ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ბავშვის კვება >>ჟურნალი "ავერსი" N62
როგორ შევარჩიოთ ბოთლი

შუშისა, პლასტმასისა, სარქვლიანი, უსარქვლო, ჭიქის მსგავსი... საბავშვო ბოთლი ათასნაირია, მაგრამ ფუნქცია ყველას ერთი და უნივერსალური აქვს – პაწიას გამოკვება.
პირველყოფილი ბოთლები საქონლის რქისგან მზადდებოდა, ყელზე კი საწოვარას მაგივრად ცხოველის ტყავი ჰქონდა წამოცმული. XVII საუკუნეში  ჭურჭლისთვის ტყავსა და ხეს იყენებდნენ. XVIII საუკუნეში დიდგვაროვანთა შვილებისთვის ლითონისგან სპეციალური ნავის ფორმის ჭურჭელი იქმნებოდა, რომელსაც “ფაფის ნავუკას” ეძახდნენ. მას ტუჩი, სახელური და სადგამი ფეხი ჰქონდა და თანამედროვე სამურაბეს ჩამოჰგავდა. ლითონი ფაიფურმა შეცვალა, ფაიფური – შუშამ... შემდეგ საკმაოდ რთული აგებულების ბოთლები შეიქმნა და უზომოდ დიდი რაოდენობით გავიდა გაყიდვაში. როგორც ჩანს, პიარი მაშინაც მუშაობდა – ნათურის ფორმის შუშის ბოთლებს, რომელშიც შუშისავე მილი იყო ჩადგმული და თავზე რეზინის საწოვარა ჰქონდა წამოცმული, უცნაური, უთუოდ ყურადღების მისაპყრობი სახელები შეარქვეს: “დედიკოს ნებიერა”, “იმპერია”, “პრინცესას ოცნება” ... მართალია, ეს ბოთლები დიზაინითაც სჯობდა წინამორბედებს და გაცილებით მოხერხებულიც იყო, მაგრამ ჰიგიენური არც ისინი აღმოჩნდა – ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების დიდი ნაწილი ორ წლამდე იხოცებოდა, რაშიც სწორედ უსუფთაო ჭურჭელს სდებდნენ ბრალს. ამის გამო შავი პიარიც აგორდა: ბავშვის ბოთლებს “ქილერები” შეარქვეს, რაც, დაგვეთანხმებით, არცთუ ისე მადის აღმძვრელად ჟღერს.
საზოგადოდ, პირველყოფილი ბოთლები ნაკლებად ჰგავდა თანამედროვე ანალოგებს, სხვა დანიშნულების ჭურჭლისგან მათი გარჩევა ძნელი იყო, ამიტომაც ეტიკეტზე თვალში საცემი ასოებით ეწერა: “გამოიყენეთ მხოლოდ ბავშვის გამოსაკვებად!”
შედარებით დახვეწილი, თანამედროვეს მსგავსი ვარიანტი XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, თუმცა ვიწრო ყელი ჰქონდა, ამიტომ გასარეცხად ძალიან მოუხერხებელი იყო. 50-იან წლებში კი შეიქმნა განიერყელიანი ბოთლები სხვადასხვა ფორმის საწოვრებით. მათ სარქვლიანი ბოთლები მოჰყვა...

ბოროტი ჯინის ამბავი
აქამდე ბავშვებს ლამპარში გამომწყვდეული ჯინის შესახებ უყვებოდნენ ზღაპარს, ამიერიდან კი დედიკოებსა და ბებიკოებს ზღაპრის შინაარსის შეცვლა მოუწევთ: ამერიკელი მკვლევარები გვარწმუნებენ, ბავშვის კვებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლებში ძალიან საშიში ჯინი ზის, რომელიც ტემპერატურის მომატებისას აქტიურდებაო. ბოროტ ჯინს ბისფენოლი A შეარქვეს. ეს სინთეზური ესტროგენი ყოფილა, რომელსაც ზოგიერთი სახეობის პლასტმასა შეიცავს. ბისფენოლი A, გარდა ბავშვის საკვები ბოთლებისა, დაკონსერვებული პროდუქტის ჭურჭლის, კომპაქტდისკების, სამედიცინო მოწყობილობების შემადგენლობაშიც შედის.
აშშ-ში უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებიც ბისფენოლ A-ს მავნეობაზე მეტყველებს. მათ შორის ყველაზე დამაჯერებელი 2003-2004 წლებში ჩატარებული კვლევა აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განახორციელა. გამოკვლეულთა 93%-ს შარდში ბისფენოლი A აღმოაჩნდა. ამ ნივთიერების ნეგატიურ ეფექტზე კი ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემდეგ ალაპარაკდნენ, თუმცა არც ერთ მეცნიერს დღემდე არ დაუდგენია, რომ პლასტმასის ბოთლის გამოყენების შედეგად ბავშვს ჯანმრთელობა შერყეოდა. ჯერ მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ბისფენოლი A უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე.
კვლევებს რეკომენდაციებიც უხვად მოჰყვა. მთავარი რეკომენდაცია კი ასე ჟღერდა: მწარმოებლებმა გაყიდვიდან ამოიღონ ბისფენოლის შემცველი პროდუქცია, ხოლო საკანონმდებლო ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი კანონი, რომელიც ამ ნივთიერების გამოყენებას არეგულირებსო.
რჩევები მშობლებსაც მისცეს:
. უპირატესობა მიანიჭეთ იმ ბოთლებს,  რომელთა შემადგენლობაში (მითითებულია კოლოფზე ან ეტიკეტზე) ბისფენოლი და პოლიკარბონატი არ შედის. ასეთი პლასტმასაც არსებობს, მაგრამ თუ პლასტმასის ბოთლებისადმი ნდობა საბოლოოდ დაგეკარგათ, შუშისა შეიძინეთ.
. თუ მაინც პლასტმასის ბოთლს იყენებთ, ცხელ მასას ნუ ჩაასხამთ, ნურც ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ და ნურც გამოხარშავთ – ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ბისფენოლი A გამოიყოფა.
FDA-მ კი შეშფოთებულ მშობლებს ასეთი რჩევა მისცა: დაბეჯითებით ჯერ ვერავინ იტყვის, ახდენს თუ არა ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას პლასტმასის ბოთლი, მაგრამ თუ ბისფენოლის არსებობა მაინც გაშინებთ, პლასტმასის ნაცვლად შუშის ბოთლები გამოიყენეთო.

უფრო კომფორტული რომ იყოს
თითქოს ამაზე ადვილი რა უნდა იყოს: მოშივდება თუ არა ჩვილს, ჩაუდებ პირში საწოვარაწამოცმულ რძით სავსე ბოთლს... მაგრამ ისეც ხდება, რომ პაწია მსუნაგს კუთვნილი ულუფის მიღება უჭირს.
კვება კომფორტული რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, პატარა მოხერხებულად უნდა მოკალათდეს და არამც და არამც არ უნდა იწვეს. ბოთლი ისე უნდა გეჭიროთ, რომ საწოვარა მუდმივად სავსე უნდა იყოს საკვებით. ზოგიერთი ჩვილი შეუსვენებლად წოვს, ვიდრე ბოთლს მთლიანად არ დაცლის, ზოგიერთს კი დროდადრო ამოსუნთქვა და ნაყლაპი ჰაერის ბუშტუკებისგან გათავისუფლება სჭირდება. ამ შემთხვევაში ბავშვი ვერტიკალურად დაიჭირეთ და დაელოდეთ, ვიდრე არ დააბოყინებს. საზოგადოდ, სასურველია ბოთლს სარქველი ჰქონდეს, რომელიც ჰაერს აკავებს, მაგრამ თუ არ აქვს, ნუ ინაღვლებთ. კუჭში ჰაერის დაგროვება იმდენად ბოთლის კონსტრუქციაზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ბავშვის წოვის თავისებურებაზე. საზოგადოდ, ბოთლში ჰაერის არსებობა პაწიას წოვას უადვილებს. შეამჩნევდით: შეიჭმუხნება თუ არა საწოვარა ანუ ამოიტუმბება თუ არა ბოთლიდან ჰაერი, პატარას რძის გამოწოვა უჭირს. ამ შემთხვევაში ბოთლს საწოვარა მოხსენით და ხელახლა გაუკეთეთ.
რძე ბოთლში არც ცხელი უნდა იყოს და არც მეტისმეტად გრილი. შესამოწმებლად რძე ხელის ზურგზე დაიწვეთეთ.
მნიშვნელობა აქვს საწოვარას ნახვრეტის ზომასაც. შეუსაბამოდ დიდი ზომის ნახვრეტიდან ბოთლის პირქვე დაჭერისას რძე ნაკადად მოედინება. ამ დროს ბავშვს ჩქარ-ჩქარა ყლაპვა უწევს და შესაძლოა, სასულეშიც გადასცდეს. პაწიას არც მეტისმეტად ვიწრო ნასვრეტი მოეწონება, რადგან რძის გამოსაწოვად მეტი ძალისხმევა დასჭირდება, ეს კი დაღლის და შესაძლოა, ბოთლიდან ჭამაზე საერთოდ უარიც თქვას. თუ დაყირავებული ბოთლიდან წვეთიც არ გადმოდის, ესე იგი, ნასვრეტი შეუსაბამოდ პატარაა. მისი გაფართოება გაცხელებული ნემსით გახლავთ შესაძლებელი. ისიც შეიძლება, საწოვარას რამდენიმე ნასვრეტი გაუკეთდეს.
ადეკვატური ზომის ნასვრეტიდან ბოთლის გადმობრუნებისას რძე თავდაპირველად შესაძლოა, ნაკადად გადმოედინოს, მაგრამ მალევე წვეთ-წვეთად იწყებს დენას. ასეთი საწოვარიდან პაწია თავის ულუფას დაახლოებით 20 წუთში ითვისებს.
რაც შეეხება შენახვის ვადას: დედის რძის მაცივარში შენახვა 24 საათის განმავლობაში შეიძლება, მაგრამ როცა გამოიღებთ, პაწიამ მაქსიმუმ ორ საათში უნდა აითვისოს. მაცივრიდან ორი საათზე მეტი ხნის წინ გამოღებული რძის დალევა სასურველი არ არის – მასში ბაქტერიები იწყებს გამრავლებას. ოპტიმალური გადაწყვეტა: მაცივრიდან რძიანი ბოთლი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე გამოიღეთ, რომ შეთბობა მოასწროს.
ნარევებისა და სხვა ხელოვნური საკვების მაცივარში შენახვა რეკომენდებული არ არის, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ასეც შეგიძლიათ მოიქცეთ. დაიხსომეთ: ამგვარი საკვების ოთახის ტემპერატურაზე ნახევარ საათზე მეტხანს დაყოვნება არასასურველია.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად