ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ნევროლოგია, ფსიქიატრია >>ჟურნალი "ავერსი" N58
გულყრის მიზეზები


გულყრა ყოველთვის ეპილეფსიას არ ნიშნავს
გულყრა უხსოვარი დროიდან აბნევდა ხალხს და გაურკვევლობას თესავდა: ხან ღმერთების დაღი ეგონათ, ხან – ბნელი ძალებისა. დღესაც კი, მედიცინის  არნახული წინსვლის მიუხედავად, ბევრს გულყრად მხოლოდ კრუნჩხვა მიაჩნია და ამ სიმპტომსა და ეპილეფსიას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. რამდენად მართებულია ჩვენი წარმოდგენა, რომელი ნიშნები მოითხოვს ნევროლოგთან გადაუდებელ ვიზიტს და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შემთხვევით გულყრის შემსწრე გავხდით? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგი მაკა მანია:

– ქალბატონო მაკა, რამდენად ხშირია გულყრა? არის თუ არა ის ყოველთვის ეპილეფსიის გამოვლინება?
– გულყრა არცთუ იშვიათი მოვლენაა. მოსახლეობის 9%-ს (ფაქტობრივად ყოველ მეათე-მეთერთმეტე ადამიანს) სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება ამა თუ იმ სახის გულყრა. ეპილეფსია გაცილებით იშვიათია – დაახლოებით 1-3%-ში გვხვდება. ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის განმარტებით, ეპილეფსიაა მდგომარეობა, რომელსაც განმეორებადი არაპროვოცირებული გულყრების განვითარება ახასიათებს.
– ესე იგი შესაძლოა, გულყრა პროვოცირებულიც იყოს. რა იწვევს არაეპილეფსიურ გულყრებს და რამ შეიძლება შეასრულოს პროვოკატორის როლი?
– მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა იქცეს მაღალი ტემპერატურა, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სისხლში შაქრის ან კალციუმის დონის დაქვეითება, ფსიქოემოციური სტრესი, ზოგიერთი ინფექცია, ინტოქსიკაცია  (მაგალითად, ნარკოტიკებით) და სხვა. ამ ფაქტორების ზემოქმედებით გულყრა შეიძლება ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს განუვითარდეს.
ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად სპაზმოფილურ და ფებრილურ გულყრებს ვხვდებით. პირველის მიზეზი სისხლში კალციუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციის  დაქვეითებაა, მეორისა კი მაღალი ტემპერატურა. სპაზმოფილური გულყრები უმეტესად ჩვილებს ემართებათ რაქიტის ფონზე, ფებრილური კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფებრილური გულყრა უფრო ხშირია: ყოველი 25 ბავშვიდან ერთს ემართება, მათ მესამედზე მეტს კი არაერთხელ. ასაკის მატებასთან ერთად გულყრები თავისთავად წყდება, თუმცა ამ ბავშვებს მომავალში ეპილეფსიის განვითარების თანატოლებზე ოდნავ მეტი ალბათობა აქვთ (მინდა, აქვე დაგამშვიდოთ: ამ ბავშვების 95-98%-ს ეპილეფსია არ განუვითარდება). თუ ფებრილური გულყრა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, კრუნჩხვამ სხეულის მხოლოდ ნაწილი მოიცვა, 24 საათის განმავლობაში ორი და მეტი ფებრილური გულყრა განვითარდა და ამასთანავე, ბავშვს ნევროლოგიური დარღვევებიც (მაგალითად, ცერებრული დამბლა) აქვს, ეპილეფსიის განვითარების ალბათობა კიდევ უფრო იმატებს.
არაეპილეფსიური გულყრების დაახლოებით 20-30% ფსიქოგენური გულყრების წილად მოდის (წინათ მათ ისტერიულ გულყრებს უწოდებდნენ). ამ ტიპის გულყრა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული საფუძველი არ გააჩნია, ძალიან წააგავს ეპილეფსიურ გულყრას და ამის გამო ხშირად არასწორად აფასებენ. ასეთი პაციენტების 75-85% ქალია, რომელთა უმრავლესობას ემოციური  დარღვევები – დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ჰიპოქონდრია (დაავადების მომატებული შიში) – აღენიშნება. ხშირია ასეთი გულყრები სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის შემდეგ. დიაგნოსტიკას ისიც ართულებს, რომ ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს როგორც ეპილეფსიური, ისე არაეპილეფსიური, ფსიქოგენური გულყრები.
– ასეთი გულყრების დროსაც ხანგრძლივი კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობაა საჭირო?
– პროვოცირებული გულყრის განმეორების ალბათობა მინიმალურია, ამიტომ ასეთ პაციენტებს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა უტარდებათ. იგივე ითქმის ფებრილურ და სპაზმოფილურ გულყრებზეც, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. მაგალითად, საპზმოფილური გულყრის დროს მხოლოდ ელექტროლიტების (კალციუმისა და მაგნიუმის) დონის მოწესრიგებაც საკმარისია.
სხვა საქმეა, როცა მაპროვოცირებელი ფაქტორი თავის ტვინში იმგვარ ანატომიურ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც განმეორებითი გულყრების მიზეზად იქცევა. ეს უკვე პროვოცირებული გულყრა კი არა, სიმპტომური ეპილეფსიაა. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის, ინსულტის, თავის ტვინზე ჩატარებული ზოგიერთი ოპერაციის შემდეგ. მაგალითად, ქალა-ტვინის მძიმე დახურული ტრავმის შემდეგ უბედური შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში მისვლამდე განვითარებული გულყრა, ბუნებრივია, პროვოცირებულია, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ თავჩენილი სპონტანური განმეორებადი გულყრები უკვე სიმპტომური ეპილეფსიაა და ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას მოითხოვს.
– რა სახის კვლევებს იყენებთ დიაგნოზის დასადგენად და რამდენად სარწმუნოა მათი შედეგი?
– ეპილეფსიის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), რომელიც თავის ტვინის ბიოელექტრულ აქტივობას შეისწავლის. კვლევა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პაციენტის თავზე თავსდება ელექტროდები, რომლებიც აპარატთან არის შეერთებული. ეეგ-ს ცვლილებები ყველაზე ინფორმაციული სწორედ ეპილეფსიის დროს არის, ზოგჯერ მისი ფორმის დადგენის საშუალებასაც კი გვაძლევს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეპილეფსიით დაავადებულს ეეგ-ზე დამახასიათებელი ცვლილებები არ უვლინდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ანუ, როგორც ექიმები ვუწოდებთ, ანამნეზი.
ხშირად პაციენტებს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც ვურჩევთ. ამ გამოკვლევით თავის ტვინის შრეობრივ- სტრუქტურულ ანატომიას შევისწავლით და ეპილეფსიის შესაძლო მიზეზის დადგენას ვცდილობთ.
– ხალხი გულყრას მხოლოდ კრუნჩხვას და გულის წასვლას უწოდებს, მაგრამ მედიცინა სხვა სახის გულყრებსაც იცნობს...
– კრუნჩხვითი გულყრა მართლაც ადვილი დასამახსოვრებელია: ადამიანი ეცემა, გონებას კარგავს, მთელი ტანით იჭიმება, შესაძლოა, ხმამაღლა წამოიყვიროს, კრიჭა ეკვრის, გარკვეული ხნით სუნთქვას წყვეტს, ლურჯდება, კიდურებისა და თავის სწრაფი და უნებლიე მოძრაობები ეწყება, პირზე დუჟი ადგება, უნებლიეთ იშარდავს.
გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, ხშირად შეუმჩნეველიც კი, არაკრუნჩხვითი გულყრა. მისი ერთ-ერთი სახესხვაობაა აბსანსი (მცირე გულყრა). ამ დროს პაციენტი წამიერად შეშდება, თითქოს მზერა ეყინება, ცნობიერებას კარგავს, მაგრამ არ ეცემა. ცნობიერება მალევე აღდგება, ადამიანი ჩვეულებრივ განაგრძობს საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარაო, და ვერც კი ხვდება, რომ გულყრა ჰქონდა. დღის განმავლობაში აბსანსი შეიძლება რამდენიმე ათეულჯერაც კი აღმოცენდეს, გარშემო მყოფებს კი დაავადებული უბრალოდ გონებადაფანტული და უყურადღებო ჰგონიათ. რთულ გულყრას მზერის გაყინვასა და ცნობიერების შეცვლასთან ერთად სხვა თანმხლები ნიშნებიც აქვს – თვალების ხამხამი, პირის წკლაპუნი... თანაც შედარებით ხანგრძლივია – ჩვეულებრივ, ათ წამზე მეტხანს გრძელდება.
აბსანსი უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. 18 წლისთვის ამ ბავშვების უმრავლესობა სავსებით იკურნება. ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება მიოკლონური გულყრებიც. ეს არის თავის, ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების ძალიან სწრაფი წამიერი შეკრთომა შეუცვლელი ცნობიერების ფონზე და, ჩვეულებრივ, დილაობით ვლინდება.
ასევე ძალიან საინტერესო ფენომენია რთული პარციალური გულყრა. ის აბსანსზე გაცილებით ხანგრძლივია – 30 წამიდან 2 წუთამდე გრძელდება, არც ცნობიერება აღდგება გულყრის შემდეგ სრულყოფილად როგორც აბსანსის შემთხვევაში – პაციენტი გაბრუებული ან დაღლილი რჩება. რთულ პარციალურ გულყრას წინ უძღვის ერთგვარი წინასწარი პერიოდი – აურა (მაგალითად, უცნაური შეგრძნება მუცელში). ის ადამიანს საშუალებას აძლევს, მოემზადოს კიდეც გულყრისათვის, ვთქვათ, დაჯდეს და წაქცევას გადაურჩეს. გულყრის დროს ცნობიერება მხოლოდ ნაწილობრივ იცვლება: შესაძლოა, ადამიანმა დაძახებისას მოიხედოს, მაგრამ პასუხის გაცემას ვერ შეძლებს. თვალები გახელილი აქვს და ერთი შეხედვით მიზანმიმართულ მოძრაობებს ასრულებს, მაგალითად, ტანსაცმელს წიწკნის (თითქოს რაღაცას აშორებს), პირს აწკლაპუნებს, სავარძლის სახელურს ხელების სჭიდებს, ფეხებს ისე ამოძრავებს, თითქოს ველოსიპედი მიჰყავდეს, ზოგჯერ რომელიმე სიტყვას ან ფრაზას იმეორებს, იცინის, ტირის, ყვირის... სინამდვილეში საკუთარ საქციელს ვერ აცნობიერებს, ყოველივე ამის შესახებ ან ფრაგმენტული მახსოვრობა რჩება, ან საერთოდ არაფერი ახსოვს. არის შემთხვევები, როცა გულყრის დროს პაციენტი საშიშ ქმედებას სჩადის, მაგალითად, გადადის ქუჩაზე, იხევს ტანსაცმელს... ამის გამო რთული პარციალური გულყრის შემდეგ პაციენტი ფსიქიატრთანაც კი შეიძლება მოხვდეს. ასეთი გამოვლინება უმთავრესად საფეთქლის წილის ან შუბლის წილის ეპილეფსიას ახასიათებს.
– როდის არის აუცილებელი, ნევროლოგს მივმართოთ, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
– კონვულსიური გულყრები თავისთავად იქცევს ყურადღებას და ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა ასეთი გულყრაც შეიძლება გამოგვეპაროს, თუ ეპიზოდს ვერავინ შეესწრო, ხოლო თავად პაციენტს მომხდარი არ ახსოვს. ამ შემთხვევაში ძნელია იმაზე მსჯელობა, რა სახის შეტევა ჰქონდა ადამიანს, თუმცა არსებობს ნიშნები (ენის მოკვნეტა, ჩაშარდვა და სხვა), რაც ექიმს დიაგნოსტიკაში ეხმარება.
გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს არაკონვულსიური გულყრები. როგორც უკვე მოგახსენეთ, ისინი შესაძლოა შეუმჩნეველიც კი დარჩეს ირგვლივ მყოფებისთვის. აბსანსებს ხშირად პირველად მასწავლებლები აქცევენ ყურადღებას და მშობლებს ბავშვის უგულისყურობის გამო საყვედურობენ. როცა მიზეზი მართლაც ყურადღების დეფიციტია, ბავშვი მეტ-ნაკლებად თავის გონებაგაფანტულობასაც აცნობიერებს და თავის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსაც, აბსანსების დროს კი ის გარესამყაროს ისე ეთიშება, რომ ვერ აღიქვამს. თუ ბავშვს თვალი გაუშტერდა და დავუძახეთ, თუნდაც არ მოგვხედოს, მაგრამ მოგვიანებით გვითხრას, რომ დაძახილი ახსოვს, აბსანსი ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, უყურადღებოდ დარჩეს მიოკლონური გულყრებიც.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ბავშვებს, რომელთა მშობლებს ან სისხლით ნათესავებს ეპილეფსიის დიაგნოზი აქვთ დასმული. ვინაიდან ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა მემკვიდრეობით გადაეცემა.
– რამდენად ხშირია გარშემო მყოფების არასწორი ქცევა კრუნჩხვის დროს? რას ურჩევდით მკითხველს, როგორ უნდა მოიქცნენ და რაც მთავარია, როგორ არ უნდა მოიქცნენ ამ დროს?
– ალბათ, თვითონაც იცით, რომ კრუნჩხვითი გულყრა ძალიან მძიმე სანახავია. ბუნებრივია, ამ დროს თვითმხილველი იბნევა მიმართავს გაუმართლებელ ღონისძიებებს, რომლებიც ხალხშია გავრცელებული. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ ადამიანმა გულყრის დროს შესაძლოა ენა გადაყლაპოს, ამიტომაც ცდილობენ, ავადმყოფს პირი გააღებინონ და ზედმეტი გულმოდგინებისგან ხშირად პირის ღრუს ლორწოვანს უზიანებენ, კბილებს უმტვრევენ. ასეთი საქციელი თავად დამხმარისთვისაც სახიფათოა – კრუნჩხვის დროს სხვა კუნთებთან ერთად საღეჭი კუნთებიც ძლიერ და სწრაფად იკუმშება, ამიტომაც არ არის გამორიცხული, ავადმყოფმა მისი დახმარების მსურველს თითები მოაკვნიტოს. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, რადგან გულყრის დროს ენის გადაყლაპვის არავითარი საშიშროება არ არსებობს. არც წყლის სხურება და თითზე კბენაა საჭირო, არც სახეზე შავი ნაჭრის გადაფარება და თავში ჩარტყმა...
ჩვენს მკითხველს მინდა ვურჩიო: თუ ასეთ გულყრას შეესწრებიან, ნუ შეშინდებიან და ნუ დაიბნევიან. ეს მდგომარეობა არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, კრუნჩხვითი გულყრა მძიმე სანახავია, მაგრამ უმეტესად თავისთავად სრულდება. ასეთ გულყრის შემდეგ ავადმყოფი იძინებს, ამიტომ წინასწარ გვერდულად დააწვინეთ მოხერხებულ, ფართო და სწორ ზედაპირზე, თავქვეშ ბალიში ამოუდეთ, მოუხალვათეთ შემოტმასნილი ტანსაცმელი. ნურავითარ შემთხვევაში ნუ ეცდებით სხეულის ან კიდურის გასწორებას, პირის გაღებინებას და პირში თითების ან სხვა საგნის ჩაყოფას. თუ პაციენტს პირში რამე უდევს, შეძლებისდაგვარად უნდა ამოვუღოთ –  პირში არსებული საგანი გულყრის დროს შესაძლოა დაიმსხვრეს და ნამსხვრევებმა სასუნთქი გზები დაახშოს. ყურადღება მიაქციეთ პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებს (სუნთქვას, მაჯისცემას) და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფებრილურ გულყრასაც ეხება. მაღალი ტემპერატურის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. (ოღონდ არავითარ შემთხვევაში ასპირინი, რომლის გამოყენება ბავშვთა ასაკში გაუმართლებელია). თუ თქვენს შვილს უკვე ჰქონდა არაფებრილური გულყრა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს შესაბამისი რჩევა-დარიგების მისაღებად.
დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, როგორ ვითარდება გულყრა, რომელი კიდურები მოძრაობს, საით აბრუნებს პაციენტი თავს და თვალებს, რამდენ ხანს გრძელდება კრუნჩხვა. დახედეთ საათს, რათა ზუსტად იცოდეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა გულყრა. ამით დიდ დახმარებას გაუწევთ ექიმს ვითარების სწორად მართვაში. სასურველია, პაციენტმა იქონიოს დღიური, სადაც ჩაინიშნავს, როდის განუვითარდა გულყრა, რა უძღოდა მას წინ (მაგალითად, დაავიწყდა პრეპარატის მიღება, დაარღვია რეჟიმი), ჰქონდა თუ არა აურა, რას განიცდიდა აურის დროს და  ა. შ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სრულფასოვანი ანამნეზი ეპილეფსიის მართვის დროს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ძვირადღირებული გამოკვლევების შედეგები.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად