ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ორსულობა >>ჟურნალი "ავერსი" N58
ვარჯიში და ორსულობა

უფრო აქტიურად
ორსულობა ავადმყოფობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, ორსულს მაინც ავადმყოფური სიფრთხილით ეპყრობიან: “ბევრი არ ისეირნო”, “ბევრი არ იმუშაო”, “ბევრი არ ილაპარაკო”...
ემანსიპაციამ მოიტანა თუ უბრალოდ საჭიროებამ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს ხშირად ლამის მშობიარობამდე უხდებათ ოფისში პროფესიული  მოვალეობის შესრულება, ზოგიერთი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშსა თუ ცურვაზეც არ ამბობს უარს.
ასეა, თანამედროვე ორსულს შინ ვერ ჩაკეტავ, პატარ-პატარა დისკომფორტის შესამსუბუქებლად კი ვიქცევით ასე:
. ვაქრობთ გულძმარვას და გულისრევის შეგრძნებას. ერთიცა და მეორეც უმთავრესად დილაობით იჩენს ხოლმე თავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მთელი დღე გაგყვეთ. უსიამოვნო შეგრძნებების შესასუსტებლად ერიდეთ ნოყიერ ვახშამს, მძაფრ სუნს, მუშაობის დროს ხშირ-ხშირად წაიხემსეთ. ოფისში გაიყოლეთ საწუწნი კანფეტი, ჩირი, უმარილო კრეკერი და, რაც მთავარია, სვით ბევრი სითხე.
გულისრევის შეგრძნება მძაფრდება, როდესაც ორსული გამოძინებას ვერ ახერხებს. ასე რომ, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია. ნურც საწოლიდან წამოდგომას იჩქარებთ. რომ გაიღვიძებთ, მცირე ხანს საწოლში ინებივრეთ, შემდეგ მშვიდად წამოდექით და პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ნელა გაუდექით გზას.
. ვებრძვით მოთენთილობას. ნუ დაელოდებით გადაღლას. ხშირად წამოდექით, ოთახში გაიარ-გამოიარეთ, თუ შესაძლებელია, მცირე ხნით შუქი ჩააქრეთ, თავი მაგიდაზე დადეთ და თვალები დახუჭეთ.
თუ მუშაობა მეტისმეტად გღლით, ძირითადი სამუშაო დღის პირველ ნახევარში მოილიეთ, მეორე ნახევრისთვის ნაკლებ დამღლელი საქმე მოიტოვეთ.
დილით თავი მხნედ რომ იგრძნოთ, საღამოს დროულად მიაშურეთ საწოლს. როგორც კი ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, იცოდეთ: ძილის დროა!
. ვმუშაობთ კომფორტულად. იოლად არ დაიღლებით, თუ ისეთ სკამს შეარჩევთ, რომელსაც სახელურებიც ექნება და მოძრავი საზურგეც. თუ ასეთი სკამი არ გაქვთ, ზურგს უკან პატარა ბალიში ამოიდეთ – ასე ხერხემალი ნაკლებად დაიღლება.  ასევე სასურველია, ფეხები შემაღლებულ საგანზე, მაგალითად, პატარა სკამზე შემოაწყოთ.
თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ცალი ფეხი პერიოდულად შემაღლებულზე შედგით. ასევე სასურველია, სხეულის ზეწოლა ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე გადაიტანოთ. და, რა თქმა უნდა, ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კიდურებს, უფრო ზუსტად კი ვენებს, უზარმაზარი ჯაფა დაადგება.
დაბოლოს: სამუშაო არსად გაიქცევა, არც შეუსრულებელი დარჩება. ასე რომ, ნერვიულობას თავი დაანებეთ და მოეშვით. დამშვიდებულ გულზე სამუშაოც უკეთ სრულდება და არც ჯანმრთელობას ადგება ზიანი.

რა სარგებლობა მოაქვს ვარჯიშს
ვარჯიში და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტიურობა არც ორსულს ავნებს და არც მის მუცელში მოკალათებულ პაწიას. ეს იმიტომ, რომ:
. მარტივი ვარჯიშის შემდეგაც კი ორგანიზმში გამომუშავდება ენდორფინი – ნივთიერება, რომელიც სიამოვნების განცდას მოგგვრით.
. ვარჯიში აქრობს ზურგის ტკივილს, რომელსაც უმთავრესად ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა იწვევს, ამუშავებს სახსრებს, ტონუსში მოჰყავს კუნთები.
. ვარჯიში სტრესს ხსნის და მშვიდ ძილს გიბრუნებთ.
. ვარჯიში დაგეხმარებათ, მომხიბლავად გამოიყურებოდეთ – ფიზიკური დატვირთვის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და კანიც ჯანსაღ ელფერს იძენს.
. როცა სხეული ნავარჯიშევია, მშობიარობა გაცილებით იოლია.
დაიხსომეთ: შესაძლოა, ვარჯიშის წყალობით წონაში ნაკლები მოიმატოთ, მაგრამ ორსულობის დროს ფიზიკური აქტიურობით წონის დაკლება არამც და არამც არ სცადოთ – ამით შესაძლოა ავნოთ როგორც საკუთარ თავს, ისე ბავშვსაც.

ვიწყებთ ვარჯიშს
თუ დაორსულებამდე რეგულარულად ვარჯიშობდით, არც ორსულობის დროს გაგიჭირდებათ, თუმცა ისიც შეიძლება, ვარჯიშს სწორედ ამ ცხრა თვის განმავლობაში მოჰყოთ ხელი.
ამერიკის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სააგენტო ორსულებს ურჩევს, კვირაში 150 წუთი (2 საათი და 30 წთ) მაინც დაუთმონ ფიზიკურ აქტიურობას.
ჯობს, ვარჯიშის სახეობა ექიმთან ერთად შეარჩიოთ. სასარგებლოა ცურვა, წყლის აერობიკა, იოგა, პილატესი, ველოსიპედით სიარული, ცეკვა და უბრალოდ ფეხით სეირნობა. გირჩევთ, თავდაპირველად მოციონს კვირაში მხოლოდ სამი დღე დაუთმოთ, თითოეულ ჯერზე – ოციოდე წუთი. შემდეგ სეირნობას თანდათან მოუხშირეთ და ხანგრძლივობაც ნელ-ნელა გაზარდეთ.
ყურადღებით უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. თუ შეატყობთ, რომ მცირე დატვირთვაც ძლიერ დისკომფორტს გაყენებთ, ნუ გარისკავთ, დაისვენეთ.
ვარჯიშის შეწყვეტა ჯობს, თუ შეგაწუხათ:
. მაღალმა არტერიულმა წნევამ;
. ძლიერმა მოთენთილობამ;
. ძილიანობამ;
. გულისცემის გახშირებამ;
. ჰაერის უკმარისობამ;
. საშოდან სისხლდენამ;
. ტკივილმა წელისა და მცირე მენჯის ღრუს არეში.
დაიხსომეთ: მაღალი ტემპერატურის პირობებში ვარჯიშიც გეკრძალებათ და მუშაობაც – შესაძლოა, გადახურდეთ, რაც ნაყოფისთვის არამც და არამც არ არის სასარგებლო.

არამც და არამც
როგორც არ უნდა იყოთ შეპყრობილი სპორტული ჟინით, რაც არ უნდა იდეალურ ფორმაში იყოთ, არსებობს ფიზიკური დატვირთვის სახეობები, რომლებსაც თავი უნდა არიდოთ. კერძოდ, არ შეიძლება  ხტუნვა, ვარჯიში, რომლის დროსაც მიმართულების სწრაფი შეცვლაა საჭირო ან რომლის შედეგადაც მაღალია მუცლის ტრავმის ალბათობა. ამრიგად, თავი უნდა არიდოთ სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიც არის თხილამურებით სრიალი, ყვინთვა, ჯირითი.
თუ სტეპ-აერობიკით ხართ გატაცებული, შეგიძლიათ, ორსულობის დროსაც ისიამოვნოთ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ კოორდინაციის უნარი შენარჩუნებული გაქვთ (ორსულებს კოორდინაციის უნარი ხშირად ერღვევათ).
რაც მთავარია: ორსულისთვის არ შეიძლება ვარჯიშით გადაღლა.

უსაფრთხო სტარტი
ვიდრე ვარჯიშს შეუდგებით, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ, მაგრამ  რამდენიმე პრინციპის ცოდნა თავადაც არ გაწყენდათ. მათზე ვრცლად უკვე ვისაუბრეთ, ახლა მხოლოდ შევაჯამებთ:
. დაიწყეთ მცირე დატვირთვით. ყოველდღიურად 5 წუთი დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია. კვირაში ერთხელ 5-5 წუთი დაუმატეთ, ვიდრე 30 წუთზე არ ახვალთ.
. ვარჯიშის დროს რაც შეიძლება კომფორტულად ჩაიცვით. შეარჩიეთ სპეციალური სპორტული ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ეფექტურად იჭერს.
. ვარჯიშის დროს რაც შეიძლება მეტი სითხე დალიეთ – ეს ორგანიზმს გადახურებისგან დაიცავს.
. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, არ არის აუცილებელი, ივარჯიშოთ. როცა მომჯობინდებით, ვარჯიში მაშინ განაგრძეთ.
. ცხელ, ნესტიან ამინდში (ამ დროს სიცხე უფრო მძაფრად შეიგრძნობა) დიდხანს ნუ ისეირნობთ. ეცადეთ, ეს დრო კონდიცირებულ ოთახში გაატაროთ.
დაბოლოს: ყურადღებით უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. თუ გითხრათ: “შეჩერდი!” – ნუ დააყოვნებთ. ვარჯიშისთვის მშობიარობის შემდეგაც მოიცლით, რამდენიმე წელიწადში კი უფრო მეტი ხალისით ივარჯიშებთ – მაშინ ხომ თქვენი პაწიაც დაგიმშვენებთ გვერდს!

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად