ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ჩვენი ორგანიზმი >>ჟურნალი "ავერსი"
ცოტა რამ იმუნიტეტზე

სამედიცინო ტერმინების ცოდნაში კონკურსი რომ გაიმართოს, პირველ ადგილს ალბათ ვერავინ შეგვეცილება. თუ რამდენიმეჯერ გაცივდით, დასუსტებული იმუნიტეტის დიაგნოზს ნებისმიერი მეზობელი დაგისვამთ. გაზაფხულზე რომ იმუნიტეტი სუსტდება და მის მოსაძლიერებლად მედიკამენტების სმაა საჭირო, ვგონებ, ესეც ყველამ იცის. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რა დგას ამ უცხო ტერმინის მიღმა და რამდენად ეფექტურია ის წამლები, ხშირად დაუფიქრებლად, ექიმის რჩევის გარეშე რომ ვიღებთ. მოდი, ეს შეცდომა ერთად გამოვასწოროთ.

დაუღლელი პატრული
ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ ვენახის გაშენებამდე ნაკვეთს ღობე უნდა შემოავლოს, სახელმწიფომ კი, თუ  დამოუკიდებლობა სურს, საზღვრები გაამაგროს. არც ორგანიზმს ჰყავს ნაკლები მტერი და მათთან შეხვედრას, თუ ჰერმეტულ სკაფანდრში არ ჩავსხედით, თავიდან ვერ ავიცილებთ: თითოეულ ჩასუნთქვას, ლუკმას თუ ხელის ჩამორთმევას ურიცხვი დაუპატიჟებელი სტუმარი მოჰყვება თან. მხოლოდ ეს რომ იყოს, რაღა გვიშავს – საზღვრებს შიგნითაც ყოველ წუთს ათასობით უჯრედი ამბობს უარს განვითარების ჩვეულ გზაზე და ღამურას ხვედრს ირჩევს. საფრთხის განეიტრალება კი იმუნურ სისტემას აკისრია. მან უნდა ამოიცნოს, იპოვოს და გაანადგუროს ყველა უცხო, ვისაც თუნდაც ოდნავ განსხვავებული გენეტიკური ინფორმაცია შემოაქვს ორგანიზმის უნიკალურ მთლიანობაში. რთული, დახვეწილი სისტემა, რომლის საიდუმლო მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდომიან, საათის მექანიზმივით მუშაობს. ძვლის ტვინში იმუნური სისტემის ჯარისკაცები – ლიმფოციტები – იბადებიან, შემდეგ კი უმაღლეს განათლებას იღებენ. ნაწილი იქვე ამთავრებს სპეციალიზაციას. ნაწილი კი სასწავლად სხვაგან მიდის: ჩვილ ასაკში – მკერდუკანა ჯირკვალში, მოგვიანებით – ელენთასა და ლიმფური კვანძების სპეციალურ ზონებში. შემდეგზრდა-განათლება დამთავრებული ლიმფოციტები კი ან მთელ სხეულში დატოტვილ ლიმფურ ძარღვებში პატრულირებენ, ან ლიმფურ კვანძებში საფრდებიან და ელიან, როდის ჩამოატარებს ლიმფის ნაკადი მომხდურსა და მოღალატეს.
იმუნური პასუხიც რთული და დახვეწილია. ჯარისკაცების ნაწილი უშუალოდ ერთვება ბრძოლაში და საკუთარი ხელით (უფრო სწორად, მუცლით) უსწორდება მომხდურს, ნაწილი დანარჩენ ჯარისკაცებს ეხმარება – მათ აქტიურობას ზრდის ან აფერხებს. ზოგი მავნებლებისკენ ისეთ უჯრედებს იზიდავს, უმაღლესი სულ რომ არ დაუმთავრებიათ და არც კი აინტერესებთ, რას ყლაპავენ, ძვლის ტვინში განსწავლულ ნაწილს კი კონკრეტული, მხოლოდ ერთი მტრის წინააღმდეგ მოქმედი ქიმიური იარაღის გამომუშავება ევალება. ეს სპეციალური ცილაა, რომელიც არავის არაფერს ერჩის, გარდა კონკრეტული უცხო ცილისა, მომხდურის სხეულის ზედაპირზე რომ განაბულა. მას კი ზუსტად ისე მოერგება, როგორც საკეტს გასაღები – კბილებით ჩაებღაუჭება უცხო ელემენტის მატარებელ უჯრედს და თავბედს აწყევლინებს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად