ცხვირსახოცი დაგჭირდათ? სურდო დისკომფორტს იწვევს. შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაგაყენოთ – საზოგადოებაში ცხვირის მოხოცვისას საყოველთაო ყურადღება მიიპყროთ. სურდოს სხვაგვარად რინორეას უწოდებენ. მიზეზი მრავლად მოჰყავთ: სიცივე, გრიპი, ალერგია (უმეტესად – მტვერზე, მცენარის მტვერზე, ცხოველის ბეწვზე...). გარდა ამისა, ცხვირის ლორწოვანი გარსი მეტად მგრძნობიარეა სიგარეტის კვამლისა და მძაფრი სუნების მიმართ. რამაც არ უნდა გამოიწვიოს სურდო, ის ძალიან შემაწუხებელია: გამონადენი ან წყალივით მოდის, ან შესქელდება და იჭედება. შედეგი? – სუნთქვის შეუძლებლობა, ქოშინი... ვის არ მოსვლია, მაგრამ... სიფრთხილეს თავი არ სტკივა: მართალია, სურდო უმეტესად თავისთავად გაივლის, მაგრამ ყურადღებას მაინც იმსახურებს. მიმართეთ ექიმს, თუკი: . რინორეა ათ დღეზე მეტია გრძელდება. . სურდოს ერთვის სიცხე, რომელიც სამ დღეზე მეტ ხანს გასტანს. . გამონადენი მომწვანოა და დანამატი წიაღების (ცხვირის გარშემო არსებული ძვლოვანი ღრუების, უპირატესად – ჰაიმორის ღრუს) ტკივილი გაწუხებთ – შესაძლოა, სურდო ბაქტერიული სინუსიტის (წიაღების ანთების) ბრალი იყოს. . ასთმა გაწუხებთ ან იმუნოსუპრესორებს იღებთ. . გამონადენს სისხლი მოჰყვება. მიმართეთ პედიატრს, თუკი: . ბავშვი ჯერ არ გამხდარა ორი თვის და სურდოსთან ერთად სიცხეც აქვს; . შესქელებული გამონადენით გამოჭედილი ცხვირი სუნთქვას უშლის. ვიდრე ექიმს მიმართავთ: . ძალიან ფრთხილად მოიხოცეთ ცხვირი და გათავისუფლდით გამონადენისგან. . თუ სურდო ალერგიული ხასიათისაა (თან ახლავს ცხვირცემინება, ქავილი, ცრემლდენა), შეგიძლიათ, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი (რომელიმე ანტიჰისტამინი) მიიღოთ . მცირე ასაკის ბავშვებსა და ახალშობილებს ცხვირი გამოუწმინდეთ პიპეტის მსგავსი სპეციალური ასპირატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. სურდო იოლად გაგივლით, თუკი: . მოერიდებით გამაღიზიანებელ ფაქტორებს, მაგალითად, სიგარეტის კვამლს, მძაფრ სუნებს, ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას. . უხვად სვით სითხე. . გამოიყენეთ ცხვირის წვეთები.
|