ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>მავნე ჩვევები >>ჟურნალი "ავერსი"
რჩევები თავის დანებების მსურველთათვის

     უამრავი სხვადასხვა სტაჟის მწეველი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ბორკილების გაწყვეტა სავსებით შესაძლებელია. მაშ, რა აუცილებელია ელოდოთ, ვიდრე უმძიმესი დაავადების დიაგნოზს დაგისვამენ ანდა ინფარქტი დაგემართებათ? მთავარია მოინდომოთ და არც მიზეზის პოვნა გაგიჭირდებათ და საკუთარ თავში საამისო ძალასაც აუცილებლად აღმოაჩენთ.
   იმას როდი ვამბობთ, რომ ბრძოლა არ მოგიწევთ ანდა ძალზე ადვილად გაიმარჯვებთ; თამბაქოს ერთ-ერთ ალკალოიდს ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც, ვთქვათ, კოკაინს ან ჰეროინს. ასე რომ, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებული ხდება. სულ რამდენიმე კვირაც რომ ეწეოდეთ და მერე თამბაქოს წევას ერთბაშად დაანებოთ თავი ან საგრძნობლად მოუკლოთ, ეს სიმპტომები მაინც იჩენს თავს. აღკვეთის სინდრომი ბოლო სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე საათში დაიწყება და პიკს 2-3 დღეში მიაღწევს, სულ კი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდება.
   აი, უსიამოვნებების ჩამონათვალი:
- თავბრუხვევა (მხოლოდ 1-2 დღე);
- იმედგაცრუების ან ბრაზის განცდა;
- გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევები;
- კონცენტრირების გართულება;
- მოუსვენრობა;
- თავის ტკივილი;
- ადვილად დაღლა;
- მადის მომატება.
   მწეველთა 70-90% ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ძველ მეგობარს ვერ ელევა, სწორედ ეს სიმპტომებია.
   დაგვეთანხმებით, თამბაქოსთვის თავის დანებება იმდენად სასარგებლოა, რომ რამდენიმედღიანი, თუნდაც რამდენიმეკვირიანი რთული პერიოდის გადალახვა ნამდვილად ღირს, თუმცა ესეც არ არის აუცილებელი. სპეციალური ნიკოტინშემცველი მედიკამენტები (ტაბლეტები, აეროზოლები, პლასტირები, საღეჭი რეზინები) ჩამოთვლილ სიმპტომებს შეასუსტებს.
  ნუ გამოიყენებთ ჩანაცვლებით თერაპიას, თუ მოწევისთვის თავის დანებებას არ აპირებთ. ნიკოტინის გაორმაგებული დოზა ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

პრობლემის თავიდათავი
   რა სასარგებლოც უნდა იყოს პლასტირები თუ ტაბლეტები, ისინი მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულების გაწყვეტაში დაგეხმარებათ. მთავარი პრობლემა კი გონებაში ძევს და მას თქვენს გარდა ვერავინ მოერევა, თუმცა ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემენ.
  პირველი და მთავარი შეკითხვაა, როგორ დავანებოთ თავი – ერთბაშად თუ თანდათანობით. სტატისტიკა ამტკიცებს რომ პირველი გზა უფრო ეფექტურია, თუმცა სჯობს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯამდე საფუძვლიანად მოემზადოთ.
   აირჩიეთ თავის დანებების დღე. დაამთხვიეთ ის რაიმე პირად დღესასწაულს. ამერიკაში თამბაქოს მიტოვების ეროვნული დღეც კი ჰქონიათ (ყოველი წლის ნოემბრის მესამე ხუთშაბათი). შეგიძლიათ, ალალბედზეც შემოხაზოთ ნებისმიერი დღე კალენდარში. სჯობს, თარიღი მომდევნო თვეშივე იყოს. თუ უფრო მეტხანს იფიქრებთ, ამასობაში შეიძლება გადაიფიქროთ კიდეც. მეორე მხრივ, ცოტა დრო ნამდვილად დაგჭირდებათ, ბრძოლის სტრატეგია რომ შეიმუშაოთ. უთხარით ყველას – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს. სთხოვეთ დაგეხმარონ, ანდა ნუ გაცდუნებენ მაინც. ყველაფერთან ერთად, სიტყვის გატეხისა მოგერიდებათ და ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება თქვენთვის. თავის დანებების დღემდე კი ყოველი სიგარეტის მოწევისას აღნუსხეთ  ზუსტი დრო, ჩაიწერეთ, როგორ გრძნობდით თავს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს სიგარეტი ხუთბალიანი სკალით. თუ ძალიან არ გინდათ, სჯობს, არ მოსწიოთ. თან ნუ ატარებთ კვესსა და ასანთს, სიგარეტიც სადმე შორს გადადეთ. ნუ შეიძენთ ახალ კოლოფს, ვიდრე ძველს ბოლომდე არ დაცლით. ეცადეთ, 24 საათი თამბაქოს გარეშე გაძლოთ, არჩეულ დღეს კი მოწევა სრულიად შეწყვიტეთ. სიგარეტი და ასანთი მოისროლეთ, სანთებელა და საფერფლე დამალეთ.
   თავს მოცალეობის უფლებას ნუ მისცემთ – ისეირნეთ, ივარჯიშეთ, თეატრში წაბრძანდით.  ეძებეთ სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივა – საღეჭი რეზინი, საწუწნი კანფეტი.

სძლიე ცდუნებას
   არ გაგიკვირდეთ – აუცილებლად აგეკვიატებათ აზრი, რომელიც იმ წუთს სრულ სიმართლედ მოგეჩვენებათ. ეს თქვენი ფსიქიკა ცდილობს გაჯობოთ და გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ. ასე რომ, წინასწარ გაეცანით მათ ანდა ჩამოწერეთ და მოგვიანებით გამოაცალეთ საძირკველი. არ აჰყვეთ – იცოდეთ, ეს ტყუილია.

- ახლა იმდენად გამოუვალ ვითარებაში ვარ, რომ აუცილებლად უნდა გავაბოლო.
- დღეს შეუფერებელი დროა, თავს ხვალ დავანებებ.
- მარტო მე ხომ არ ვეწევი?..
- მართლა ასეთი მავნეა? პაპაჩემი ბავშვობიდან ეწეოდა და 100 წლამდე იცოცხლა.
- ოდესმე მაინც ხომ უნდა მოვკვდე.
- უსიგარეტოდ ცხოვრებას რა აზრი აქვს?
   თუ მაინც გიმტყუნათ ნერვებმა და თამბაქოსკენ გაგექცათ ხელი, გახსოვდეთ: ერთი სიგარეტი მწეველთა რიგში ვერ დაგაბრუნებთ. თვითგვემასა ნუ მიეცემით, განაგრძეთ გადაგდების მცდელობა, თან იმაზე დაფიქრდით, რატომ მოსწიეთ და როგორ აარიდებთ თავს მომავალში ამგვარ ცდუნებას. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ პირველსავე ცდაზე სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან ცოტას თუ გამოსდის. ბევრს რვა-ათი ცდაც კი სჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ ნურც მთლად მარკ ტვენს დაემსგავსებით, რომელიც ირწმუნებოდა, სიგარეტისთვის თავის დანებება იოლზე იოლია, ეს ერთი ათასჯერ მაინც მაქვს გაკეთებულიო.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად