ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>კოსმეტოლოგია >>ჟურნალი "ავერსი"
7 დღე შვებულებამდე

შვებულებამდე ერთი კვირაღა დარჩა. სულ რაღაც შვიდი დღე გაშორებს ლაჟვარდოვან ზღვას, ქვიშიან სანაპიროს და მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ ნებივრობას. უკვე დროა საბანო კოსტიუმი შეარჩიო და ბარგის ჩალაგებაც დაიწყო და აი, სარკის წინ ახალ საცურაო კოსტიუმის მოზომებაში გართულმა აღმოაჩინე, რომ მკერდი უფრო მომჩვარული გაგხდომია, მხრებსა და დეკოლტეზე გადატკეცილი კრიალა კანი, რომლითაც ასე იწონებდი თავს გასულ ზაფხულს ფერიმჭამელებს და აკნეს დაუფარავს, მუცელიც მოგდუნებია, ზამთარს ცელულიტისათვის დამახასიათებელი ფორთოხლისებური კანითაც დაუჯილდოვებიხარ.
არ დაღონდე, შენს ხელში მთელი კვირაა და თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებ, პლაჟზე მართლაც ძველებურად მომხიბვლელი და განუმეორებელი იქნები.
 
დღე პირველი – ვებრძვით მოშვებულ მუცელს და ცელულიტს
მოშვებული მუცელთან და ფორთოხლისებურ კანთან ბრძოლას, ქალბატონები, როგორც წესი მკაცრი დიეტებით იწყებენ და ხშირად ყველა ეს მცდელობა  წარუმატებლად მთავრდება, რადგან მუცელსა და დუნდულებზე დაგროვილი ცხიმი დნობას ყველაზე ბოლოს იწყებს. არაქათგალევამდე შიმშილის სანაცვლოდ კი მხოლოდ მოშვებულ მკერდს და ჩაცვენილ ლოყებს ვიღებთ.
დაბალანსირებული კვება, რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშთან ერთად, რომლის შედეგსაც ერთ კვირაში აუცილებლად იგრძნობთ. გააკეთე ეგრეთ წოდებული პრესის ვარჯიშები და ეცადეთ მიღებულ კილო-კალორიებზე მეტი ენერგია დახარჯო. მერწმუნე, ერთ კვირაში ფორმაში ჩადგები.
რაც შეეხება ცელულიტს, კოსმეტიკური ფირმები  და კოსმეტოლოგები ცელულიტთან ბრძოლის არაერთ მეთოდსა და საშუალებას უწევენ რეკომენდაციას. ერთნი სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს გვთავაზობენ, მეორენი ცელულიტის მოშორებას ვაკუუმ-მასაჟებითა და ლიპოსაქციით გვირჩევენ. თუმცა, ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი მასაჟისტთან ვიზიტი გახლავთ. კვალიფიციური, თავის საქმის კარგად მცოდნე სპეციალისტი უდავოდ დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ფორთოხლისებრი კანი უფრო ელასტიური გახდეს და ცელულიტი ნაკლებ შესამჩნევი იყოს.
ცელულიტის სამკურნალოდ ყავის ნიღბებისა და სკრაბების გამოყენებასაც გირჩევთ. ორივე მათგანი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ცელულიტის შემცირების ერთ-ერთი პრობაა.

დღე მეორე – სასწრაფო ზომები აკნესა და ფერიმჭამელების წინააღმდეგ
თუ გინდა, რომ მოღებული საცურაო კოსტიუმის ან სარაფანის ჩაცმისას თავს უხერხულად არ გრძნობდე ფერიმჭამელებთან და აკნესთან ბრძოლა დღესვე უნდა დაიწყო.
პირველ რიგში კანი სალიცილს მჟავის შემცველი ანტიბაქტერიული ლოსიონით უნდა გაიწმინდო. თუ მშრალი ან მგრძნობიარე კანი გაქვს სპირტის შემცველ საშუალებებს არ გირჩევ. უმჯობესი იქნება, თუ ისეთ ანტიმიკრობულ კოსმეტიკურ საშუალებას მიანიჭებ უპირატესობას, რომელიც დამამშვიდებელ კომპონენტებს შეიცავს. 
ანტიბაქტერიული ლოსიონით გაწმენდის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ნაყენით დაიმშვიდეთ კანი და ჩაის ხის ზეთი შეიზილეთ.
აკნეს და ფერიმჭამელების დროს სხეული რაც შეიძლება ფაქიზი სქრაბით უნდა გაიწმინდო. უხეში მოპყრობა და ხანგრძლივი ხეხვა აკნეს კიდევ უფრო მოგიმრავლებთ.
აუცილებელია კვების დაბალანსებაც, მოერიდეთ  ალერგიულ პროდუქტებს, ყავას, შოკოლადს, ცხოველურ ცხიმებს. იკვებეთ მსუბუქად ბოსტნეულით, არაალერგიული ხილით და რძის ნაწარმით.
და ბოლოს, აკნესა და ფერიმჭამელებისაგან გათავისუფლებაში სულ უბრალო, მაგრამ მაცოცხლებელი სითხე  მინერალური წყაროს წყალი დაგეხმარებათ. დღეში 2 ლიტრამდე მინერალური (მაგრამ არა გაზიანი) წყალი თქვენს ორგანიზმს გაწმენდასა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში დაეხმარება, რაც გამონაყარისაგან გათავისუფლების აუცილებელი პირობაა.

დღე მესამე – დროა პლაჟისთვის ჩვენი თმაც მოვამზადოთ
გარუჯულ კანს, პლაჟს და ზღვას  ღია ფერის კულულები უხდება, თუმცა თუ ბუნებრივად ქერა არ ხარ, გულის დაწყვეტა არ გმართებს.  ჩვენი რჩევები თმის ბუნებრივად გაღიავებასა და საურველი ელფერის მიცემაში დაგეხმარება.
შავგვრემან, შავთმიან ადამიანს, თმის ერთბაშად ქერად შეღებვა არც სექსუალობას შემატებს და არც ხიბლს. თმის გაღიავება ბუნებრივ ფერზე ორი ტონით ღია ფერის საღებავით უნდა დაიწყო.
 შუბლთან ახლოს მდებარე რამდენიმე კულილი თქვენი თმის ბუნებრივ ფერზე 2 ტონით ღია ფერის საღებავით შეიღებე. თმის შემდეგ რიგს კი  ბუნებრივზე ერთი ტონით ღია ფერის საღებავი გადაუსვი.
დანარჩენი თმაც მელირების მეთოდით ამ ორ  ტონში შეიღებე. მერწმუნე, შენი კულულებით პლაჟზე მართლაც მომხიბლელი იქნები. თუმცა, თუ სპეციალისტი არ ხარ ამ პროცედურების სახლში დამოუკიდებლად ჩატარებას არ გირჩევ. უმჯობესია სილამაზის სალონსა და სპეციალისტს მიმართო.  
ჰო, მართლა ზღვაზე, თმის დამცავი ნიღბის წაღება არ დაგავიწყდეს. მცხუნვარე მზე ხომ არამარტო შენს კანს, არამედ თმასაც აზიანებს.

დღე მეოთხე – ტერფების მოვლის დრო დადგა
მერწმუნეთ, რაც არ უნდა ლამაზი სანდლები და ქოშები ჩაიცვათ, თუ ქუსლები დახეთქილი და გამაგრებული გექნებათ, ფრჩხილები კი მოუვლელი, თქვენი ახალი ფეხსაცმლით თავს ვერ მოიწონებთ. ამიტომ სანამ დასასვენებლად წახვალთ ფეხის ტერფების მოსავლელად სასწრაფო ზომები უნდა მიიღოთ. ამაში სპეციალური კრემები და ლოსიონები დაგეხმარებათ, თუმცა თუ ჩვენს რეცეპტს გაითვალისწინებთ, ტერფების მოსავლელი საშუალება სახლის პირობებში თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ნახევარი ფინჯანი მსხვილი მარილი 25 მილილიტრ ზეითუნის ზეთს შეურიეთ და ქუსლები ამ ნარევით დაიზილეთ 10 წუთის განმავლობაში. მარილი თქვენს ქუსლებს გარქოვნებულ კანს მოაშორებს, ზეითუნის ზეთი კი კანს დაგირბილებთ.
ქუსლები მოვლის შემდეგ ფრჩხილების მოვლის დრო დგება. თავდაპირველად სპეციალური მაკრატლით ან ხელსაწყოთი ფეხის ფრჩხილებთან ზედმეტი გარქოვანებული კანი მოიშორეთ, ფრჩხილის ირგვლივ კანი სპირტით საგულდაგულოდ გაიწმინდეთ და მხოლოდ შემდეგ გაიქლიბეთ  და გაიპრიალეთ ფრჩხილები.

დღე მეხუთე – ვუმკურნალოთ გაგანიერებულ ვენებს
რამდენიმე დღეში გაფართოებული ვენების მკურნალობა და მორჩენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია შევამციროთ და შეუმჩნეველი გავხადოთ ეს ნაკლოვანება.
ამაში ცხენის წაბლისა და ყურძნის წიბწის ექსტრატზე დამზადებული სპეციალური პრეპარატები დაგვეხმარება.  ეს საშუალებები სისხლძარღვთა კედლებს უფრო ელასტიურს, კარგად გამტარს ხდის და ვენებს ტონუსს მატებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და ყავის მიღება. რამდენიმე დღეში ვენები ფეხებზე ისე შესამჩნევი აღარ გექნებათ. მაქსიმალური ვიზუალური შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ ფეხებზე სპეციალური ავტო-რუჯიც წაისვათ.

დღე მეექვსე – გათავისუფლდით არასასურველი თმისგან
გლუვი და პრიალა კანით პლაჟზე თავს ვერ მოიწონებთ, თუ არსასურველი თმისგან არ გათავისუფლდებით. ზედმეტი თმა ძირითადად სამი ზონიდან ფეხებიდან, იღლიებიდან და ბიკინის ზონიდან უნდა მოიცილოთ. თმის მოცილების უამრავ მეთოდთა შორის თითოეულ ზონას მისთვის სასურველი მეთოდის შერჩევა სჭირდება.
ფეხებიდან თმის მოსაცილებლად საუკეთესო საშუალება ცვილი და ლაზერული ეპილაცია გახლავთთ თუ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები ამის საშუალებას გაძლევთ). ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დროით, რამდენიმე კვირით მაინც გათავისუფლდებით არასასურველი თმისაგან, თუმცა გახსოვდეთ, ლაზერული ეპილაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მზეზე გასვლა გეკრძალებათ.
ბიკინის ზონიდან არასასურველი თმის მოცილებაში დეპილაციის კრემი, ბრიტვა, მყარი ცვილი ან ლაზერული ეპილაცია დაგეხმარებათ. თუ ტკივილის არ გეშინიათ, გირჩევთ უპირატესობა ცვილს მიანიჭოთ, რადგან გაპარსვისა და დეპილაციის კრემისაგან განსხვავებით შედეგი საკმაოდ ეფექტური და ხანგრძლივია.
იღლიების ზონიდან არასასურველი თმის მოსაცილებლად ბრიტვა ან ლაზერული ეპილაცია გამოიყენეთ. ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონაა, ამიტომ ეპილაციის ისეთი მეთოდები, რომელიც ტკივილს ან კანის გაღიზიანებას იწვევს იღლიებისთვის არ გამოგადგებათ. გირჩევთ უპირატესობა ლაზერულ ეპილაციას მიანიჭოთ, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი შედეგი აქვს და უმტკივნეულოა.

დღე მეშვიდე – ბოლო აკორდი
შვებულებისთვის თითქმის მზად ხართ, პლაჟზე გასასვლელად საცურაო კოსტიუმის ჩაცმის გარდა არაფერი გჭირდებათ. თუ ასეა, მაშინ კიდევ რამდენიმე პატარა რჩევასაც დაუგდეთ ყური. დასვენება, რომ უსიამოვნებად არ გექცეთ და თქვენმა ორგანიზმმაც სრულყოფილად დაისვენოს, მზიან, ცხელ დღეებში მოერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს, მარილიან საჭმელებს, მიიღეთ ბევრი ხილის წვენი და წყალი, რათა თქვენი ორგანიზმი არ გამოიფიტოს.
და ბოლოს, პლაჟზე გასვლის წინ ტანზე ბრწყინავი ლოსიონი შეიზილეთ, ეს უფრო მომხიბვლელს გამოგაჩენთ და თქვენს პრობლემურ ადგილებს ვიზუალურად შეამცირებს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად