ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>კოსმეტოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N25
SPA პროცედურები

SPA, რომელიც შვებას ჰგვრის სხეულს
SPA პროცედურები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ეს ტენდენცია ნამდვილად არ არის გასაკვირი: spa ხომ კურნავს, ალამაზებს, სასიცოცხლო ენერგიით ავსებს... ერთი სიტყვით, სხეულისთვისაც და სულისთვისაც ნამდვილი ნეტარებაა. ამ განცხრომაზე უარის თქმა ცოტა არ იყოს  ძნელია. ამიტომაც არის, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს spa-სალონებში ვიზიტს.
აბრევიატურა SPA, რომელსაც ესოდენ მოხერხებულად იყენებს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე მზრუნველი ხალხი, მომდინარეობს ლათინური გამოთქმიდან “Sanitas per Aqua”, რაც ასე ითარგმნება: “ჯანმრთელობა წყლის მეშვეობით”.
დღეს თუ რომელიმე spa-სალონის კარზე მიაკაკუნებთ, წყლის ტრადიციულ პროცედურებთან ერთად უთუოდ შემოგთავაზებენ სხვადასხვა სახის მასაჟს, რელაქსაციას, კოსმეტიკურ პროცედურებს. ამდენად, თანამედროვე spa გაცილებით ფართო ცნებაა. ამასთან ერთად, მეტად სასიამოვნო და, რაღა თქმა უნდა, სასარგებლო!

გრძნობა და გონება
მეგაპოლისში ცხოვრება ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით – ფსიქიკისთვის) რომ ნამდვილი გამოცდაა, ყველამ კარგად იცის: სტრესები, დღის არასწორი რეჟიმი, აგრესიული ეკოგარემო – ყოველივე ეს იმდენად ძლიერ დაღს ასვამს ჯანმრთელობას, რომ გონს მოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, ჭირს. ჭკვიანმა და წინდახედულმა ადამიანებმა მხსნელად spa-პროცედურებს უხმეს, შემდეგ ამ მიგნებას საფუძვლიანი რეკლამა გაუწიეს და შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს spa-სალონებში გაჯანსაღებისა და ფსიქიკური წონასწორობის აღდგენის ჟინით შეპყრობილთა ტევა არ არის – ზოგიერთი ჯაკუზიში ეძლევა განცხრომას, ზოგიც ჰიდრომასაჟითა და აკვააერობიკით ერთობა. არჩევანი კი უდავოდ დიდია.
სალონებში მეტწილად შემოგთავაზებენ ორთქლის პროცედურებს (ფინურ აბანოს, საუნას), თერმული და ზღვის წყლის აბაზანებს, აუზსა და ჯაკუზის. spa-ს გაცნობა, ტრადიციულად, წყლის პროცედურებით იწყება, თუმცა ეფექტის გასაუმჯობესებლად (კანის ფორები რომ გაიხსნას და სამკურნალო  ნივთიერებებმა ორგანიზმში უკეთ შეაღწიოს), სანამ წყალში დაიწყებდეთ ნებივრობას, შეიძლება კანის პილინგი შემოგთავაზონ.
წყლის პროცედურების შემდეგ მასაჟის ჯერი დგება. არჩევანი თქვენზეა: ანტიცელულიტური, ანტისტრესული, შიაცუ, აიურვედა, ტიბეტური მასაჟი ქვებით... მოკლედ, რაც გინდა, სულო და გულო! ზოგადად კი პროცედურების კომპლექსს კლინიკის ან სალონის ექიმი-კონსულტანტი თქვენივე გემოვნების გათვალისწინებით შეგირჩევთ.
რომელ spa-ცენტრსაც არ უნდა მიმართოთ, პრინციპი ყველგან ერთია: სტუმარი მაქსიმალურად მოდუნდეს, განცხრომას მიეცეს და სიცოცხლით დატკბეს. პროცედურის ხანგრძლივობას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს (თუ, რა თქმა უნდა, პროცედურის ხანგრძლივობა უშუალოდ თქვენს ჯიბეს არ აყენებს ზიანს).
ხანმოკლე spa-სეანსი, გარდა იმისა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მეტად უეფექტოა, ვერც სიამოვნების სრულყოფილ განცდას დაგიტოვებთ. აბა, წარმოიდგინეთ: წევხართ თბილ აბაზანაში, წყლის ჭავლი თქვენს არაქათგამოლეულ სხეულს ელამუნება, თვალები დახუჭული გაქვთ ან მზერას ვერ სწყვეტთ ათასფერი სანთლების ციმციმს, რომელთა მომაჯადოებელი არომატი ყნოსვის რეცეპტორებს მალამოდ ედება. როგორ გინდა, ეს სამოთხე მიატოვო?
spa-ეფექტისთვის, გარდა ხანგრძლივობისა, მნიშვნელობა აქვს ჯერადობასაც. რაღა თქმა უნდა, უმჯობესია, ნეტარების მორევში ყოველდღე გადაეშვათ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ჯიბე ამგვარი სიამოვნების უფლებას აძლევს, ნებივრობისთვის არც ისე ბევრი დრო აქვს. სწორედ მათთვის შეიმუშავეს  სპეციალისტებმა ე.წ. ერთჯერადი spa-პროცედურები (Day-SPA). ეფექტის თვალსაზრისით ისინი ხანგრძლივ სეანსებს ჩამოუვარდება, მაგრამ  სიამოვნების განსაცდელად და გადაღლილი გონების “გასაგრილებლად” ნამდვილად გამოდგება.


ჯანმრთელობის ხმა, სურნელი და გემო
spa-პროცედურების აუცილებელი ატრიბუტია მშვიდი მუსიკა და სასიამოვნო ინტერიერი. ამიტომაც spa-სალონებში მოციმციმე არომატული სანთლები, აქა-იქ მიმობნეული სხვადასხვა ფერის კრისტალები და უცხო სამშვენისები დაგხვდებათ, ყურთასმენას კი ზვირთცემის ხმაური, ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი და ნიავის ჩურჩული დაგიტკბობთ. ზარების რეკას კი, ნუ იტყვით და, ადამიანი ნებისმიერ მასაჟზე უკეთესად გამოჰყავს დეპრესიიდან.
საპროცედურო ოთახში სასიამოვნო სურნელი უნდა იფრქვეოდეს. ამისთვის არომატული სანთლები და ზეთები გამოიყენება. შემოგთავაზებენ არომამასაჟს და აბაზანას ჟასმინის, ლავანდის, პაჩულისა და სხვა სურნელოვან მცენარეთა ზეთებით.
სრული ნეტარება რომ შეიგრძნოთ, არც კუჭი უნდა დატოვოთ სიამოვნების გარეშე. სალონში გაგიმასპინძლდებიან ვიტამინებით მდიდარი წვენების კოქტეილით, ტაიტური, იაპონური და ბერძნული კერძებით (spa-სალონებში ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნების ეგზოტიკურ სამზარეულოს სცემენ პატივს), თვით სეანსის დროს კი სხვადასხვა მცენარის მეტად არომატულ ჩაის შემოგთავაზებენ. ასეთი  ნაყენები გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით და, რაც მთავარია, საოცრად გემრიელია.
  

SPA-ლექსიკონი
სათანადო სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა, ორგანიზმი მაქსიმალურად მოდუნდეს.
რელაქსაციისთვის შემდეგი მეთოდები გამოიყენება: (რომელთა სახელების ცოდნითაც თავის მოწონება ყველგან შეგეძლებათ):
. აუდიოვიზუალური რელაქსაცია – გულდასმით შერჩეული მხედველობითი და სმენითი ეფექტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენენ.
. არასელექციური ქრომოთერაპია – ეს ხილული გამოსხივების სამკურნალო მიზნით გამოყენება გახლავთ, რომლის ზემოქმედებითაც ორგანიზმში მელანოტროპინის გამომუშავება ძლიერდება. შედეგად ქრება სეზონური  დეპრესია, ძილიანობა, მოთენთილობა, უმადობა თუ გამუდმებით პირის ცმაცუნის სურვილი.
. ალფა-მასაჟი – ის სპეციალური კაფსულის მეშვეობით ტარდება, რომელიც ორგანიზმის ყველა სენსორულ წერტილზე ზემოქმედებს. შედეგად იხსნება  დაძაბულობა, იზრდება გამძლეობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ორგანოები და სისტემები კი ურთიერთშეთანხმებულად, ჰარმონიულად იწყებენ მუშაობას.
თუ სალონში ამგვარი spa-რელაქსაცია არ შემოგთავაზეს, ტრადიციული ანტისტრესული მეთოდები – ჩვეულებრივი მომადუნებელი მასაჟი და აკუპუნქტურა ნამდვილად არ აგცდება.


SPA-ფაქტები
. რა გასაოცარიც უნდა იყოს, მსოფლიოში არსებობს საერთაშორისო  SPA ასოციაცია (ISPA), რომლის მონაცემებითაც spa-სალონების ვიზიტორთა 29% მამაკაცია.
. spa-პროცედურების მოტრფიალეთა ნახევრის ასაკი 25-დან 44 წლამდე მერყეობს. მათ 55%-ს უმაღლესი განათლება და 72 ათას დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს. ისინი spa-სეანსებს წელიწადში ორჯერ მიმართავენ, ხოლო ფიტნეს-ცენტრებს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ.
. თერმული წყალი, რომელიც spa-კურორტების სატყუარაა, პირველ რიგში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ნევროლოგიური პრობლემების, ბრონქიტების, უძილობის, იმუნიტეტის სისუსტით სამკურნალოდ გამოიყენება. თერმული წყალი იდეალურია სხვა spa-პროცედურებთან – მასაჟთან, ლიმფოდრენაჟთან, კოსმეტიკურ პროგრამებთან – კომპლექსში.
. თალასოთერაპიის (ზღვის წყლით მკურნალობის) ჩვენებებია დასუსტებული იმუნიტეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები (სახსრების, ზურგის ტკივილი და ა.შ.), ჭარბი წონა, უძილობა, გადაღლილობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
. ამჟამად მეტად მოდური და პოპულარულია ე.წ. გახვევა თივაში. ადამიანს ფეხებისა და თეძოების მიდამოებში მაღალმთიან რეგიონებში მოკრეფილ საგანგებოდ გამომშრალ და დასველებულ სამკურნალო მცენარეებს აფენენ და ზეწარში ახვევენ. სითბური ეფექტის მიღწევისთანავე კანი სამკურნალო ნივთიერებებით იჟღინთება. ასეთი პროცედურის შედეგად ძლიერდება იმუნიტეტი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმიდან იდევნება წიდები, იხსნება დაძაბულობა.
. ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ღვინოთერაპია, რომელიც ღვინის მხოლოდ სმას კი არა, მისგან კოსმეტიკური ნიღბებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აბაზანების მომზადებასაც გულისხმობს. თურმე ნუ იტყვით და ერთ-ერთი ძალზე ეფექტური spa-თერაპია, რომელიც კანის პილინგსა და მასაჟს ახდენს, ფეხებით ღვინის დაწურვა ყოფილა.

------
არაჩვეულებრივი არაჩვენებური SPA
საზღვარგარეთ ახლებური გარემო, უცხო ლანდშაფტი და ეგზოტიკური კერძები გხვდება, რაც, თავისთავად, მოგზაურობას საინტერესოს ხდის.  გარდა ჩამოთვლილი ღირსებებისა, ვოიაჟს შეგიძლია სამკურნალო მნიშვნელობაც შესძინო და რომელიმე spa-კურორტზე გაემგზავრო.

SPA ევროპულად
თუკი მოხდა სასწაული და სადმე spa-კურორტების რუკა მოიძიე, დაინახავ, რომ ისინი ყველაზე მეტი ჩვენს ახლომახლოა, ევროპაში. მეტად პოპულარულია საფრანგეთის spa-ოაზისები ვიში და ლა ბოლე. ნებისმიერ ტურისტს, რომელიც იქ მოხვდება, მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას სთავაზობენ. საფრანგეთის მინერალურ კურორტებზე ეფექტურად მკურნალობენ კუჭ-ნაწლავს, ღვიძლს (ვიშის წყლით), თირკმელებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს (ევიანის წყლით), ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიებს (ექს-ლე-ბენის სამკურნალო წყლით).
შვეიცარიის მთებში თბილი თერმული წყალი მოჩუხჩუხებს, რომელიც მდიდარია გოგირდით, მაგნიუმით, კალციუმით და სხვა აქტიური კომპონენტებით. წყალი გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ცენტრალური ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გარდა ამისა, ტრავმის შემდეგ ძალების მოკრებასა და იმუნიტეტის მოძლიერებაშიც დაგეხმარებათ. ყველაზე პოპულარულია ლეიკენბადისა და ბად-რაგაცის თერმული წყლები.
ავსტრიას ევროპული spa-კურორტების სიაში მესამე ადგილი უკავია. აქ მრავლად არის გოგირდოვანი, იოდშემცველი, რადონით გამდიდრებული თერმული წყალი და ტალახი, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, სიმსუქნეზე და ა. შ. პოპულარული spa-კურორტებია ბად გასტაინი, ბად ჰიოგასტაინი.
თუ გერმანიაში spa-პროცედურებისთვის გაემგზავრები, ბადენ-ბადენის თერმულ წყაროებს ვერ ასცდები. ორთქლის, თერმული, ჰაეროვანი აბაზანები, წყალქვეშა მასაჟი, შიაცუ, ფანგო, რომაულ-ირლანდიური აბანო – აი არასრული ჩამონათვალი იმ სერვისისა, რომელსაც ამ კურორტის განთქმული spa-კომპლექსები “ფრიდრიხსბადი” და “კარაკალა თერმე” გპირდება.
იტალიაში spa-ს ვენეტოში, ემილია რომანოსა და ლაციოს მიდამოებში აღმოაჩენ. შეგიძლია, კურორტი იმის მიხედვით აირჩიო, რა მიზნითაც გსურს spa-პროცედურების ჩატარება. მაგალითად, ლაციოს განთქმული სამკურნალო წყალი ფუჯი დადებითად მოქმედებს შარდკენჭოვან დაავადებებზე.

SPA აღმოსავლურად
აზია თერმული წყლებით  ვერ დაიკვეხნის, მაგრამ spa-სეანსებს აქ ოდნავ განსხვავებულ, მეტად საინტერესო დატვირთვას აძლევენ: მედიტაციის გარეშე არცერთი SPA პროცედურა არ ჩაივლის და, რაც მთავარია, ეს ერთგვარი სიამოვნების გაკვეთილებიც არის – პროცედურაში მეუღლეები ან შეყვარებულები ერთად მონაწილეობენ.
spa აზიაში იაპონიიდან იწყება. ამ სეისმოაქტიურ ზონაში უამრავი თერმული წყარო მოჩუხჩუხებს. ამას ემატება შიაცუ, მედიტაცია...
თითქმის ასეთივე spa-მდგომარეობა ჩინეთშიც. აი, რაც შეეხება ბალის, მას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. მათ შორის – მიკ ჯაგერი, მადონა, გვინეტ პელტროუ. ბალიზე დამსვენებლებს იდეალური spa-გარემო იზიდავს: აქ არასოდეს წვიმს გადაუღებლად და, რაც მთავარია, მხოლოდ ამ კუნძულზე შეხვდებით სამედიცინო მიმართულება ჯამოს, რომელიც ზღვით, ბალახებით, ტროპიკული ხილითა და ხეებით მკურნალობას მოიცავს. სასწაულმოქმედი ჯამოს წყალობით შეგიძლია განიკურნო, გალამაზდე და გაახალგაზრდავდე კიდევაც.
დაბოლოს, არ შეიძლება არაფერი ვთქვათ ტაილანდზე, სადაც ჩვეულებრივი spa-პროცედურების პარალელურად უთუოდ შემოგთავაზებენ მთელ მსოფლიოში ესოდენ ცნობილ ტაილანდურ მასაჟს. ვგონებ, ღირს სცადო!
--------

Sanitas per Aqua ჩვენებურად
ის, რისთვისაც ჩვენი ქვეყნის შეძლებული მოსახლეობა საზღვარგარეთ მიეშურება, დიდი ხანია საქართველოშიც არსებობს. არა, არც თავბრუდამხვევ შოპინგებს ვგულისხმობთ და არც თვალისმომჭრელ ისტორიულ ძეგლებს (თუმცა არც ამ უკანასკნელთა ნაკლებობას განვიცდით). საქმე კვლავინდებურად spa-პროცედურებს ეხება, რომელთაც უკვე მერამდენე საუკუნეა ჩვენთან იყენებენ. დიახ, დიახ, spa ქართველებისთვის არახალია. მას ბანალური “კურორტოთერაპიის”, “სანატორიულ-კურორტულ მკურნალობისა” თუ “ბალნეოთერაპიის” სახელით რა ხანია ვიცნობთ.
ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მენჯი, ახტალა... ყველა spa-კურორტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, მოდით, რამდენიმე მათგანზე შევაჩეროთ ყურადღება.
ბორჯომის კურორტის მთავარი სამკურნალო ფაქტორი ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალია. იგი გამოიყენება როგორც სასმელად, ისე გამორეცხვებისთვის კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, კუჭქვეშა ჯირკვლისა და შარდგამომყოფი სისტემის ორგანოთა დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.
ბორჯომის წყალი ძალზე მარგებელია კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. რეკომენდებულია ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, სიმსუქნის, პოდაგრის, პიელიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ. ბორჯომის მინერალურ წყალს შემადგენლობით ჩამოჰგავს ნაბეღლავისა, ამიტომაც ეს უკანასკნელი უმთავრესად იმავე პათოლოგიების სამკურნალოდ გამოგადგებათ.
უწერაში თვრამეტამდე მინერალური წყალია. აქ შეგიძლიათ უმკურნალოთ ქრონიკულ გასტრიტს, წყლულოვან დაავადებას, ენტეროკოლიტს, ქოლეცისტიტს, ჰეპატიტს. უწერის წყლის აბაზანები მეტად სასარგებლოა სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
საირმის წყალი ძალიან უხდება უროლოგიურ დაავადებებს (პიელონეფრიტს, ურეთრიტს, შარდკენჭოვან დაავადებას). აქაური წყალი შემადგენლობით მსოფლიოში განთქმული ვილდუნგენის (გერმანია) მინერალური  წყლის ანალოგიურია.
წყალტუბოს მინერალურ წყალს კი, მრავალი სპეციალისტის აზრით, დღეს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ის უმთავრესად აბაზანებისთვის გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და კანის დაავადებების დროს. კურორტის ერთ-ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია “თეთრი მღვიმე”, რომელსაც ქრონიკული ასთმის სამკურნალოდ იყენებენ.
არანაკლებ საყურადღებოა თავისი უნიკალური შემადგენლობით ცაიშის ჰიპერთერმული მინერალური წყალი – ის სულფიდებს, ქლორიდებს, ჰიდროკარბონატებს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, აზოტს, გოგირდწყალბადს შეიცავს. სპეციალისტთა აზრით, ანალოგი არც ცაიშის წყაროებს მოეპოვება. ამ წყლით მკურნალობენ ნევრალგიას, ნევრიტს, რადიკულიტს, ქრონიკულ გინეკოლოგიურ დაავადებებს, ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, ართრიტებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მენჯის მთავარი ღირსება სულფიდურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალია, რომელიც ძალზე სასარგებლოა კანის, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული დაავადებების დროს.

ჩვენებური ტალახიც ფასობს
სამკურნალო ტალახი ახტალაში მოიპოვება.
ტალახის წარმოქმნა, რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, მეტად რთული პროცესია. არსებობს სამკურნალო ტალახის სამი სახეობა: ლამისა, ტორფისა და ვულკანური. ისინი ერმანეთისგან რამდენიმე თვისებით (წებოვნებით, პლასტიკურობით, სუნით...) განსხვავდება. ორგანიზმზე მათი ზემოქმედებაც მრავალგვარია.
ტალახი, რომელიც ახტალაში მოიპოვება, მეტად ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, მიალგიის, ქრონიკული გასტრიტის, ღვიძლისა და ნაწლავების ქრონიკული დაავადებების, პიელონეფრიტის, ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დროს, ასევე – პროსტატიტისა და გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.

ჩვენ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, რაგვარ გავლენას ახდენს  საქართველოს მინერალური წყლები გარეგნობაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება გარეგნობაზე, ვგონებთ, ქართული spa რელაქსაციისა და სილამაზის მოტრფიალეთათვის პირდაპირ მისწრებაა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად