხი (ჯანმრთელი!) ცხოვრებას
მას შემდეგ რაც პირველყოფილი ადამიანი ცივილიზაციის გრძელ გზას დაადგა და ორ ფეხზე დაიწყო სიარული, ქვედა კიდურებმა განსაკუთრებული დატვირთვით იწყეს მუშაობა.  მას შემდეგ არც ვენებს დაუსვენიათ. თავად განსაჯეთ: ვერტიკალურ მდგომარეობაში ორგანიზმში არსებული სისხლის 60- 70% სხეულის ქვედა ნაწილში, გულის დონის ქვემოთაა დაგროვებული. მის ამოსატუმბათ ორგანიზმმა, თავისთავად, დიდი ჯაფა უნდა გასწიოს. პირველ რიგში იტვირთება გული: რიტმული მუშაობის (შეკუმშვის) შედეგად სისხლი მაღლა იწყებს დენას. გულს ქვედა კიდურების კუნთებიც ეხმარება – ისინი პერიოდულად  იკუმშება, შემდეგ ფართოვდება, ანუ მუშაობს რა ტუმბოს პრინციპით, იძულებულ ხდის სისხლს “თავის კალაპოტს” დაუბრუნდეს. გარდა ამისა,  სისხლის ზემოთ, გულისკენ დინებას განაპირობებს ვენებში გზადაგზა მოთავსებული სარქველები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით იხსნება, სისხლს ზემოთკენ ატყორცნის და ეწინააღმდეგება მის უკუდენას.
ამდენად, ძნელი წარმოსადგენი სრულებით არ არის, თუ რაოდენ დაძაბულ რეჟიმში უწევს ქვედა კიდურების სისხლძარღვებს მუშაობა. ამიტომაც არც ისაა გასაკვირი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მწყობრიდან გამოვიდეს.
გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, იქნება ეს სარქვლოვანი აპარატის მემკვიდრული არასრულფასოვნება თუ  პროფესია, რომელიც ხანგრძლივ ჯდომას და ფეხზე დგომას მოითხოვს (ქირურგები, მასწავლებლები, ბალერინები, დალაქები...), ადგილი აქვს სისხლის უკუდინებას, ქვედა კიდურის ვენებში დაგროვებას, რაც თავის მხრივ სისხლძარღვთა კედლების გაჭიმვას და მათი კონფიგურაციის დარღვევას იწვევს, შედეგად კი კანზე კოსმეტიკური დეფექტი – კანქვეშა ვენური ქსელი ჩნდება. სწორედ ასე ყალიბდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ქრონიკული ვენური უკმარისობა.

ვენების “ღალატის” უტყუარი ნიშნები:
. სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაბუჟების და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში
. შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ ცხრება
. ფეხის სხვადასხვა უბანში კუნთების ტკივილი, “გაკვანძვის” შეგრძნება და ღამის კრუნჩხვები
. კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება
. ტელეანგიექტაზიები – კანზე გამოხატული მოლურჯო-იასამნისფერი ობობის ბადის მსგავსი კაპილარული ქსელი
. ტროფიკული ცვლილებები (წყლულები), რომელიც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაზე იჩენს ხოლმე თავს.

სიტყვა ეძლევა პროფილაქტიკას
ქალბატონებს ერთი სული აქვთ ხოლმე  გამოზაფხულდეს, რათა მოკლე ქვედაბოლოში ან სულაც საცურაო კოსტუმებში კოპწიათ გამოწყობილებს საკუთარი უზადო სხეულით თავი მოიწონონ.  ამ დროს კი, თითქოს მათ ჯიბრზე, თავს წამოყოფენ და ფეხებზე უხერხულად დაიკლაკნებიან ურჩი სისხლძარღვები. ასე რომ არ მოხდეს, ვენებს უთუოდ უნდა გავუფრთხილდეთ, განსაკუთრებით კი, წელიწადის თბილ დროს, როდესაც ვარიკოზული გაგანიერების ალბათობა ერთი ორად იზრდება. ერთი სიტყვით, მოიქეცით ასე:
. ნუ გააზარმაცებთ ფეხებს. თუ დღის განმავლობაში ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა ან დგომა, ეცადეთ ყოველ ერთ საათში ცოტა გაიარ-გამოიაროთ, ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებთ, ხშირად შეცვალეთ ფეხის მდებარეობა, აბრუნეთ ტერფი, იარეთ ადგილზე ან 10-15-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე. ჯდომის დროს მოერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას.
. ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანებს, მოერიდეთ საუნაში ვიზიტს და მაინც და მაინც ნურც გარუჯვა გაგიტაცებთ. ზედმეტი სითბო თქვენს ვენებს ემტერება – ადუნებს ფეხის კუნთებს და ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას. თბილი შხაპისა და აბაზანის მიღების შემდეგ კი ფეხებს გრილი წყლის ჭავლი მიუშვირეთ.
. აკონტროლეთ წონა. ზედმეტი კილოგრამები ნამდვილი გამოცდაა თქვენი ქვედა კიდურების სისხლძარღვებისთვის, რაც საბოლოოდ ვენური წნევის  მატებას და ვარიკოზს იწვევს.
. მისდიეთ სპორტის შესაფერის სახეობას. თქვენი ვენებისთვის საუკეთესოა ცურვა, სიარული, ველოსიპედით სეირნობა. სავარჯიშოთ კიბეებიც გამოგადგებათ – უარი თქვით ლიფტზე და სასურველ სართულამდე ფეხით აბრძანდით. სპორტის ისეთი სახეობანი, როგორებიც ტენისი, ფეხბურთი, კალათბურთი და ძალოსნობაა, თქვენს ვენებს არამც და არამც არ არგებს.
. ვენებს არ უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუმცა, მთლად “დაბლებზეც” ნუ გადახვალთ. საუკეთესო ვარიანტი  4 სანტიმეტრიანი ქუსლია. ასე კანჭის კუნთები უკეთ მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, ვენებისთვისაც სასარგებლოა.
. მიიღეთ საკვები, რომელიც სისხლძარღვებს რგებს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ანუ პროდუქტი, რომლებით დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მოერიდეთ მარილიან, ცხარე, სანელებლებიან და შემწვარ საკვებს. სვით სითხეები, განსაკუთრებით წელიწადის ცხელ დროს.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად