ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>უროლოგია, ანდროლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N64
უცნაური მამაკაცური დაავადებები


ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მამაკაცისთვის მნიშვნელოვანი ორგანოების ტოპხუთეული გამოვაქვეყნეთ. საპრიზო ადგილები კუჭმა, ტვინმა, ღვიძლმა, ყურებმა და გულმა გაიყვეს. თითოეული მათგანის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ, იმ ორგანოს კი, პირველ რიგში რომ გაგახსენდათ, უპირობო ლიდერობის გამო ვერც კონკურსი ვაკადრეთ და ვერც მნიშვნელობასა თუ დანიშნულებაზე ზედმეტი ლაპარაკი. ამ საკითხების განხილვით არც დღეს შეგაწყენთ თავს. ალბათ ისიც მშვენივრად იცით, რომ თვითნებობა უყვარს და ტვინის დიქტატს მაინცდამაინც არ ემორჩილება, თუმცა ეს რა მოსატანია იმ უცნაურობასთან, ზოგჯერ რომ ემართება. მსგავს შემთხვევებში საქმე სახუმაროდ აღარ არის...

პიონერული სალამი
ძლიერ სქესს ამ ორგანოს თვითნებობაზე მეტად ინერტულობა აწუხებს. მუდმივ მზადყოფნას ვინმე რომ უჩიოდეს, იშვიათად თუ გაიგონებთ. პირიქით,  ოცნებასავით ჟღერს და ალბათ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იმიტომაც მიაწერა ადამიანმა მსგავსი თვისება ბერძნულ-რომაულ ღმერთს პრიაპუსს. ამ უკანასკნელზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჰერმესისა თუ დიონისეს შვილია. უზარმაზარი და მუდამ მზად მყოფი ავლადიდება მისთვის ისეთივე ღვთაებრივი ატრიბუტია, როგორიც ზევსისთვის მეხი და პოსეიდონისთვის სამკაპი. ის კი არა, სიგრძის კონკურსში სახედარსაც გასჯიბრებია. როგორც მოსალოდნელი იყო, საწყალი ვირი ამ ამბავს გადაჰყვა, თუმცა გამარჯვებული (როგორ გამიბედეო) თუ დამარცხებული (თავი ვინ გეგონაო), ვერ გეტყვით – ლეგენდები ამ კონკრეტულ საკითხში ვერ თანხმდებიან. კონკურსს გადაყოლილი ყროყინას თანამოძმემ კი ყროყინით ერთ-ერთი ნიმფა მაშინ გააფრთხილა, ოლიმპოს უკვდავი (მერე რა, რომ გამოძევებული) ბინადარი მიპარვას და გაუპატიურებას რომ უპირებდა. ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ პრიაპუსს გულის მოსაგებად სწორედ ვირებს სწირავდნენ მსხვერპლად.
ვირთმოძულე ღვთაება ნახირის, ხეხილის და, რაღა თქმა უნდა, მამაკაცის გენიტალიების მფარველი ყოფილა.
რამდენად შედეგიანი იყო ვირების მსხვერპლად შეწირვა, ვერ გეტყვით, ხსენებული ღვთაების სეხნია დაავადება კი მოკვდავთათვის საკმაოდ მტკივნეული და საშიშია. არც ნაზ გრძნობებთან აქვს რამე საერთო და ვნებასთან და სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს. საბედნიეროდ, არც ისე ხშირია – საერთაშორისო სტატისტიკით, ყოველ 100 000 კაცზე 1.5 შემთხვევას ვხვდებით.

როგორ? ნორმაში რა ხდება, ალბათ იცით, პრიაპიზმის დროს კი ეს ყველაფერი ყოველგვარი სტიმულირების გარეშე ხდება, თანაც საათობით გრძელდება. პათოლოგია ორ მექანიზმით შეიძლება განვითარდეს: ან ვენებმა თქვან უარი მღვიმოვანი სხეულების დაცლაზე, ან არტერიებმა არ შეწყვიტონ დიდი რაოდენობით სისხლის მიწოდება. პირველი ანუ იშემიური ვარიანტი უფრო საშიშია.
რატომ? მიზეზი სისხლში, სისხლძარღვებში ან ნერვებში მომხდარი ცვლილებაა. პრიაპიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიაა. ამ თანდაყოლილი პათოლოგიის დროს ანომალიური ფორმის ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) წარმოიშობა და სისხლის სხვადასხვა ორგანოში მიმოქცევას აფერხებს.
სისხლის სხვა დაავადებებიდან დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს თალასემიამ, ლეიკემიამ.
 ნერვების გაღიზიანება და მუდმივი ერექცია სისხლის გაძლიერებული მიწოდების გამო შესაძლოა გამოიწვიოს ზურგის ტვინის, გენიტალიების, მენჯის ან შორისის დაზიანებამ.
პრიაპიზმი შესაძლოა მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისა თუ მედიკამენტის გვერდითი ეფექტიც იყოს. ყველაზე ხშირად ასეთი რეაქცია პრეპარატის ინტრაკავერნოზულ (სასქესო ასოში) ინექციას (ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ) მოჰყვება. ზოგჯერ ასეთივე ეფექტი აქვს სქესობრივი დარღვევების, ფსიქოზების, დეპრესიის სამკურნალო, წნევის დამწევ ან სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს.
ჭარბი ალკოჰოლი და ნარკოტიკები (კოკაინი, ჰაშიში, ექსტაზი) ასევე შეიძლება იქცეს სასქესო ასოს არაადეკვატური რეაქციის მიზეზად.
პრიაპიზმი ასევე შეიძლება გამოიწვიოს გაფანტულმა სკლეროზმა, შაქრიანმა დიაბეტმა, თრომბოზმა, ზოგიერთი მორიელის ან ობობას ნაკბენმა.
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ექიმები მიზეზს ვერ პოულობენ.
რას გვიქადის? იშემიის დროს, თუ საქმეში ექიმები დროულად არ ჩაერივნენ, შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოს ერექციის უნარი, დეფორმაცია განიცადოს, მძიმე შემთხვევებში კი განგრენა განვითარდეს და ასოს მოკვეთა გახდეს აუცილებელი. არაიშემიური პრიაპიზმი მსგავს გართულებებს არ იწვევს და ხშირად თავისთავად გაივლის.
რა ეშველება? თუ ექიმთან მოხვედრამდე 4 საათზე მეტია გასული და პრიაპიზმი იშემიურია, პირველ რიგში ადგილობრივი გაუტკივარებით მღვიმოვანი სინუსებიდან სისხლს შპრიცით ამოტუმბავენ. რამდენიმე საათის შემდეგ პროცედურას შესაძლოა გამეორება დასჭირდეს. საჭიროებისამებრ ინიშნება მედიკამენტები, ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ. მთავარი, როგორც გითხარით, დროის ფაქტორია. ცოტა ხნის წინ სკანდინავიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თუ იშემიური პრიაპიზმის მოხსნა 24 საათზე ნაკლებ ხანში მოხერხდა, ავადმყოფთა 92%-ს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ემუქრება, შვიდ დღეზე მეტხანს (!) გაგრძელებული პრიაპიზმის შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22%-მდე იწევს.

მიგრეხილ-მოგრეხილი
ღმერთებიდან, მოდი, მეფეებზე გადავიდეთ და მისი უდიდებულესობა ლუი XV-ის პირად ექიმზე ფრანსუა ჟიგო დე ლა პეირონიზე ჩამოვაგდოთ სიტყვა. სწორედ მას ვუმადლით სასქესო ასოს კიდევ ერთი უცნაურობის შესახებ მონოგრაფიის დაწერას, თანაც ისე ვუმადლით, რომ სნეულებას დღემდე მისი სახელი შემორჩა. რაც შეეხება მუზას, ექიმს ეს საგმირო საქმე რომ შთააგონა, მისი ვინაობის შესახებ ისტორია ჯიუტად დუმს: შესაძლოა, ეს პეირონის გვირგვინოსანი პაციენტი იყო, შესაძლოა, თავად ექიმი... მოკლედ, თუ ერთ დილით, მოშარდვისას, სასქესო ასო უცნაურად მოხრილ-მოგრეხილი მოგეჩვენათ და აქამდე ასე მარტივმა რეფლექსურმა მოქმედებამ საშინლად გაგაწამათ, შეგიძლიათ, პეირონს მოკითხვა შეუთვალოთ. თანაც ეს პათოლოგია არცთუ იშვიათია – სხვადასხვა მონაცემებით, 1-დან 23%-მდეც კი მერყეობს. დაზღვეული არც ერთი მამაკაცი არ არის, მაგრამ 40 წელს გადაცილებულებს და, ზოგიერთი ცნობით, კავკასიელებს თურმე განსაკუთრებით ემტერება. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რაკი საქმე მამაკაცურ სიამაყეს ეხება, ზოგი პაციენტი ექიმთან არც კი მიდის, ამიტომ აღწერილ-აღნუსხული შემთხვევები მხოლოდ ზღვაში წვეთიაო.
როგორ? ამ შემთხვევაში საქმე სასქესო ასოს შემაერთებელქსოვილოვან ნაწილს, უფრო ზუსტად, თეთრ გარსს ეხება. სწორედ მის სიღრმეში, უფრო სწორად, თეთრი გარსის ზედა ზედაპირისა და ძგიდის საზღვარზე წარმოიქმნება ფიბროზული ფოლაქები. ელასტიკურობას მოკლებული ნაწიბუროვანი ქსოვილი დაბერილ-აღგზნებულ სხვა ნაწილებს ვეღარ მიჰყვება, ამიტომაც ერექციისას სასქესო ასო იხრება, მისი პატრონი კი, ფოლაქის ზომისდა მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს უჩივის. თუმცა ფოლაქის (ან ფოლაქების) ზომასა და მდებარეობასაც გააჩნია – შესაძლოა, მისი (მათი) არსებობა ერეგირებული ასოს გამრუდებით კი არა, ჩანაჭდევებით გამოვლინდეს. თუ ასეთი რამ ერთდროულად ზედა ზედაპირზეც გაჩნდა და ქვედაზეც, შესაძლოა, ასომ ბოთლის ფორმა მიიღოს ან დაპატარავდეს.
რატომ? აი, ეს კი ზუსტად არავინ იცის. მრავალი ექსპერტი დაავადებას ასოს მცირე ტრავმებს უკავშირებს. ვთქვათ, მშფოთვარე სქესობრივი ცხოვრებისას (თუ ასოს მეტისმეტად მოუხდა გადახრა ან პარტნიორის ბოქვენის ძვალს მიეჭყლიტა) ან სათესლე ჯირკვლებში ბურთის მოხვედრისას თეთრ გარსში შესაძლოა მცირე სისხლჩაქცევები გაჩნდეს. ჩაქცეულმა სისხლმა იმუნური სისტემის ჯარისკაცები მოიზიდოს და ანთებითი პროცესი დაიწყოს,  რამაც, არ არის გამორიცხული, ფიბროზამდე მიიყვანოს საქმე. თუმცა მთელი ამ კასკადის დაწყებას და ტრავმაზე მსგავს რეაქციას, როგორც ჩანს, გენეტიკური ფაქტორებიც განაპირობებს.
სამაგიეროდ დადგენილია, რომ ამ დროს გაჩენილ ფოლაქებს არც ათეროსკლეროზთან და არც სიმსივნურ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს.
რას გვიქადის? ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ თავადაც მიხვდებით: დაავადება სქესობრივ ცხოვრებას ნამდვილად უქმნის საფრთხეს, მაგრამ თუ სამედიცინო ლიტერატურას დავუჯერებთ, ავადმყოფთა დიდი ნაწილი სექსის ფრონტზე მოღვაწეობას ძველებურად (ყოველ შემთხვევაში თითქმის ძველებურად მაინც) განაგრძობს.
რა ეშველება? საშველი არსებობს, ოღონდ კონსერვატიული (არაქირურგიული) თერაპიის ეფექტურობის შესახებ ზუსტი ცნობები ჯერჯერობით არ მოიპოვება. სამკურნალოდ იყენებენ ვიტამინებს თუ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, შესაბამისი პრეპარატების ასოსშიდა ინექციებს... თუ სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიეს, ქირურგიას მიმართავენ. როგორც ნებისმიერი ოპერაციის წინ, პლიუსებსა და მინუსებს ამ შემთხვევაშიც საგულდაგულოდ უნდა გათვლა. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ოპერაცია გაიკეთოს თუ არა, ამას თავად პაციენტი წყვეტს. თუმცა მრავალი ექსპერტი გვირჩევს, დაავადების დაწყებიდან 12 თვე მაინც მოვიცადოთ – ასიდან 12-13 შემთხვევაში დაავადება თავისთავად იკურნება.

უკან, სათავეებისკენ
სინამდვილეში სათავეებისკენ კი არა, გვერდზე, მოსახვევში, მაგრამ ამაზე – ქვემოთ. ექიმები ამ პათოლოგიას რეტროგრადულ ეაკულაციას უწოდებენ. თქვენ შეგიძლიათ მშრალი ორგაზმიც დაარქვათ. ასეც ხდება: თითქოს ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდის, ოღონდ კულმინაციურ მომენტში თესლი არ ინთხევა.
როგორ? შარდსადენის ორმაგი ფუნქციის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ორგაზმის დროს შარდის ბუშტის ყელთან არსებული კუნთები რეფლექსურად იკუმშება, ამიტომაც თესლგამომტანი სადინარიდან მომავალ სპერმას მხოლოდ ერთი გზა უნდა რჩებოდეს – გარეთ, პარტნიორისკენ. სწორედ ამ კუნთების ან მათ ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნერვების პათოლოგიასთან გვაქვს საქმე რეტროგრადული ეაკულაციის დროს.
რატომ? პათოლოგია შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტზე ან წინამდებარე ჯირკვალზე ქირურგიულმა ჩარევამ; მსგავსი გვერდითი ეფექტი აქვს ზოგიერთ პრეპარატს, ჰიპერტენზიის, პროსტატის ჰიპერპლაზიის ან დეპრესიის სამკურნალოდ რომ ინიშნება; ხსენებული ნერვების დაზიანება შესაძლოა თან ახლდეს შაქრიან დიაბეტს, გაფანტულ სკლეროზს, ზურგის ტვინის ტრავმას.
რას გვიქადის? თუ შვილების ყოლას აღარ აპირებთ, ისეთს არაფერს, ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს კი ხშირად იწვევს.
რა ეშველება? გააჩნია მიზეზს. მედიკამენტებზე ასეთი გვერდითი რეაქციისას გამოსავალი წამლის შეცვლაა (შეგახსენებთ: ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ექიმს აქვს). ისეთი წამლებიც არსებობს, შარდის ბუშტის ყელს ეაკულაციის დროს დახურვას რომ აიძულებს. ისინი ნერვის დაზიანებისას უფრო სანდოა. თუ რეტროგრადული ეაკულაცია შარდის ბუშტის ანატომიის შეუქცევადმა ცვლილებამ, მაგალითად, მასზე გაკეთებულმა ქირურგიულმა ოპერაციამ გამოიწვია, შესაძლოა, სპერმა ბუნებრივ გზას ვეღარც დაუბრუნდეს, თუმცა თანამედროვე მედიცინას ხელოვნური განაყოფიერებისთვის სპერმის აღება შარდის ბუშტიდანაც შეუძლია. უცხოური სამედიცინო ლიტერატურა გვარწმუნებს, რომ მსგავსი პათოლოგიის მქონე მამაკაცთა უმრავლესობას მკურნალობის შემდეგ შვილი უჩნდება.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად