ბაბუაწვერა
(Taraxacum officinale Wigg)

ამ მცენარეს პაწიები მინდვრებში ეძებენ. მოწყვეტენ, სულს შეუბერავენ და ფრიიიი! მაგრამ ბაბუაწვერას მთავარი ღირსება ეს როდია. ამ მცენარით ჯერ კიდევ ავიცენა მკურნალობდა, ხოლო გაცილებით ადრე, ძველ რომში, მისი წვენით ჭორფლის მოცილებას ლამობდნენ.
დღეს ბაბუაწვერა მწვანე აფთიაქის საპატიო წევრია. სამკურნალოდ უმთავრესად მის ფესვს იყენებენ. თუ ფესვს გადატეხავთ, იქიდან რძისებრი სითხე  გამოჟონავს. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მასშია თავმოყრილი ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს ანიჭებს: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, A, B, C, E ვიტამინები, პროტეინები, პოლისაქარიდები.
ბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას (საზოგადოდ, ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა). გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის), გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ. ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დროსაც.
თუ ბაბუაწვერას შეგროვება განიზრახეთ, ასე მოიქეცით: ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე შედგით, გაფილტრეთ და ყლუპობით სვით დღის განმავლობაში.
მეტად სასარგებლოა ბაბუაწვერას “თაფლი”. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ ყვავილი, რომელსაც წინასწარ მოაცილებთ ყვავილსაჯდომს. გარეცხეთ, დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში ჩაყარეთ და რამდენიმე დღე-ღამით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ლიმონის წვენი (შეიძლება კუბებად დაჭრილი ლიმონის ჩაყრაც), 1,5 კგ შაქარი და ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება. დროდადრო ურიეთ. ბაბუაწვერას თბილი სიროფი ჩაასხით ქილებში, დაახურეთ სარქველი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სტერილიზაცია საჭირო არ არის.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად