რამ გამიჩინა წყლული...
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ლორწოვანი გარსის ადგილობრივი, ეროზიასთან შედარებით ღრმა დეფექტებია. წყლულოვან დაავადებას  ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ექიმთა აზრით, მთავარი შეცდომა, რასაც წყლულის მქონე პაციენტები უშვებენ, თვითმკურნალობაა. თანამედროვე მედიცინამ ამ დაავადებასთან დაკავშირებული მრავალი შეხედულება უარყო, რომლებიც ათწლეულების წინ ლამის დოგმებად იყო ქცეული. წყლულოვან დაავადებას თანამედროვე ჭრილში “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი თენგიზ თელია გაგვაცნობს.

– ბატონო თენგიზ, რას ნიშნავს პეპტიკური წყლულოვანი დაავადება?
– პეპტიკური წყლულოვანი დაავადება (პწდ) არის პროცესი, რომლის დროსაც კუჭის წვენი ორგანოს ლორწოვან გარსს აზიანებს და წყლულების წარმოქმნას იწვევს. წყლული ყველაზე ხშირად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება, მაგრამ შესაძლოა, სხვაგანაც გაჩნდეს – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ისეთ უბანში, სადაც კუჭის წვენი თავის აგრესიულ მოქმედებას ამჟღავნებს, მაგალითად, საყლაპავში გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ან წვრილ ნაწლავში.
– როგორია პეპტიკური წყლულოვანი დაავადების სტატისტიკა?
– პწდ-ის დიაგნოზს ყოველწლიურად მსოფლიოს მოსახლეობის 0,1-0,3%-ს უსვამენ. ასაკთან ერთად დაავადების გამოვლენის სიხშირე იმატებს. წინათ ის მამაკაცებში უფრო ხშირად აღირიცხებოდა, მაგრამ ბოლო ხანს სქესთა შორის თანაფარდობა გათანაბრების ტენდენციას ამჟღავნებს.
საქართველოს სინამდვილეში პწდ-ის გავრცელების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ძნელია. შემიძლია მხოლოდ, შემოგთავაზოთ აშშ-ის მონაცემები, სადაც 309-მილიონიან მოსახლეობაში ყოველწლიურად პწდ-ის 4 მილიონი შემთხვევა აღირიცხება, ხოლო ამ დაავადების გართულების ფონზე სიკვდილიანობა 15 ათასს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაავადების სიხშირემ იკლო, მასთან ასოცირებული გართულებების პროცენტული მაჩვენებელი იგივე რჩება.
– რა იწვევს დაავადებას?
– პწდ-ის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზეზია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დამცავ და აგრესიულ ფაქტორებს შორის არსებული დისბალანსი უკანასკნელთა სასარგებლოდ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პწდ მხოლოდ იმ შემთხვევაში კი არ ყალიბდება, როცა აგრესიული ფაქტორები აქტიურობენ, არამედ მაშინაც, როცა დამცავი ფაქტორების ეფექტურობა მცირდება.
– რომლებია ლორწოვანისადმი აგრესიული, წყლულის ხელშემწყობი ფაქტორები?
– აგრესიული ფაქტორები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ.
ენდოგენურ ანუ შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება კუჭის წვენის მჟავა გარემო, კუჭის წვენში შემავალი პეპსინი, ნაღვლის მჟავები და სხვა.
ეგზოგენური ანუ გარეგანი ფაქტორებია სპეციფიკური ბაქტერიით Helicobacter pylori-თ ინფიცირება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  პრეპარატების მიღება, სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება, თამბაქოს წევა და სხვა.
რაც შეეხება სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს, თანამედროვე მედიცინამ მათი მნიშვნელობა გადააფასა. მაგალითად, გაირკვა, რომ ათწლეულების წინანდელი შეზღუდვები და ტრადიციული დიეტური რეჟიმები პწდ-ის მართვის დროს უეფექტოა. მიუხედავად იმისა, რომ ყავა და მუქი ჩაი უხვად შეიცავს კოფეინს და კუჭის წვენის სეკრეციას აძლიერებს, თანამედროვე ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ამ პროდუქტების მიღება არ ზრდის პწდ-ის განვითარების რისკს. საკამათოა ემოციურ სტრესთან პწდ-ის კავშირი, ისევე როგორც გენეტიკური განწყობა მის მიმართ. ტრადიციულად, მიაჩნდათ, რომ I ჯგუფის სისხლის მატარებლებს პწდ-ის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მატარებლებს. აღნიშნული თეორია მტკიცებულებათა სიმწირის გამო სამედიცინო წრეებში აღარც კი განიხილება.
– რა ნიშნებით ვლინდება პეპტიკური წყლულოვანი დაავადება?
– პწდ უსიმპტომოდაც შეიძლება მიმდინარეობდეს, დისპეპსიური ფორმითაც (რომელიც ტკივილით, დისკომფორტით, სიმძიმის შეგრძნებით, გულისრევით ვლინდება) და ძლიერი ეპიგასტრული (მუცლის) ტკივილებითაც. დაავადების კლასიკური ფორმისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილის აღმოცენება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. საკვების, მჟავადამაქვეითებელი პრეპარატის ან მინერალური, სოდიანი წყლის მიღების შემდეგ ტკივილი, წესისამებრ, სუსტდება.
საკმაოდ ხშირია ღამის ტკივილებიც, რომელიც პაციენტს ჩაძინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღვიძებს. აქვე უნდა ითქვას, რომ კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვან დაავადებას რამდენიმე დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი აქვს, რომელიც მეტ-ნაკლებად ეხმარება ექიმს დაავადებაზე ეჭვის მიტანაში. მაგალითად, თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც წესი, საკვების მიღების შემდეგ ტკივილი ხშირად ნელდება, მაგრამ 3-4 საათის შემდეგ კვლავ იჩენს თავს, კუჭის წყლულის შემთხვევაში კი ხშირად, საკვების მიღება ტკივილს აძლიერებს.
– რა საფრთხეს უქადის წყლული ჯანმრთელობას და რით შეიძლება გართულდეს იგი?
– გარდა იმისა, რომ პწდ დისკომფორტს იწვევს, არსებობს სისხლდენის განვითარების საშიშროებაც. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც კუჭის წყლულს უკავშირდება, არის სიმსივნური გადაგვარების რისკი. ცნობილია, რომ კუჭის წყლულების 5% სიმსივნური გადაგვარების პოტენციალს ატარებს. პწდ-ს ძირითადი გართულებები კი ასეთია:
. სისხლდენა (ჰემორარგია), უფრო ზუსტად, სისხლის ჟონვა დაზიანებული კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანიდან. სისხლდენა ზოგჯერ უმნიშვნელოა,  პაციენტისთვის შეუმჩნეველი, ზოგჯერ, შედარებით მსხვილი კალიბრის სისხლძარღვის დაზიანებისას – მასიური.
. კუჭის ან თორმეტგოჯას პერფორაცია ანუ გახვრეტა და შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა;
. პენეტრაცია ანუ წყლულისა და ანთებითი პროცესის ფონზე კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მეზობელ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალში, მსხვილი ნაწლავში, ღვიძლში) გახსნა;
. სტენოზი, ანუ კუჭის ბოლო ნაწილისა და თორმეტგოჯას დეფორმაციული შევიწროება, რომელიც საკვების ნორმალურ გადაადგილებას უშლის ხელს.
თუ ადამიანს პწდ-ის ეჭვი გაუჩნდა, უმჯობესია დროზე მიმართოს გასტროენტეროლოგს და საქმე გართულებამდე არ მიიყვანოს, დაავადების გართულების შემთხვევაში კი მისი მართვა ექიმებმა უნდა აიღონ ხელში. თვითნებური მკურნალობა ან ლოდინის ტაქტიკია გამოყენება დაუშვებელია. ასეთ დროს გასტროენტეროლოგი ენდოსკოპისტსა და, თუ საჭიროა, ქირურგთან ერთად შეიმუშავებს დაავადების მართვის ტაქტიკას.
– ხომ არ დაკარგა რენტგენოსკოპიამ დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გასტროსკოპიის შემოღების შემდეგ?
– პწდ-ის საბოლოო დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად გასტროსკოპიული კვლევაა მიჩნეული. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიურ კვლევასთან შედარებით მას ორი უპირატესობა აქვს: პირველი _ მისი მგრძნობელობა გაცილებით მაღალია, და მეორე _ გასტროსკოპული კვლევის დროს შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება, რაც რენტგენოლოგიური კვლევის დროს ვერ ხერხდება. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში მკურნალი ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ამჯობინებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა კუჭისა და თორმეტგოჯას ანატომიური თავისებურებების დადგენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პწდ-ის 90% კუჭში ბაქტერია H. pylori-ს არსებობას უკავშირდება, რომლის დიაგნოსტირებაც სხვადსხვა ტესტსისტემის მეშვეობით ხდება. ასე რომ, წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ტაქტიკა პაციენტმა კი არ უნდა შეარჩიოს, არამედ მისმა მკურნალმა ექიმმა, რომელიც მთელი პროცესის მართვაზე აგებს პასუხს.
– რას გულისხმობს წყლულის კონსერვატული მკურნალობა და როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?
– თუ დაავადება ინფექციურ გამომწვევ H. pylori-ს უკავშირდება (და სწორედ ასეა ათიდან 9 შემთხვევაში), მაშინ სამკურნალოდ ირჩევა ერადიკაციული თერაპიის სქემა, რომელსაც მკურნალი ექიმი იმ უახლესი მეთოდური რეკომენდაციების გათვალისწინებით ადგენს, რომლებსაც წამყვანი გასტროენტეროლოგიური ასოციაციები გვთავაზობენ, – ასეთი სქემები განკურნების 80-90%-იან გარანტიას იძლევა, – ხოლო თუ პწდ სხვა მიზეზით აღმოჩნდა გამოწვეული, მკურნალობა შესაბამისი მიმართულებით უნდა წარიმართოს. ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯას ეროზიების, წყლულების რამდენიმე მიზეზი იკვეთება. ასეთ შემთხვევებს კვალიფიციური მართვა სჭირდება.
როდესაც მედიკამენტური თერაპია უშედეგოა, ტკივილი არ ქრება, წყლული არ ხორცდება და სისხლდენის საშიშროება მაღალია, ტარდება ოპერაციული მკურანლობა. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა საჭირო გახდეს პწდ-ის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი გართულების გამოც.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ტრადიციული დიეტური რეჟიმები პწდ-ის დროს უეფექტოა, მაგრამ ხომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები?
– პაციენტს განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა დანიშნული მედიკამენტების გვერდითი მოვლენების გათვალისწინება. სასურველია, პაციენტმა მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, უარი თქვას ნიკოტინის მოხმარებაზე და ალკოჰოლიც, თუ სხვა უკუჩვენება არ აქვს, ზომიერად მიიღოს.
– რას გულისხმობს პწდ-ის პროფილაქტიკა?
– ცხოვრების ჯანსაღ წესს, პწდ-ისთვის დამახასიათებელი ჩივილების დროს ექიმთან დროულად მისვლას, თვითმკურნალობაზე უარის თქმას და დაავადების მართვაში მეგობრების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციების ნაცვლად კვალიფიციური გასტროენტეროლოგისგან მიღებული რჩევების გათვალისწინებას.
 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად