ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ბავშვის კვება >>ჟურნალი "ავერსი" N57
კალციუმი გვჭირდება


საჭიროა რძე
ბავშვობაში ყველანი რძის სმისთვის ვართ “განწირულები”. მშობლებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ რძე და რძის ნაწარმი კალციუმით არის მდიდარი. ჩვენც, ცხვირზე ხელმოჭერილები (მიმიხვდით ალბათ – რძის სუნი რომ ვერ შეგვეგრძნო), სწრაფ-სწრაფი ყლუპებით, თავგანწირვას თურმე სწორედ ამ ჯადოსნური ელემენტის გამო ჩავდიოდით! თუმცა თანატოლებს შორის ისეთებიც იყვნენ, რძეს სიამოვნებით რომ სვამდნენ. დავიჯეროთ, მათ მშობლები  უკეთ უხსნიდნენ, რა სარგებლობა მოაქვს კალციუმს? მოდი, ამ ელემენტის ღირსებებზე, რომელთა შესახებაც დედიკო, როგორც ჩანს, ბავშვობაში არც ისე ვრცლად გვესაუბრებოდა, ახლა შევჩერდეთ.
კალციუმი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს ძვლები დარბილებას იწყებს, პაწიას კუნთები სტკივდება და უსუსტდება. თავისთავად, ბავშვი ზრდაშიც ჩამორჩება.
კალციუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჰორმონულ ცვლაში. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ზემოხსენებული ფუნქციებისთვის ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება.
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, გოგონები, რომლებიც გარდატეხის ასაკში სათანადო ოდენობის კალციუმს არ იღებენ, მოგვიანებით უფრო ხშირად ხდებიან ისეთი ვერაგი დაავადების მსხვერპლნი, როგორიც ოსტეოპოროზია (ეს პათოლოგია უმთავრესად მენოპაუზის პერიოდში ვითარდება). ამერიკელმა მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ 9-დან 18 წლამდე ასაკის გოგონების 85% და ვაჟების 60% კალციუმის სათანადო რაოდენობას ვერ იღებს.
ასაკის მიხედვით კალციუმის დღიური მოთხოვნილება  ასეთია (ამერიკელი პედიატრები ასე გვირჩევენ):
• 1-დან 3 წლამდე – 500 მგ;
• 4-დან 8 წლამდე – 800 მგ;
• 9-დან 18 წლამდე – 1300 მგ.
არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც წლიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებს დღეში 650-600 მლ რძე უნდა ვასვათ, 5 წლის შემდეგ – 550-500 მლ.
ზოგიერთი ავტორი ოდნავ განსხვავებულ ციფრებს გვთავაზობს. კერძოდ: 1-დან 3 წლამდე პატარას ყოველდღიურად 700 მლ რძე ასვით, 3 წლიდან კი 600 მლ-მდე ჩამოდითო. როგორც ჩანს, ამ მეთოდის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვს საშუალება ეძლევა, კალციუმის მარაგი რძის სხვა პროდუქტებითაც შეივსოს.
დაიხსომეთ: კალციუმის ასათვისებლად D ვიტამინია საჭირო, ამიტომ პედიატრი რაქიტის თავიდან ასაცილებლად ამ ვიტამინს ნიშნავს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ D ვიტამინით მდიდარია თევზი, კვერცხის გული.

დავითვალოთ კალციუმი
რძის შემდეგ კალციუმს ყველაზე უხვად ჩედერი შეიცავს. გარდა რძის პროდუქტებისა, კალციუმით მდიდარია მწვანილი, განსაკუთრებით – ისპანახი, ასევე კვერცხი, ნუში, შირბახტი, ჩირი...

შემცველობა ციფრებში
235 მლ რძე 300 მგ კალციუმს შეიცავს, 110 გ ნაყინი – 120 მგ-ს, 45 გ ჩედერი – 300 მგ-ს, 175 გ იოგურტი – 225 მგ-ს, 110 გ ხაჭო – 70 მგ-ს, კალციუმით  გამდიდრებული ფორთოხლის წვენი – 300 მგ-ს, 115 გ წითელი ლობიო – 40 მგ-ს, 30 გ ნუში – 80 მგ-ს.
ვინაიდან ყველაზე მეტი კალციუმი რძეშია, მოდი, მის ასათვისებელ მინიმუმზე ვისაუბროთ.
უდავოა, წლამდე ასაკის პაწიასთვის იდეალური საკვები დედის რძეა. კალციუმი მასში სწორედ იმდენია, რამდენიც ბავშვის ორგანიზმს სჭირდება. თუ ჩვილს ბუნებრივი საკვები სათანადო რაოდენობით არ აქვს, პედიატრი ნარევებით მის ჩანაცვლებას გირჩევთ. ეს უკანასკნელნიც, ისევე როგორც ყოველგვარი რძე (ქალისა, ძროხისა, ფხვნილისა), მდიდარია კალციუმით.
ძროხის რძეს (უმჯობესია, მოუხდელს) პატარა გემოს პირველად ერთი წლის ასაკში უსინჯავს. ორი წლიდან შეგიძლიათ უკვე ნაღებმოხდილი, უცხიმო რძეც შესთავაზოთ პატარა მსუნაგს. დაიხსომეთ: რძე, ცხიმიანიც და უცხიმოც, კალციუმს თანაბარი რაოდენობით შეიცავს.
აშშ-ში 2005 წელს შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღეში 2 ჭიქა (475 მლ) რძეა რეკომენდებული, ხოლო 9 წლიდან უკვე 3 ჭიქით (710 მლ) შეუძლია პირის ჩატკბარუნება.

კატა ვერ შესწვდა რძესაო...
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი რძეს ვერ სვამს. ასეა მაშინ, როდესაც:
ბავშვს აქვს ლაქტოზის აუტანლობა. ასეთ შემთხვევაში პატარას რძის დალევის შემდეგ მუცლის შემაწუხებელი ტკივილი და დიარეა ეწყება. დამნაშავე კი იმ ფერმენტის (ლაქტაზის) დეფიციტია, რომელიც რძის შაქრის (ლაქტოზის) მონელებაში მონაწილეობს.
ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში პედიატრი პაწიას დაუნიშნავს პრეპარატს, რომელიც მას რძის შაქრის მონელებაში დაეხმარება. იყიდება ისეთი რძეც, რომელშიც ლაქტოზა ცოტაა ან საერთოდ არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ იოგურტების უმრავლესობა ლაქტოზას არ შეიცავს. ასევე ძალიან ცოტაა ეს შაქარი ჩედერში და, საზოგადოდ, მაგარ, გამოყვანილ ყველში.
პატარა რძის მიმართ ალერგიულია. ამ შემთხვევაში დამნაშავეა რძეში არსებული ცილა კაზეინი. ამ პროტეინს, რომელიც რძეში თავმოყრილი ცილების 80%-ს შეადგენს, ნებისმიერი რძის პროდუქტი შეიცავს. უხვად არის კაზეინი ნარევებშიც.
თუ პატარა სუსნიას რძეზე ალერგია აქვს, პედიატრი ჰიპოალერგიულ ფორმულას ან სოიის საფუძველზე დამზადებულ ნარევს გირჩევთ. უკანასკნელ შემთხვევაში კალციუმის მარაგის შევსება სხვა პროდუქტებით ან პრეპარატის საშუალებით მოგიწევთ.
მოზარდი გოგონები წონის მატების შიშით რძის პროდუქტებს ერიდებიან. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ცხიმიან, ნაკლებცხიმიან და უცხიმო რძეში კალციუმი თანაბარი რაოდენობითაა. გარდა ამისა, 240 მლ რძე მხოლოდ 80 კალორიას შეგმატებთ.
შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ რიგმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თინეიჯერი გოგონები, რომლებიც კალციუმის დღიურ ნორმას ითვისებენ (მაგალითად, ამ ელემენტით გამდიდრებული ფორთოხლის წვენს სვამენ), თანატოლებზე გაცილებით ტანწერწეტები არიან.

ხაჭოზე რაღა ითქმის?!
ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარას შეგიძლიათ ხაჭო ხუთი თვიდან მისცეთ, შერეულ კვებაზე მყოფს – სამი თვიდან. თავდაპირველად პაწიას დღეში სულ რაღაც 5 გრამი ხაჭო შესთავაზეთ, მერე კი ულუფა თანდათან გაუზარდეთ. 6 თვის ბავშვს დღეში უკვე 30 გრამი ხაჭო ეკუთვნის, 10 თვისას კი 50 გრამი. თუ წლის პატარას ყოველდღიურად 50 გრამ ხაჭოს მისცემთ, ჩათვალეთ, რომ კალციუმის დღიური ნორმის მეოთხედი მიღებული აქვს.
ხაჭო ცილების საწყობია. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი მათგანი – ლიზინი, ტრიპტოფანი და მეთიონინი. ლიზინის დეფიციტი სიმაღლეში ზრდისა და წონის მატებას აფერხებს, ტრიპტოფანის დეფიციტის შედეგად ირღვევა იმ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც სისხლმბადი ორგანოების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ, ხოლო მეთიონინის დეფიციტი ნახშირწყლების ცვლის დარღვევაშია დამნაშავე. ასე რომ, ხაჭო პაწია მსუნაგისთვის იდეალური “ფიაა”, რომელშიც ცილები ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელი თანაფარდობით არის წარმოდგენილი.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად