ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ჯანსაღი საკვები

უცნაური გემოვნება

  ალბათ, ყოველ თქვენგანს ჰყოლია ისეთი თანაკლასელი, შესვენებებზე მასწავლებლისგან მალულად ცარცს რომ შეექცეოდა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მასწავლებლები ამას ყურადღების მიქცევის სურვილით ხსნიდნენ. დღეს მედიცინას უკვე შეუძლია ამ უცნაური მოვლენის მეცნიერულად ახსნა. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ის პიკას კვებითი დარღვევის სახელწოდებით შევიდა. “პიკა” ლათინური სიტყვაა და “კაჭკაჭს” ნიშნავს. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებსაც თურმე კაჭკაჭივით დიდი და განურჩეველი მადა ჰქონიათ. მათ “მენიუს” თვალი რომ გადავავლე, ცარცი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რამ აღმოჩნდა. მიწა, თიხა, საღებავი, ბათქაში, სამრეცხაო სახამებელი,
სოდა, ყავის მარცვლები, სიგარეტის ფერფლი, დამწვარი ასანთის თავები, სიგარეტის ნამწვები, სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის ფეკალიები, ყინული, წებო, თმა, ღილები, ქაღალდი, ქვიშა, კბილის პასტა, საპონი – ეს არასრული ჩამონათვალია კვებისთვის გამოუსადეგარი იმ ნივთებისა და ნივთიერებებისა, რომლებსაც პიკას კვებითი დარღვევის მქონე ადამიანები ეტანებიან. პიკა ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი ქცევა 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების 10-32%-ს ახასიათებს. პიკა ასევე ხშირია ორსულობის პერიოდში – მოგეხსენებათ, ორსულობისას ქალებს გემოვნება ეცვლებათ და ისეთი უცნაური რაღაცეების ჭამა უნდებათ, მანამდე აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ.
ვის ემართება პიკა?
საინტერესოა, რა იწვევს გემოვნების გაუკუღმართებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიზეზი ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებათა ნაკლებობაა, მაგალითად, რკინისა ან თუთიისა, თუმცა უცნაური ნივთების ჭამით, რა თქმა უნდა, დეფიციტი ვერ შეივსება. ხშირად პიკა გონებრივი განვითარების დარღვევებთანაა შერწყმული. მაგალითად, აუტიზმთან, შიზოფრენიასა და ობსესიურ-კომპულსიური სინდრომთან. ორსულებში პიკა საკმაოდ ხშირია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი დარღვევა უფრო იმ ორსულებს ემართებათ, რომლებსაც ბავშვობაში ჰქონდათ ეს მავნე ჩვევა ან ვის ოჯახშიც ვინმეს ჰქონია პიკა.
იმისთვის, რომ ადამიანს პიკას დიაგნოზი დავუსვათ, ის, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ეტანებოდეს უცნაური საკვებს. პიკა უმეტესად მათ სჭირთ, ვინც არასრულფასოვნად იკვებება, ვისი საკვები რაციონიც ერთფეროვანია. თუ ასეთი ადამიანი ექიმთან აღმოჩნდა, აუცილებლად სისხლის საერთო ანალიზი დასჭირდება ანემიის გამოსარიცხად. ასევე აუცილებელია სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტყვიის შემცველ საღებავებს ჭამს ან შესაძლოა ჭამდეს.
საფრთხეების შესახებ
ეს თითქოსდა უწყინარი ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქადის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება ბეზოარებია. ბეზოარი ერთგვარი ქვაა, რომელიც კუჭში გადაუმუშავებელი მასალის (მაგალითად, თმის) დაგროვებისა და ერთმანეთთან შეწებების შედეგად წარმოიქმნება. კუჭის ბეზოარები შესაძლოა დიდხანს ჰქონდეს ადამიანს და არაფერი დაუშაოს, მაგრამ ხდება ისეც, რომ ვითარება რთულდება – “კენჭი” გაუვალობის მიზეზად იქცევა.
ტყვიით მოწამვლა უკვე ვახსენეთ. ის პიკას სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა. კვებისთვის გამოუსადეგარი ნივთების ყლაპვამ შესაძლოა ნაწლავების დაზიანებაც გამოიწვიოს (მაგალითად, ნივთი ნაწლავის სანათურში გაიჭედოს). ხშირად იზიანებენ კბილებსაც. მართლაც, რა კბილები გაუძლებს ასეთი ნივთების ღეჭვას?! არც პარაზიტული ინფექციაა გამორიცხული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვებად მიწას ან ცხოველთა ფეკალურ მასებს იყენებენ.
მკურნალობა საჭიროა?
თუ რაიმე გართულება არ განვითარდა, პიკა განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. ანემიის შემთხვევაში ამ უკანასკნელის კორექციას მიმართავენ, ტყვიით მოწამვლის დროს კი დეტოქსიკაციურ თერაპიას იწყებენ. მთავარი მაინც დაავადებულის მავნე ჩვევების შეცვლა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ზოგჯერ ფსიქოლოგის კონსულტაცია საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ამ დროს შეიძლება. მედიკამენტური თერაპია მაშინ არის საჭირო და ეფექტური, როდესაც პიკა გონებრივი განვითარების დარღვევის გამოვლინებაა. მკურნალობის ეფექტურობა განსხვავებულია.
საბედნიეროდ, პიკა უმეტესად დროებითი მოვლენაა – რამდენიმე თვე გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის, თინეიჯერობის ან მოწიფულ ასაკამდე იშვიათად გრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის განვითარების დარღვევებთან ერთად ჩნდება.

მოკლედ | ვრცლად

                             მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა

 არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკვებისადმი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ნარკოტიკების მომხმარებლებს ნარკოტიკების და ალკოჰოლიკებს სპირტიანი სასმელების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჭამის დაუძლეველი, მანიაკური სურვილი აქვთ...

ეს სხვა არაფერია, თუ არა პათოლოგიური დამოკიდებულება – ადიქცია. ხშირად ჭამამანიას ბულიმიაში ურევენ, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ფსიქონევროლოგიური ხასიათის დარღვევაა, ვიდრე ჭამისადმი უსაზღვრო მიდრეკილება. ჭამამანიაკი (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტერმინი მედიცინაში არ არსებობს – წერის დროს სპონტანურად დაიბადა) დღედაღამ იმაზე ფიქრობს, რამე არ დარჩეს გაუსინჯავი და დარწმუნებულია, რომ ჭამა ერთადერთი ნეტარებაა ამქვეყნად. მისი ძირითადი საკვები ტკბილეულია, რომელსაც მცირე კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ გემრიელია და ღორმუცელებისთვის იდეალურ სატყუარას წარმოადგენს. და, რაღა თქმა უნდა, ჭამამანიაკები უმთავრესად ჭარბწონიანები არიან, თუმცა ჭარბი წონა ყოველთვის იმაზე როდი მიუთითებს, რომ ადამიანი საკვებდამოკიდებულია. ისევე როგორც ყოველგვარი პათოლოგიური დამოკიდებულება, ჭამამანიაც ვნებს ორგანიზმს. ჭარბი წონის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს II ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, თირკმელების, სახსრების პათოლოგიები. არცთუ იშვიათია დეპრესია. მას, წესისამებრ, თვითშეფასების დაქვეითება იწვევს, რომელიც წონის კატასტროფულ მატებას მოჰყვება. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი ჭამამანიაკი თავის მოკვლაზეც კი ოცნებობს. როცა “სმა-ჭამა დიდად შესარგი” ლამის რელიგიური კულტის რანგში აჰყავთ, საქმე, როგორ წესი, კოხტა ღიპით მთავრდება. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, გასტრონომიული ცდუნება ყოველთვის ჭამამანიად ვერ ჩაითვლება. ადამიანი ჭამამანიაკია, თუ ძალა არ შესწევს, თავი მოთოკოს და ერთ ჯერზე მიირთმევს უზომოდ ბევრს, უხვად აყოლებს დესერტს და... მალევე უჩნდება გამეორების სურვილი! გასტრონომიული ადიქციის დაძლევა, სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა აქაც უფრო ფსიქოლოგიური ჩარევაა საჭირო, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობა (თუმცა ხშირად ინიშნება ანტიდეპრესანტები). ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ჯგუფებიც კია შექმნილი, სადაც ჭამამანიით შეპყრობილები ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს უზიარებენ. არსებობს სოციალური საიტებიც, სადაც ონლაინ-თავყრილობები იმართება. ჭამისადმი მოჭარბებული ინტერესის დასაძლევად საუკეთესო გზაა კუჭზე რგოლის დადება. ამ დროს კუჭის მოცულობა საგრძნობლად მცირდება და თუ ადამიანი მანამდე თვალის დახამახამებაში სანსლავდა ათობით ხინკალს, ოპერაციის შემდეგ რამდენიმე ცალი ანაყრებს.
მსუნაგობის საფასური
ყველაზე უარესი, რასაც ღორმუცელობა უქადის ორგანიზმს, ჭარბი წონაა. აი, ჭარბი წონა კი, თავის მხრივ, გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მისი შედეგია:
. მაღალი არტერიული წნევა;
. ქოლესტეროლის მაღალი დონე, რაც საგრძნობლად სწევს მაღლა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების რისკს;
. ოსტეოართრიტი;
. II ტიპის დიაბეტი;
. ძილის აპნოე;
. რესპირაციული პრობლემები, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა;
. ინსულტი;
. ენდომეტრიუმის, ძუძუსა და ნაწლავის კიბოს დიდი ალბათობა.

***
ახალი წლის დღეებში მსუნაგობის დაძლევა და ჯანსაღი კვების ჩვევის გამომუშავება ცოტა ძნელია, მით უმეტეს – თუ ადამიანს წლების განმავლობაში ჭამისადმი მანიაკური მიდრეკილება ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ იმას გირჩევთ, გამოიჩინოთ ზომიერება და დღესასწაულის დასრულებისთანავე დაიწყოთ მოჭარბებულ მადასთან ბრძოლა. რჩევისთვის შეგიძლიათ ენდოკრინოლოგს მიმართოთ. ის უთუოდ შეგირჩევთ სწორ დიეტას და სათანადო რჩევა-დარიგებასაც მოგცემთ
მოკლედ | ვრცლად

                  კალორიარია

  საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან კალორიებზე ლაპარაკობენ. უამრავ რესტორანში გადაეყრებით მენიუს, სადაც კერძი ინგრედიენტებისა და კალორაჟის მიხედვით დაწვრილებით არის გაშიფრული...

აი, სუპერმარკეტში კი ნამდვილი კალორიული თავდავიწყება იწყება – ყველა პროდუქტის ეტიკეტზე კალორაჟის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოყვანილი. თუ ციფრებთან თამაში გიყვართ, უკეთეს გასართობ ადგილს ძნელად თუ იპოვით. საქმე ის არის, რომ კალორიულ სიგიჟესთან აქამდე მწყრალად მყოფმა მამაკაცებმაც დაიწყეს მრავლისმეტყველ ციფრებთან მეგობრობა. ყველაზე მეტად კი ჯადოსნური ციფრებით ის მამაკაცები დაინტერესდნენ, რომლებიც სპორტს მისდევენ და უნდათ თუ არა, უკვე დამწვარი და აწ დასაწვავი ენერგიის გამოთვლა უხდებათ – ამ ინფორმაციას თანამედროვე ტრედმილი და მსგავსი მოწყობილობები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გვაწვდიან.
მამოძრავებელი ენერგია
კალორიული ისტერიკა XX საუკუნეში დაიწყო, თუმცა თავად ტერმინს გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. ასე აღნიშნავდნენ XIX საუკუნეში იმ სითბური ენერგიის ერთეულს, რომელიც ძრავებს ამუშავებდა. საკვებს სიტყვა “კალორია” 1890 წელს დაუკავშირეს და პროდუქტის კვებითი ღირებულების დასახასიათებლადაც დაიწყეს მისი გამოყენება. საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, ერთი კალორია სითბური ენერგიის ის ნაწილია, რომელიც ერთი გრამი წყლის ერთი გრადუსით შეთბობის საშუალებას იძლევა. კონცეფციის მეტი თვალსაჩინოებისთვის მეცნიერებმა ცდა საკვებზე ჩაატარეს – სენდვიჩს, არც მეტი, არც ნაკლები, ცეცხლი წაუკიდეს და დააკვირდნენ, რამდენად შეთბობდა წარმოქმნილი ალი წყალს. უცნაურ ცდას ძალზე ბანალური დასკვნა მოყვა: რაც მეტად ათბობს ალმოდებული საკვები წყალს, მით მეტ კალორიას შეიცავს იგი. ეტიკეტზე მითითებული კალორაჟი კი სითბოს ის ოდენობაა, რომელიც ერთი კილოგრამი წყლის ერთი გრადუსით გათბობისას იხარჯება. თუ სითბურ თეორიას ადამიანურ სახეს მივცემთ ანუ წარმოვიდგენთ, რომ ადამიანის ორგანიზმიც ძრავის პრინციპით “მუშაობს”, იოლად მივხვდებით, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სითბურ ენერგიას და საკვებს. როგორც ვან დერ ბილტის უნივერსიტეტის პროფესორი მასიეჟ ბუკოვსკი აღნიშნავს, ერთი დიდი ძრავის ნაცვლად ადამიანის ორგანიზმში მილიონობით პატარ-პატარა ძრავაა ჩამონტაჟებული. ისინი უჯრედებშია მოთავსებული და მიტოქონდრიები ეწოდება.
  მოდი, ახლა ის გავარკვიოთ, საიდან მოდის ენერგია. თუმცა გასარკვევი არც არაფერია – დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენი სათუთი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითად წყაროს ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები წარმოადგენს. თუმცა მათ წვა-ათვისებას სხვადასხვაგვარი ძალისხმევა სჭირდება. მაგალითად, ნახშირწყლების 100 კალორიიდან საკვების ასათვისებლად მხოლოდ 5-10 იხარჯება. ცხიმების საქმე კიდევ უფრო რთულადაა – ისინი კიდევ უფრო ნაკლები იწვება. აი, ცილები კი ამ შეჯიბრებაში ნამდვილი ჩემპიონები არიან: ყოველ 100 კალორიიდან ცილის მოსანელებლად 20-30 კალორია იხარჯება. ასე რომ, იმავე ბუკოვსკის რჩევით, თუ წონის დაკლება გადაწყვიტეთ, ჯობს, რაციონი ცილებით გაიმდიდროთ.
რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მისაღები კალორიების გამოთვლა მაინც გაგვიჭირდება, რადგან, როგორც გითხარით, ორგანიზმი საკვებში შემავალ კალორიებს მთლიანად არ ითვისებს. ათვისების პროცესი უმთავრესად წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს, თუმცა საკვები ნივთიერებების დაახლოებით 10% განზე რჩება ანუ აუთვისებლად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ცხიმები იოლად იწოვება ნაწლავის კედელში, ცილების ათვისება კი მათ სახეობაზეა დამოკიდებული: ცხოველური უფრო იოლად იწოვება, ვიდრე მცენარეული. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ნახშირწყლებთან მიმართებით: მარტივ შაქრებს, მაგალითად, გლუკოზას,ორგანიზმი მარტივადაც ითვისებს; ნახშირწყლები, რომლებიც მცენარეულ პროდუქტებში შედის, რთული შენებისაა და სხვა კალორიების ათვისების დაბლოკვის უნარიც შესწევს. მაგალითად, თუ დღის განმავლობაში 60 გ ბოჭკოს მიიღებთ, იოლად დაკარგავთ იმ 20 კალორიას, რომლებსაც სხვა, ბოჭკოთი ღარიბ დღეებში ითვისებდით. როგორც ამერიკულ ჟოურნალ ოფ Nუტრიტიონ-შია ნათქვამი, ბოჭკოთი გაჯერებული დიეტის დაცვის შემთხვევაში ორჯერ მეტი კალორია რჩება აუთვისებელი, ვიდრე ნაკლებბოჭკოვანი დიეტის დროს.
გეთანხმებით, კალორიებსა და მათ ღირებულებასთან დაკავშირებით საქმე მართლაც გავართულეთ. რომ არ დაიბნეთ, მარტივ რჩევას მოგცემთ: ეცადეთ, დღეში 35-40 გრამი ბოჭკოვანი საკვები მაინც მიიღოთ.
ვარჯიში?
ტრედმილზე რბენა კალორიების წვასთან ასოცირდება. ასეც არის, მაგრამ დღედაღამ მოვარჯიშე მამაკაცებისთვის ერთი ინფორმაცია გვაქვს: რამდენიც არ უნდა ივარჯიშოთ, დღიური კალორიების 30%-ზე მეტს ვერ დაწვავთ. ენერგიის მეტი წილი სწორედ იმ პროცესებზე იხარჯება, აზრადაც რომ არ მოგივიდოდათ. მთლიანი კალორაჟის 60-70 პროცენტი თვალსა და ხელს შუა იხარჯება ქსოვილთა რეგენერაციაზე (ძველის ახლით ჩანაცვლებაზე), ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე და ა.შ., ეს პროცესები კი თავისთავად მიმდინარეობს და უფრო მეტად აქტიურდება, მაგალითად, წვერის პარსვისას გაკაწრული კანის შეხორცების დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წონის დასაკლებად მამაკაცმა სხეული დაიდაღოს, მაგრამ ფაქტია – ერთი ციცქნა ჭრილობის შეხორცებისას სხეულის ყოველ 500 გრამზე 10 კალორია იხარჯება. ასე რომ, მამრი, რომელიც 90 კგ-ს იწონის, მთელი დღე დივანზეც რომ იკოტრიალოს, 2000-მდე კალორიას მაინც დახარჯავს.
გარდა ამისა, კალორიები იხარჯება საკვების მომზადების, კიბეზე ასვლა-ჩასვლის, ავტობუსისა თუ სამარშრუტო ტაქსის დევნის დროსაც.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ხელოვნურ დამატკბობლებზე. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ “ცრუ” შაქრები (ასპარტამი, სუკრაზიტი) 40%-ით ზრდის ჭარბი წონის დაგროვების რისკს. ადამიანები, რომლებიც კალორიებს ითვლიან, ხშირად არასწორ კალკულაციას ახდენენ, ყურადღებას არ აქცევენ რაციონს და საბოლოოდ წონას არათუ ვერ იკლებენ, იმატებენ კიდეც. ასე რომ, გირჩევთ, თუ ღრმა დიეტოლოგიური ცოდნით არ ხართ აღჭურვილი, ერიდოთ კალორიების გაუთავებელ თვლას, ნუ მოინდომებთ შაქრის შემცვლელების ხარჯზე წონის დაკლებას და, რაც მთავარია, იკვებეთ გონივრულად. როგორ? არ მოაკლოთ ორგანიზმს არც ცილა, არც ნახშირწყალი და არც ცხიმი, მაგრამ არც გადააჭარბოთ.
მოდი, მაინც დავითვალოთ
მიუხედავად სირთულისა, კალორიების თვლა ბევრს ახალისებს. სწორედ მათ ვთავაზობთ ჰარის ბენედიქტის ფორმულას, რომელიც 85 წლის წინ შეიქმნა და ასე გამოიყურება:
(66.5 + (13.75 X კგ) + (5.003 X სმ) – (6.775 X ასაკი) ) X აქტივობის დონე
აქტივობის მაჩვენებელი 1.2-დან 1.8-მდეა, ხოლო მაქსიმალური აქტივობის შემთხვევაში შეგიძლიათ 2.0-იც კი მიუთითოთ. საზოგადოდ კი, ფორმულა მამაკაცს შეფასების თავისუფლებას აძლევს – მას თავად შეუძლია განსაზღვროს, რამდენად აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს და მიუთითოს სასურველი რიცხვი.
თავის შესაქცევად კი გთავაზობთ კალორიების მაჩვენებლებს აქტიურობის ტიპის მიხედვით:
მცირე ფიზიკური აქტიურობა    ენერგეტიკული ღირებულება
კალ/სთ*
წოლა, ძილი    90
მშვიდად ჯდომა   84
ჯდომა და წერა, ბანქოს თამაში და ა.შ.     114
საშუალო ფიზიკური აქტიურობა    (150-350)
ველოსიპედის მართვა    174  
ცეკვა    210
გოლფის თამაში    324
ჯირითი    246
სახლის დალაგება    246
ცურვა (კროლი)    288
ჩოგბურთი წყვილში     312
ფრენბურთი    264
სეირნობა    198
ძლიერი ფიზიკური დატვირთვა    350-ზე მეტი
საცეკვაო აერობიკა    546
კალათბურთი     450
ველოსიპედის სწრაფად მართვა    612 
ფეხბურთი    498
ციგურაობა     384
ძუნძული     654 
სწრაფი ცურვა (კროლი)    522
ჩოგბურთი მარტო     450
* მოყვანილია წუთში დამწვარი კალორიების ოდენობა დაახლოებით 68 კგ წონის მამაკაცისთვის
მოკლედ | ვრცლად

                                                    უსაფრთხოა თუ არა კონსერვირება

  ოჯახის პირობებში უსაფრთხო კონსერვირება შეუძლებელია. კვებითი ბოტულიზმის სიმძიმიდან გამომდინარე, მკითხველებს ამას არამც და არამც არ ვურჩევ...


                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                          კარაქისა და მარგარინის ომი

  ჩვენთვის, თაფლიანი და კარაქიანი პურით გაზრდილი თაობისთვის, მათი ერთ კონტექსტში ხსენება შესაძლოა შეურაცხმყოფელიც კი იყოს, მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მთელ მსოფლიოში გამარჯვება სწორედ მარგარინის მხარესაა...

                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                             სახალისო სასამართლო

  უ გგონიათ, რომ ცხოველური ცხიმი ყოველთვის მცენარეულზე ნოყიერია, ცდებით. ციფრებსაც შემოგთავაზებთ: 100 გ მზესუმზირას ზეთი 900 კკალ-იას შეიცავს, ხოლო იმავე ოდენობის ნაღების კარაქი – მხოლოდ 735-ს. ორგანიზმს ორივე სახის ცხიმი ერთნაირად სჭირდება, მთავარია, არ გადავამლაშოთ, უფრო ზუსტად, არ გადავამსუყოთ...


                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                             კვებითი დანამატები

  გემოს გამაძლიერებელთა შორის გლუტამინის მჟავა ლიდერობს. ის უხვად არის ქათმის ხორცში, ნიახურში, ყველაზე მდიდარი საბადო კი წყალმცენარე კომბუა, რომელიც იაპონურ კერძებში ფართოდ გამოიყენება...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                             გეპატიჟებით ჩაიზე

  ჩინელები ჩაის თავდაპირველად სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ის მარტო წამალი კი არა, სასიამოვნო სასმელიც იყო...

                                                              უფრო ვრცლად »»»


2  3  4  შემდეგი>  ბოლო >>

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად