ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>დერმატოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N36
ნამზეურის მწარე შედეგები

      დღეს მზეთუნახავი ქალიც კი ძნელად მოიძებნება, მამაკაცი ხომ ვის გაუგონია. რა დასამალია – ჩვენ გვიყვარს მზე. მისი სხივები კარგ განწყობაზეც გვაყენებს და გვალამაზებს კიდეც. სამწუხაროდ, ეს სიყვარული ორმხრივი არ გახლავთ. შორეული, მცხუნვარე ქალბატონი ზოგს მეტად ერჩის, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ერჩის უკლებლივ ყველას. გამონაკლისი არც თქვენ ბრძანდებით, განსაკუთრებით – თუ ბუნებამ თეთრი და ფითქინა გაგაჩინათ. ნურც შავგრემნები ჩათვლით, თავი ქუდში გვაქვსო – საფრთხე თქვენც გემუქრებათ, თუმცა საგრძნობლად ნაკლები.
    არ გეგონოთ, ზიანი მხოლოდ კანით შემოიფარგლება, თუმცა რაკი პირველი ბარიერია, თანაც – ამხელა ფართობის მქონე, რა გასაკვირია, რომ პირველ დარტყმას სწორედ ის იღებს. თანაც ამ ყბადაღებული ოზონის ხვრელის გამო ულტრაიისფერი გამოსხივება წლიდან წლამდე იმატებს. კანის კიბოს შემთხვევებმა ლამის ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწიოს.
    მოგეხსენებათ, მზე ყველაფერს “სწორად მოეფინება”, ჰოდა, თითქოს რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მისთვის, ქალის კანი დახვდება თუ კაცისა... არადა, ჰქონია – მამაკაცებში კანის კიბო ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.
ამ სტატისტიკის ახსნა არც ისე ძნელია: მამაკაცებს მზეზე მეტხანს უწევთ ყოფნა, თავს არ უვლიან, ექიმთანაც ძალით თუ წაათრევთ კაცი.
    უბრალო სტატისტიკა:
- მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე არამელანომური კიბოსა და 130 000-მდე მელანომის დიაგნოზს სვამენ. მელანომით დაავადებულთა უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული თეთრკანიანი მამაკაცია.
- 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში კანის კიბო პირველ ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის და სიხშირით პროსტატის, ფილტვის და ნაწლავის კიბოსაც აღემატება.
- არამელანომური სიმსივნეები ძლიერ სქესს კიდევ უფრო მეტად ეტანებიან და არც ახალგაზრდებზე ამბობენ უარს.
მძიმე სტატისტიკას მამაცი გულის მქონე მელ გიბსონი ისე შეუშფოთებია, თურმე სანაპიროზე დიდი ქილით დააქვს დამცავი კრემი და საკუთარი ხელით უსვამს ყველა დაუდევარს.
მალიბუს  პლაჟზე ნებივრობა მრავალ ჩვენგანს არ მოუწევს, ამიტომ კეთილ ინებეთ და აბეზარი მზისგან თავის დაცვაზე თვითონ იზრუნეთ. მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია:
. თუ შეძლებთ, დილის 11-დან საღამოს 4 საათამდე შენობაში დარჩით – ამ დროს მზის სხივები განსაკუთრებით მწველია.
. გენდერული დისკრიმინაცია განსაკუთრებით თავის თმიანი ნაწილის კანსა და ყურებზე აისახება. შეთხელებული ქოჩორი ზაფხულის უფრო გრილად გატარების საშუალებას კი იძლევა, მაგრამ კანს დაუცველს ტოვებს, ამიტომ მეტი გზა არ არის – ქუდი უნდა დაიხუროთ. მართალია, სულ არარაობას ნამდვილად სჯობს, მაგრამ კეპი მაინც არ ითვლება – შუბლის გარდა ვერაფერს იცავს.  უმჯობესია, ფართოფარფლებიანი ტილოს პანამა (ჩალისა მზის სხივებს ისე კარგად ვერ აკავებს) შეიძინოთ.
. თვალის ირგვლივ ნაზი კანი განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს, ამიტომ აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე, ოღონდ შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ლინზები ყოველგვარი UV სხივების 99-100%-ს აკავებს. უპირატესობა მომრგვალებულ, სახეზე მჭიდროდ მიკრულ მოდელებს მიანიჭეთ.
. რა საგულდაგულოდაც უნდა შეინიღბოთ, კანს მზეს მთლიანად მაინც ვერ დაუმალავთ. აი, ამიტომ არის საჭირო ზემოხსენებული მელ გიბსონის საყვარელი ხერხი.
დერმატოლოგების მოთხოვნით, ყველა ხარისხიან კრემს ეტიკეტზე აუცილებლად აწერია სპეციალური ინდექსი SPF – Sun Protection Factor (მზისგან დამცავი ფაქტორი). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, ისეთი კრემები შევიძინოთ, რომელთა SPF ინდექსი 15 ან მეტია. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს და სწორად იმ რაოდენობით და ინტენსივობით წაისვით, როგორიც მასზეა მითითებული.
. ჩაამუქეთ მანქანის სალონის უკანა და გვერდითი მინები. ეს თქვენც დაგიცავთ, თქვენს მგზავრებსაც და სავარძლების ტყავსაც კი.
. საწყალ კანს დამზიანებლად მზეც ეყოფა, ამიტომ ახლავე შეწყვიტეთ მოწევა.
. ეს ყველაფერი კანის კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებს, მაგრამ ნულამდე, რა თქმა უნდა, ვერ დაიყვანსამიტომ ნუ დაიზარებთ და თვეში ერთხელ კანი დაითვალიერეთ. მთელ ტანს ვგულისხმობთ – კისრითა და ყურებით დაწყებული, ფეხისგულებით დამთავრებული (ალბათ მიხვდით: სარკის გარეშე ეს საქმე არ გამოვა).
ხალის შეფასებისას კანის კიბოს ნიშნების აღმოჩენას ABCDE წესი გაგიადვილებთ. ეს ანბანური აბრევიატურა ინგლისელებმა იმისთვის მოიგონეს, რომ ამ ნიშნების დამახსოვრება უფრო იოლად შევძლოთ. მოდით, ჩვენც ვისწავლოთ (წესი და ინგლისური ერთად).
A asymmetry – თუ ხალის ერთ ნახევარს მეორისგან განსხვავებული ზომა და მოყვანილობა აქვს;
B border – საზღვრები წაშლილი ან დაკბილულია;
C color – ფერი შეიცვალა, გამუქდა ან გაბაცდა, ანდა ერთდროულად რამდენიმე ფერად არის შეღებილი;
D diameter – დიამეტრი 5 მმ-ზე (ფანქრის ბოლოზე) მეტია;
E elevation – კანის ზედაპირიდან ამობურცულია და ხორკლიანი ზედაპირი აქვს.
    საეჭვო ნიშნის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, კიბოს არ ნიშნავს, თუმცა დერმატოლოგთან სასწრაფოდ გაქცევის საბაბს ნამდვილად გაძლევთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად