ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სასწრაფო დახმარება >>ჟურნალი "ავერსი"
მზით გათანგულნი

სიცხესთან ხუმრობა არ შეიძლება. ევროპაში ეს ჭეშმარიტება მთელი სიგრძე-სიგანით სულ რამდენიმე წლის წინ შეიმეცნეს, როცა ე.წ. სიცხის ტალღებს (რამდენიმე დღის განმავლობაში ანომალიურად მომატებულ ტემპერატურას) ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ ამ ქვეყნებში წინასწარი  შეტყობინების სამსახური მუშაობს, მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნავენ, მაღალი რისკის მქონეთ კონდიციონერებსაც კი უმონტაჟებენ. შედეგიც სახეზეა: სიცხის ტალღებს უფრო მშვიდად და, რაც მთავარია, უმსხვერპლოდ ხვდებიან.
ამჯერად კონკრეტული მიზანი გვაქვს: გაგაცნოთ სითბური დაავადება, მისი რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე დასადგენი ნიშნები და პირველი დახმარების წესები.
სიცხის ატანა ყველას ერთნაირად როდი შეგვძლებია. მნიშვნელობა ჰქონია ყველაფერს: ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტანსაცმელსა და განწყობასაც კი. დაავადების განვითარების რისკი მეტი აქვთ ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ჭარბწონიანებს. საშიშროებას ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, დიურეტიკების, ნეიროლეპტიკების, ფენოთიაზინის, ანტიქოლინერგული საშუალებების) და ალკოჰოლის მიღებაც ზრდის. თუმცა საფრთხეს ყველაზე ძლიერი ათლეტიც ვერ გადაურჩება, თუ ყურადღებას არ მიაქცევს საგანგაშო ნიშნებს.

დაავადების სტადიები
პირველი სტადია სითბური კრამპი – კუნთების უნებლიე მტკივნეული კუმშვაა. ასეთი რამ უმეტესად ჯაფაში ყველაზე მეტად ჩაბმული (ჩვეულებრივ, მუცლის ანდა ქვედა კიდურების) კუნთების ჯგუფს ემართება. სიცხეში კრამპის აღმოცენებას კუნთებში ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების დაგროვების გარდა ოფლის მეშვეობით წყლისა და მარილების დაკარგვაც უწყობს ხელს.
საშუალო სიმძიმის სტადიას სითბურ გამოფიტვასაც უწოდებენ. ასეთი რამ მეტწილად ცხელ და ნოტიო გარემოში მუშაობის ან ვარჯიშის დროს ხდება. ორგანიზმი ძლიერი ოფლიანობის გამო ბევრ სითხეს კარგავს, სასიცოცხლო ორგანოებთან ნაკლები სისხლი მიდის, მაღალი ტენიანობა აორთქლებას ხელს უშლის, ამიტომაც თერმორეგულაციის მექანიზმები შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ.
სითბური გამოფიტვის ნიშნებია გრილი, ნამიანი კანი, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, სისუსტე და დაღლილობა.
სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს თერმოსარეგულაციო სისტემა ვეღარ მუშაობს, ამიტომ ორგანიზმი ოფლის გამოყოფას წყვეტს. სხეულის ტემპერატურა ისე იმატებს, რომ თუ დახმარებამ დაშავებულს დროულად არ მიუსწრო, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კია მოსალოდნელი.
სითბური დაკვრის ნიშნებია:
- ცხელება (ზოგჯერ – 40ºC და მეტიც კი);
- არარაციონალური ქცევა, გონების აბნევა ანდა ცნობიერების დაკარგვა;
- მშრალი, ცხელი წითელი კანი;
- ჩქარი ზედაპირული სუნთქვა;
- ჩქარი სუსტი პულსი;
- გულყრა.

პირველი დახმარება
სითბური კრამპისა და გამოფიტვის დროს: გადაიყვანეთ ავადმყოფი გრილ ადგილას და კომფორტულად მოაწყვეთ. გახადეთ ან მოუშილიფეთ მჭიდროდ მოტმასნილი ტანსაცმელი. სხეულზე წაუსვით გრილი, სველი ნაჭერი ან ოთახის ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. თუ გონება არ დაუკარგავს, ყოველ 15 წუთში ერთხელ დაალევინეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, ოღონდ ნუ დართავთ ნებას, სწრაფად და სულმოუთქმელად დალიოს. თუ დაშავებული წყლის დალევაზე უარს ამბობს, აღებინებს ანდა გონება დაკარგა, გამოიძახეთ სასწრაფო.
სითბური დაკვრის დროს: ეს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ იქნებით, სასწრაფოს მოსვლამდე კი დაშავებული გრილ ადგილას გადაიყვანეთ და წამოაწვინეთ. ფეხები შემაღლებულზე დააწყობინეთ, სხეულზე სველი ზეწრები შემოახვიეთ. თუ საშუალება გაქვთ, იმ წერტილებში, სადაც მსხვილ არტერიები კანთან ახლოს გადის (მაჯებთან, კოჭებზე, იღლიებში, კისერზე) ნაჭერში გახვეული ყინულის პარკები დააწყვეთ. დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

აკრძალული ილეთები
* პრობლემას ზერელედ ნუ მიუდგებით, განსაკუთრებით – თუ ავადმყოფი ბავშვი, ხანდაზმული ან ტრავმირებულია.
* ნუ მისცემთ ავადმყოფს სიცხის დამწევ საშუალებას (მაგალითად, ასპირინს ან პარაცეტამოლს). ისინი ვერაფერს არგებენ და შესაძლოა, ზიანიც კი მიაყენონ.
* ნუ დაუზელთ სხეულს ალკოჰოლით. ის კანის ფორებს დაახშობს და ტენის აორთქლებას (შესაბამისად, გაგრილებას) გააძნელებს.
* ნუ დაალევინებთ ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველ სითხეს. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს დამოუკიდებლად აძლევენ ბრძანებებს და გარემო პირობების შესაბამისად გაფართოება-შევიწროების უფლებას ართმევენ, რაც თერმორეგულაციის უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს. თანაც ასეთ სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს.

2003 წელს ევროპაში ცხელი ტალღების დროს 35.000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 14.800 – მარტო საფრანგეთში.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად