ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ალერგოლოგია იმუნოლოგია >> ჟურნალი "ავერსი" N62
ტესტები ალერგიის დასადგენად

ამ დაავადებაზე არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენი ჟურნალის მუდმივმა მკითხველებმა იციან, რომ ბილ კლინტონი, რობერტო ბაჯო, მარტინ სკორსეზე, ლაიზა მინელი, შერონ სტოუნი, ჯონი დეპი ამ სენით იტანჯებიან. პირველად ანტიკურ ეპოქაში აღწერეს, თუმცა სახელი მხოლოდ  გასულ საუკუნეში  დაარქვეს, მიმდინარე კი, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, სულაც მის საუკუნედ იქცევა. უკვე დღეს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 20-40% ალერგიით არის ავად.
ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ, რომ ალერგიის დროს ორგანიზმი წრეგადასულ რეაქციას ავლენს ზოგიერთ ნივთიერებაზე, რომელიც მივირთვით, ჩავისუნთქეთ ან შევეხეთ (თუმცა, მაგალითად, წამალი შესაძლოა ორგანიზმში ინექციის საშუალებითაც მოხვდეს), უშუალო დამნაშავე კი ყოველთვის აშკარა და ადვილად ამოსაცნობი როდია. არც ის არის გამორიცხული, საყვარელ ძაღლს გულისტკივილით შეველიოთ, დამნაშავე კი ტარაკნის დერივატი ან ობის სოკო აღმოჩნდეს... ალერგენის უშუალო მიზეზის დადგენა თავიდან გვაცილებს მძიმე გართულებებს, საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად შევარჩიოთ მკურნალობის გეგმა. ყოველივე ამის შემდეგ აღარ გაგიკვირდებათ, გამოკვლევას ესოდენ დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ, თუმცა ალერგიის სადიაგნოზო ყველა მეთოდი თუ ტესტი, მეტი რომ არ ვთქვათ, ერთნაირი სიზუსტით არ გამოირჩევა, ამიტომ თუ საკმარისი ცოდნა არ გვექნა, შესაძლოა, დროც და თანხაც სულ ტყუილად დავკარგოთ.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ალერგოლოგი ნიკოლოზ ჯორბენაძე:

– ალერგიული დაავადებების საყოველთაო გავრცელებასთან დაკავშირებით ალერგიის დიაგნოსტიკა უფრო და უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში. რომელ მეთოდს ამჯობინებს ალერგოლოგი, თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად ვიყენებთ კანის სინჯებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ და შედარებით მარტივ მეთოდს. ამ გზით საკმაო სიზუსტით შეგვიძლია გამოვავლინოთ მცენარეული, ეპიდერმული (ცხოველის კანსა და მის დანამატებთან – ბეწვთან, ქერტლთან დაკავშირებული) და შენობის (მაგალითად, ოთახის მტვრის ტკიპის) ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იგივე ტესტები ინფორმაციულია წამლისმიერი ალერგიის დროსაც, კვებითი ალერგენების მიმართ კი შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა.
– რა მნიშვნელობა აქვს მედიკამენტური ალერგიის წინასწარ დიაგნოსტიკას და როდის არის ის აუცილებელი?
– ბოლო ხანს წამლისმიერი ალერგიებიც ძალიან გახშირდა. ამას ხელი შეუწყო მედიკამენტების (არცთუ იშვიათად – გაურკვეველი წარმომავლობის  წამლების) არაკონტროლირებადმა და არარაციონალურმა გამოყენებამ. წამლისმიერი ალერგია ხშირად ძალიან მძიმე შედეგით, სიკვდილითაც მთავრდება. ასეთი გართულებების პრევენციისთვის, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი ალერგიის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გვქონდეს. ამ მიზნითაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად სწორედ კანის ალერგიულ ტესტებს იყენებენ, თუმცა ამ გზით ყველა მედიკამენტის შემოწმება ვერ ხერხდება. ყველაზე ხშირად ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობას ვამოწმებთ. შრატებსა და ვაქცინებთან ერთად ყველაზე ხშირად სწორედ ეს პრეპარატებია ალერგიული გართულებების მიზეზი, ამიტომ მათ გამოყენებამდე ალერგიული სინჯის გაკეთებას ყველას ვურჩევდი.
– რა პრინციპი უდევს საფუძვლად კანის ალერგიულ სინჯს? როგორია ტესტირების პროცედურა?
– პრინციპი მარტივია: კანში მცირე დოზით შეგვყავს ალერგენი და რეაქციას ვაკვირდებით. გაწითლება, ამობურცვა და ქავილი ალერგიაზე მეტყველებს. თუმცა კანის სინჯები შესრულების ტექნიკით ერთმანეთისგან განსხვავდება. სკარიფიკაციული მეთოდი ანუ ალერგენის კანში გაკაწვრით შეყვანა უკვე მოძველებულად ითვლება, რადგან ნაკაწრის სიღრმისა და, შესაბამისად, კანში მოხვედრილი ალერგენის კონტროლი ძალიან ძნელია. დღეს უმეტესად კანის პრიკ-ტესტირებას მიმართავენ: კანი იჩხვლიტება სპეციალური ლანცეტით, რომელიც შემზღუდავი შვერილების გამო კანში ყოველთვის თანაბარ სიღრმეზე ჩადის და დოზის კონტროლის პრობლემაც ნაკლებად იჩენს თავს.
რასაკვირველია, ალერგიული სინჯის ჩატარებისას დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მიღებული შედეგი სწორედ ორგანიზმის ალერგიულ განწყობას ასახავს ანუ რეაქციას, ვთქვათ, უშუალოდ ჩხვლეტა არ იწვევს ან კანი, მიუხედავად ალერგიული განწყობისა, რაიმე მიზეზით არეაქტიული არ არის. ამისთვის პრიკ-ტესტირებისას ალერგენამდე კანში ეგრეთ წოდებული დადებითი და უარყოფითი კონტროლი შეგვყავს. პირველი ჰისტამინის (ორგანიზმში წარმოქმნილი და ალერგიულ პროცესებში მონაწილე ერთ-ერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება) 0.1%-იანი ხსნარია, მეორე კი ნატრიუმის ქლორიდის (სუფრის მარილის) 0.9%-იანი ხსნარი. თუ დადებითი კონტროლის ადგილას კანზე გარკვეული ზომის წითელი კვანძი არ წარმოიქმნა ან, პირიქით, მსგავსმა რეაქციამ მარილიან ხსნარზე იჩინა თავი, იმ დღეს ალერგიული სინჯის გაკეთებას აზრი არ აქვს და პროცედურა  ორი დღით გადაიდება.
– თუ შეიძლება, კანის ალერგიულ სინჯს რაიმე გართულება მოჰყვეს? თუ კი, რა უნდა გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად?
– როგორც უკვე გითხარით, ამ ტესტების ჩატარებისას კანში ალერგიის პოტენციური გამომწვევები შეგვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ორგანიზმში  ალერგენის ძალიან მცირე დოზა ხვდება, მძიმე სისტემური რეაქციებისგან დაზღვეულნი მაინც არ ვართ. მაგალითად, ცნობილია, რომ ყოფილა შემთხევვები, როდესაც ანაფილაქსიური შოკი (უკიდურესად მძიმე ალერგიული რეაქცია) პენიცილინის სუნსაც კი გამოუწვევია. ამის თავიდან ასაცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის დაწვრილებით გამოკითხვას (როგორც ექიმები ვიტყვით, ანამნეზის გულდასმით შეკრებას). ამასთანავე, ტესტი აუცილებლად სპეციალიზებულ კაბინეტში უნდა ჩატარდეს, სადაც ყველა პირობაა შექმნილი გართულების შემთხვევაში ავადმყოფისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად.
– ზოგჯერ პედიატრები ანტიბიოტიკის ინექციის დანიშვნისას მშობლებს ურჩევენ, შვილს წამლის ძალიან მცირე დოზა კანქვეშ თავად შეუყვანონ. რას იტყოდით ასეთ პრაქტიკაზე?
– ასეთი რამ დაუშვებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. მშობელს არც სათანადო ცოდნა გააჩნია, არც გამოცდილება და აღჭურვილობა (დადებითი და უარყოფითი კონტროლი, სტანდარტიზებული ალერგენები, პრიკ-ტესტირების ლანცეტები…). თანაც კანის სინჯის დროს მედიკამენტი კანში შეგვყავს და არა კანქვეშ, ამას კი მშობელი ვერ მოახერხებს.
– რამდენად შესაძლებელია კონკრეტული ალერგენის გამოვლენა სისხლის ანალიზით?
– სისხლის ანალიზებიდან ამ მიზნით ყველაზე ხშირად სპეციფიკური IgE-ს (E კლასის იმუნოგლობულინების) განსაზღვრას მიმართავენ. იმუნოგლობულინებს ორგანიზმის გენეტიკური მუდმივობის ანუ ყოველივე უცხოსთან მებრძოლი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს დაუპატიჟებელ სტუმრებთან საბრძოლველად, E კლასი კი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ეს ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ძვირადღირებული მეთოდია მცენარეული, ეპიდერმული, ოთახის მტვრის ტკიპების, საკვების, ობის, სოკოს ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოსავლენად. გამოკვლევას წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტიკისთვისაც ვიყენებთ, ოღონდ მხოლოდ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების ალბათობის დასადგენად. ამავე დროს IgE-ს დაბალი მაჩვენებელი ამ ტიპის რეაქციას არ გამორიცხავს.
– ალერგიის დასადგენ რომელ ტესტებს არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი?
– თუ კლინიკურ დაკვირვებას არ ჩავთვლით, ალერგიის გამომწვევების დასადგენად მეცნიერული საფუძვლის მქონე და პრაქტიკაში დანერგილი ტესტები, ფაქტობრივად, ზემოხსენებული ორი მეთოდით ამოიწურება. ყველა სხვა მეთოდი, შეიძლება ითქვას, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვაა. მაგალითად, წამლისმიერი ალერგიის დასადგენად საბჭოთა ეპოქაში ფართოდ იყენებდნენ და საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩა ეგრეთ წოდებული ლეიკოციტოლიზის რეაქცია (სისხლის თეთრი უჯრედების დაშლა ალერგენთან კონტაქტისას). სინამდვილეში არასპეციფიკურობისა და ხშირი ცდომილების გამო ამ მეთოდმა პრაქტიკული მნიშვნელობა კარგა ხანია დაკარგა და მას ევროპის არც ერთი ქვეყანა არ ცნობს.
– როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა, ალერგიის დასადგენ ღირებულ მეთოდს სთავაზობენ თუ საეჭვოს?
– კანის ტესტების ჩატარებისას ყურადღება მიაქციეთ შესრულების ტექნიკას (კაწრავენ თუ სპეციალური ლანცეტით ჩხვლეტენ), დადებითი და უარყოფითი კონტროლის გამოყენებას. რაც მთავარია, იმ ექიმს და კლინიკას მიმართეთ, სადაც მხოლოდ მეცნიერულად გამართლებულ და თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად