ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გულ-სისხლძარღვთა დაავადებები >>ჟურნალი N23
ჰიპერტენზია

თანამედროვე სახლი ელექტროხელსაწყოების გარეშე წარმოუდგენელია, ყოველ მათგანს კი მუშაობისთვის მუდმივი ძაბვა სჭირდება. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ, შეუზღუდავად ისარგებლოთ ცივილიზაციის ამ სიკეთით. და აი, ელექტროგაყვანილობაში რაღაც დაზიანდა – 220-ის ნაცვლად ქსელში 250,  300, 350 ვოლტი მოდის. ასეთ ცვლილებას ჯერ მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი თუ დავაფიქსირებთ, მაგრამ ნებისმიერი ხელოსანი ანდა, უბრალოდ, ელექტროტექნიკის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანი გეტყვით, რომ დროა განგაშის ზარი შემოჰკრათ, თორემ სულ მალე უტელევიზოროდ, უმაცივროდ ან უკომპიუტეროდ დარჩებით…
საქართველოში უეცრად ქვის ხანაში აღმოჩენის პერსპექტივით ვერავის შეაშინებთ – მუდმივ ენერგოკრიზისებს უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ თუ ელექტრომოწყობილობების ადგილას ჩვენსავე ორგანოებს წარმოვიდგენთ, იოლად მივხვდებით, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ძაბვასთან კი არა, სხვა ფიზიკურ პარამეტრთან გვაქვს.
წნევა იმ ზეწოლის ძალაა, რომელსაც ესა თუ ის სითხე ან აირი ჭურჭლის კედლებზე ახორციელებს. სისხლის არტერიულ წნევას ორი კომპონენტი განსაზღვრავს: გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობა და წინააღმდეგობა, რომელსაც ამ ნაკადს სისხლძარღვოვანი ქსელი უწევს.
ძაბვის გარკვეულ მერყეობას ნებისმიერი ხელსაწყო უძლებს. ჯანმრთელ ადამიანსაც, სულ არ არის აუცილებელი, ყოველთვის ერთნაირი წნევა ჰქონდეს. ბარვისა თუ მარათონული რბოლისას მანომეტრი უფრო მაღალ ციფრებს აჩვენებს, ვიდრე მაშინ, როცა, ვთქვათ, მხართეძოზე წამოწოლილი საყვარელ სერიალს ვუყურებთ. ის კი არა, ბოლო დროს ექიმებმა ერთი უცნაური ტერმინიც კი შემოიღეს: “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია”. რას ვიზამთ, ზოგიერთის ორგანიზმში ესკულაპეს მსახურთა უბრალო დანახვაც კი ასეთ რეაქციას იწვევს.
ასეა თუ ისე, ნორმები დაწესებულია. მიიჩნევა, რომ ჯანმრთელი ადამიანის წნევის მაქსიმალური ანუ ზედა მაჩვენებელი (მას სხვაგვარად სისტოლურსაც უწოდებენ, რადგან ის გულის პარკუჭების შეკუმშვის მომენტში წარმოქმნილ წნევას აღნიშნავს) 90-დან 140 მმ-მდე უნდა მერყეობდეს, ხოლო მინიმალური (ქვედა ანუ დიასტოლური) – 60-90 მმ-ის ფარგლებში.
არტერიულ ჰიპერტენზიაზე (მომატებულ წნევაზე) მაშინ საუბრობენ, როცა მაღალი მაჩვენებლები რამდენიმე დღის ან კვირის შუალედით ორჯერ მაინც აღინუსხება, თანაც სავსებით საკმარისია, მხოლოდ ერთი მაჩვენებელი სცდებოდეს ნორმის ფარგლებს.

ჩუმი მკვლელი
წნევამ აგიწიათ, მეზობლი ქალები თავს დაგტრიალებენ და მზრუნველად გიწვდიან წამლებს. შეიძლება, სასწრაფოც გამოიძახონ. ასეა თუ ისე, რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერი რიგზეა. ვალმოხდილი მეზობლები საკუთარ კერას უბრუნდებიან, თქვენ კი ამ უსიამოვნო ეპიზოდს საერთოდ ივიწყებთ.
ერთი წუთით! აი, ამას კი ნამდვილად არ გირჩევთ; მეტიც – ბედი გქონიათ, რომ ვერაგმა სტუმარმა თავი შეგახსენათ; ჰიპერტონიით დაავადებულთა მესამედმა ხომ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცის, თქვენ კი გაფრთხილებული, ესე იგი, შეიარაღებული ბრძანდებით (თუმცა მაინც აჯობებს, ასეთ გაფრთხილებას არ დაელოდოთ და ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ – ისე, ყოველი შემთხვევისთვის – წნევა შეიმოწმოთ).
კეთილი, მიჩუმათებაზე უარი ვთქვით და ექიმს ვეწვიეთ. ახლა? გულსგარეთ უსმენთ მის რეკომენდაციებს, ცხოვრების წესის შეცვლისკენ რომ მოგიწოდებთ, დანიშნულებაც გვარიან თანხას აღწევს… დგახართ აფთიაქის ზღურბლზე და ფიქრობთ, აჰყვეთ თუ არა ამ ფეთიან ექიმებს – თქვენ ხომ ხარივით ჯანმრთელად გრძნობთ თავს, არაფერი გაწუხებთ, არაფერს უჩივით… ოჯახის წევრებს კი საქილიკო თემა გაუჩნდათ – გამოგიჭირათ ექიმმა და ვიღაცის ჯიბეს გამდიდრებინებენო.
გონს მოეგეთ, ბატონებო! დასაწყისში ტყუილუბრალოდ კი არ მოვიყვანეთ ელექტრომოწყობილობათა მაგალითი! თქვენი სისხლძარღვები გარკვეული წნევის პირობებში სამუშაოდ არის შექმნილი, მაღალ ძაბვას დიდხანს ვერ გაუძლებენ, თანაც რაც უფრო მეტხანს დააყოვნებთ მკურნალობის დაწყებას, მით უფრო მეტად ამოწურავენ კომპენსაციური შესაძლებლობების მარაგს და ჩარევაც ნაკლებად ეფექტური იქნება.
ახლა კი, მოდით, უფრო დაწვრილებით შევეხოთ მოსალოდნელ გართულებებს. შეგიძლიათ, ეს ჩამონათვალი ხუმრობის გუნებაზე დამდგარ მეორე ნახევარსაც გააცნოთ – დაე, თვითონ გადაწყვიტოს, რა უფრო იაფი დაუჯდება: ყოველთვიურად შედარებით მცირე თანხის დახარჯვა თუ შემდე ათჯერ და ასჯერ მეტის ერთბაშად გადახდა და ინვალიდის მოვლა.
მაშ ასე, ნებაზე მიშვებულმა არტერიულმა წნევამ შეიძლება:
. დააზიანოს არტერიები;
. გაასქელოს გულის მარცხენა პარკუჭი და გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი;
. გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლძარღვის დაცობა ან გახეთქვა;
. დაასუსტოს და შეავიწროვოს თირკმლის სისხლძარღვები;
. შეავიწროვოს ანდა გახეთქოს თვალის სისხლძარღვები.
განვაგრძოთ? ვგონებთ, საჭირო არ არის. ერთსღა დავურთავთ: თქვენი შეშინება აზრადაც არ მოგვსვლია, მაგრამ ფაქტია – მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაინვალიდდა და გამოესალმა სიცოცხლეს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ისურვა (ან დაიზარა), წნევის სტაბილიზებაზე დროულად ეზრუნა.

მკურნალობა უწამლოდ
თერაპიის მიზანი მხოლოდ წნევის ნორმის ფარგლებში დაბრუნება და იქ დაკავება კი არა, მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილებაც გახლავთ. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, რომ ექიმი აუცილებლად შეაფასებს იმ ორგანოთა მდგომარეობას, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება. გარდა ამისა, გირჩევთ გადაამოწმოთ სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის (უკეთ, მისი ცალკეული ფრაქციების) დონე.
რა თქმა უნდა, წნევის კონტროლისთვის საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო არამედიკამენტური მეთოდია. ექიმები ირწმუნებიან, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულთა მესამედმა ყოველგვარი წამლის გარეშე, მხოლოდ ამ უბრალო ხერხითაც შეძლო დაავადებასთან გამკლავება. ამერიკელი ექიმები, თუ ჰიპერტენზია დროულად გამოავლინეს, თავიდან წამლებს არც კი უნიშნავენ – 3-6 თვე იცდიან და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ცხოვრების წესის გაჯანსაღებით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. მათი რეკომენდაციები ძალიან მარტივია:
. ჯანსაღი კვება. რაციონში ხილი, ბოსტნეული, გადაუმუშავებელი მარცვლეული და რძის ნაწარმი უნდა ჭარბობდეს. ერიდეთ ნაჯერ (ცხოველურ) ცხიმებს.
შეზღუდული ოდენობით (დღეში მაქსიმუმ ერთი ჩაის კოვზი) მიიღეთ სუფრის მარილიც. ნატრიუმის იონები ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობენ ხელს, ეს კი წნევას კიდევ უფრო მაღლა სწევს.
. წონის კონტროლი. თუ ჭარბ წონას უჩივით, 4-5 კილოგრამის დაკლებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს წნევის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად.
. მეტი ფიზიკური აქტივობა. რეგულარული აერობული ვარჯიში ზოგჯერ წონის დაკლების გარეშეც კი ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას. ეფექტისთვის კვირაში ხუთჯერ ნახევარსაათიანი სწრაფი სიარულიც კმარა.
. თამბაქოზე უარის თქმა. ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, აუარესებს სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას.
. ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა. ნუ დალევთ დღეში ორ ჭიქაზე მეტს. თანაც ეს მამაკაცების ნორმაა; ქალებისთვის მხოლოდ ერთი ჭიქაა ნებადართული. ყავასა და კოფეინშემცველ სასმელებს თუ მოერიდებით, თქვენს წნევას ესეც სასიკეთოდ წაადგება.
. მშვიდი ცხოვრება. მოიწესრიგეთ დღის რეჟიმი. ნუ მოინდომებთ, ყველა საქმე ერთბაშად, ერთ დღეში მოაგვაროთ. საქმის ნაწილი სხვებს გადაულოცეთ, ნუ ჩამოშორდებით მეგობრებს, ნუ ეცდებით, წყენა და ბრაზი უსიტყვოდ გადაყლაპოთ. იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ (თუ დილაობით ადრე გიწევთ ადგომა, კეთილი ინებეთ და ცოტა ადრე დაწექით) – გამოძინებულზე ხომ ფიქრიც და მუშაობაც ბევრად უფრო ადვილია.

მძიმე არტილერია
მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ზომები ყოველთვის როდია საკმარისი. მით უფრო – თუ ექიმთან მისვლამდე უკვე წლობით მასპინძლობდით მაღალ წნევას. ასეთ შემთხვევაში თქვენს ჰიპერტენზიას უკვე ქიმიური შეტევა სჭირდება, თუმცა თუ ცხოვრების წესის გაჯანსაღებისთვის ბრძოლას არ მიატოვებთ, წამალი ნაკლები დოზით დაგჭირდებათ, უკეთაც იმოქმედებს და თქვენც უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.
ოციოდე წლის წინ ფართომასშტაბიანი სამედიცინო კვლევა ჩატარდა. რამდენიმე ქვეყნის ათეულობით კლინიკაში ათასობით მაღალწნევიანი ავადმყოფი ორ ჯგუფად დაყვეს. ნახევარს ტრადიციული, წლობით ნაცადი მედიკამენტებით გაუგრძელეს მკურნალობა, დანარჩენებს კი ახალი სქემებით, ახალმიღებული პრეპარატებით. კვლევა დროზე ადრე შეწყდა. ჩვეულებრივ, ასეთ გადაწყვეტილებას ახალი პრეპარატების უეფექტობის ან საშიში გვერდითი მოვლენების შემთხვევაში იღებენ, მაგრამ აჯერად საქმე სხვაგვარად გახლდათ: მეორე ჯგუფში იმდენად შემცირდა ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობა, რომ მკვლევარებმა უსამართლობად მიიჩნიეს, ძველი მედიკამენტებით გაეგრძელებინათ პირველი ჯგუფის მკურნალობა და პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ.
თანამედროვე პრეპარატები, გარდა იმისა, რომ წნევას არეგულირებენ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ორგანოზე, ხელს უშლიან მათ დაზიანებას, თანაც ისინი სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნიან და ერთმანეთისგან განსხვავებული მექანიზმით ზემოქმედებენ, ეს კი ექიმებს საშუალებას აძლევს, ამ მრავალფეროვანი სპექტრიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მედიკამენტი (ანდა მედიკამენტები) შეგირჩიოთ.
ასე რომ, ნუ ანდობთ წამლის დანიშვნას მეზობლებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს და ნურც ის გეგონებათ, რომ ექიმი თქვენს წნევას თქვენს დაუხმარებლად მოერევა. მკურნალობამ მაქსიმალური შედეგი რომ გამოიღოს, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა კიდევ რამდენიმე წესის დაცვა გევალებათ:
. გამუდმებით ადევნეთ თვალყური წნევას. მხოლოდ ასე თუ შეძლებს ექიმი, სწორად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობა და გართულებათა ალბათობა.
. ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. წამლის დალევის დავიწყება, გამოტოვება და რამდენიმედღიანი შესვენება კატეგორიულად გეკრძალებათ. არც კი იფიქროთ, რომ თუ დილით წნევა აწეული არ აღმოგაჩნდათ, წამალი შეგიძლიათ აღარ მიიღოთ! თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა შეამჩნიეთ ან თქვენი ჯიბე წამლის ფასს ვეღარ გასწვდა, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ, რჩევა ექიმს ჰკითხეთ.
გახსოვდეთ: არტერიული ჰიპერტენზიისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დახსნა შეუძლებელია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თავი ინვალიდად იგრძნოთ. დროული და მართებული მკურნალობა საშუალებას მოგცემთ, სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრება განაგრძოთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად