ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფსიქოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N56
რას გვიშვრება კრიზისი

ჩვენს მოუსვენარ ეპოქაში, როდესაც გლობალური თუ ეროვნული პრობლემები სულის მოთქმის საშუალებას არ გვაძლევს, ჯანმრთელობა ალბათ უკანასკნელია, რაზეც ვფიქრობთ და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ დღითი დღე უფრო და უფრო უარესად ვხდებით.
რა სამწუხაროც უნდა იყოს, მატერიალური მხარე ცხოვრების წესის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია. თუმცაღა ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ჯანმრთელობაზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება, ევროპაში თურმე კრიზისმა პირველ რიგში ჯანდაცვის ხარჯები შეამცირა. ჩვენი ქვეყნისა რა მოგახსენოთ – პროფილაქტიკაზე, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ფიქრით თავს არც მანამდე ვიკლავდით, ომმა, კრიზისმა და პოლიტიკურმა რია-რიამ კი ამ საკითხებს უფრო მეტად დაგვაშორა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო და მით უფრო – ჩვენ...

ექიმებს შემოვწყერით. სამსახურდაკარგულებზე ამჯერად არაფერს ვიტყვით. მრავალმა კომპანიამ, მასობრივი განთავისუფლება თავიდან რომ აეცილებინა, თანამშრომლების დათხოვნის ნაცვლად მათი შენახვის ხარჯები შეამცირა – ხელფასი შეუკვეცეს, სამედიცინო დაზღვევა გაუუქმეს...  სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სახელმწიფო ინიციატივის წყალობით სამედიცინო დაზღვევაზე დღეს თითქმის ყველას მიუწვდება ხელი. სხვა საქმეა, რაოდენობის მომატება რამდენად იმოქმედებს ხარისხზე, რამდენ ჩვენგანს ეყოფა ნერვები, უსასრულო რიგებში დგომას გაუძლოს და კუთვნილი მომსახურება მიიღოს. საპროფილაქტიკოდ ხომ ქართველ კაცს სასწაული თუ მიიყვანს სამედიცინო დაწესებულებაში...
უარესად ვიკვებებით. ცხოვრების გაძვირება, უხელფასობა, ბუნებრივია, სადილ-ვახშმის შინაარსზეც აისახა. მით უფრო, რომ იმავე მიზეზით თანამშრომლებისთვის უფასო და შეღავათიანი სასადილოების შენახვაზე მრავალმა კომპანიამ უარი თქვა. ყოველივე ამის შედეგად კი რეგულარული და მეტ-ნაკლებად ჯანსაღი კვებიდან ბევრს წახემსების ათასგვარ ვარიანტზე გადასვლა მოუწია. საქმეში ჩაერთო ფუნთუშები, ხაჭაპურები, სენდვიჩები, ღვეზელები, ჩიპსები, შოკოლადი – ყოველივე ის, რითაც დანაყრება გაუნძრევლად, სამუშაო მაგიდასთანვეა შესაძლებელი. ტკბილეულსაც უფრო მეტად ვეტანებით – ეს ხომ გუნების გამოკეთების ერთ-ერთი ყველაზე იაფი მეთოდია! ოფისს გარეთ ჭამის მოყვარულნიც იძულებულნი გახდნენ, კაფეები უფრო იაფფასიან ფასტფუდებზე გაეცვალათ. ალბათ ამიტომ, ამ საყოველთაო კრიზის პირობებში ”მაკდონალდსის” შემოსავლები თითქმის 10%-ით გაიზარდა.
მეტს ვეწევით. დღეს, როცა ნერვული დაძაბულობა პიკს აღწევს, გასართობები კი უფრო და უფრო ძვირდება, “მაკდონალდსისა” არ იყოს, არც თამბაქოს კომპანიები უჩივიან ბედს. “უოლ სტრიტ ჯორნალის” მონაცემებით, დიდი დეპრესიის დროს აშშ-ში მხოლოდ იაფი სიამოვნებების, მათ შორის – სიგარებისა და სიგარეტების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასი განაგრძობდა ზრდას.
ნაკლებს ვმოძრაობთ. თუ რუსულ სტატისტიკას დავუჯერებთ, კრიზისის გამო ფიტნესსა და სპორტზე მრავალ მათ თანამემულეს აუცრუებია გული. ექსპერტები ფიტნეს-ინდუსტრიაში შემოსავლების 20%-ით შემცირებას ვარაუდობენ. ტრანსპორტით სარგებლობა კი თითქმის არ შემცირებულა. მხოლოდ ზოგიერთმა გაცვალა მანქანა ავტობუსსა და მეტროზე. კლიენტების სიმცირეს არც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უჩივიან. დიდი სოციოლოგიური კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ჩრდილოელი მეზობლებისგან ბევრით არაფრით განვსხვავდებით. ფეხით სიარულს ალბათ ვერავითარი კრიზისი ვერ გვაიძულებს.
მონიტორი შეგვიყვარდა. კიდევ ერთი იაფი სიამოვნება კომპიუტერია. ელექტროენერგია და ინტერნეტი საკმაოდ ძვირია, მაგრამ კინოსა და თეატრის ბილეთებზე გაცილებით იაფი. ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერით ხომ მუსიკის მოსმენაც შეიძლება და ფილმის ნახვაც. ტელევიზორი კი მოსაწყენ საღამოებს გაგაყვანინებთ, წინათ კულტურული ღონისძიებებით და რესტორანში ვახშმობით რომ იყო დაკავებული. სხვათა შორის, ტელევიზიისა და ინტერნეტის პოპულარობის ზრდა ცოცხალ ურთიერთობათა დეფიციტს იწვევს. თუ წინათ მეგობრებს კაფეში ვხვდებოდით ან ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით, დღეს ეს ფუნქციები თანაკლასელთა შეხვედრის საიტმა და სკაიპმა იტვირთა. არადა ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ: რაც უფრო მეტად იკავებს ვირტუალური ურთიერთობები რეალურის ადგილს, მით უფრო მეტია შანსი, საჩუქრად სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებები მივიღოთ.
მეტს ვნერვიულობთ. მთელ დანარჩენ სამყაროს, გარდა კენიისა და ცენტრალური აფრიკისა, შეუძლია, ჩვენთან მაინც დაანებოს თავი პრობლემებზე ლაპარაკს. ამერიკელთა 33% წრეგადასულ სტრესს უჩივის, თითქმის ნახევარი კი ირწმუნება, ბოლო ხუთ წელში ნერვულმა დაძაბულობამ იმატაო. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მასმედია ისე იქცევა, თურმე მთელ ქვეყანას ნევროზი და დეპრესია დამართა – 6 მილიონი კაცი უმუშევარი დარჩაო, ვინც ჯერ არ გაუშვიხართ, ყოველდღე უბედურებას ელოდეთო, ბოროტი ხელმძღვანელები საბაბს ეძებენ, ვინმე რომ დაითხოვონო... ზოგი თურმე ხუთწუთიანი დაგვიანების გამო გაათავისუფლეს, ზოგიც – სიტყვის შებრუნებისთვის. გახანგრძლივებული ავადმყოფობაც კი თურმე ყოფნა-არყოფნის საკითხს სვამს... – თუ უმკაცრესი ცენზურის პირობებში თუ ამას ბედავენ, სიტყვის თავისუფლება რომ იყოს, ნეტავ რას იზამდნენ?! მათთან შედარებით ჩვენთან პირდაპირ სამოთხეა, განწყობისთვის არხიც გვაქვს და კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც გვარწმუნებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია. სამსახურიდან დაგითხოვენ თუ არა (თუ ბედმა გაგიღიმა და გაქვს!), ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მუდმივ სტრესში ცხოვრება კი შესაძლოა უმძიმესი (და არამხოლოდ ფსიქონევროლოგიური!) დაავადებების მიზეზად იქცეს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად