ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ფსიქოლოგია

წავიდეთ წაღვერში

  ავტომანქანით დაახლოებით ორსაათ-ნახევარი მოგიწევს მგზავრობა, სარეისო მიკროავტობუსით, რომელიც ქალაქის ნებისმიერი ავტოსადგურიდან გადის – სამი. გზად მშვენიერი ხედებით დატკბები… ისტორიული წყაროების თანახმად, წაღვერის ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა, ლეგენდა კი, აი, რას მოგვითხრობს: ერთხელ აქ ძლიერი წვიმა მოსულა და მთის კალთაზე შეფენილი სოფელი წაულეკავს. გადარჩენილი ხალხი მთის ძირას, დაბაში გადასახლებულა, ამ ადგილისთვის
კი, წარღვნა დაგვატყდაო და, წაღვერი დაურქმევიათ. თუ წაღვერში დასვენებას გადაწყვეტ, ღამის გასათევის პოვნა არ გაგიჭირდება. აქ რამდენიმე პატარა სასტუმროა, სადაც ოთახს იოლად დაჯავშნი. ოთახის დაქირავება კერძო სახლშიც შეიძლება. მასპინძლები ამ ფასად კვებასაც შემოგთავაზებენ. სასტუმროებში ოთახის საფასური 30 ლარიდან იწყება, ხოლო კერძო სახლებში უფრო შეღავათიან ფასადაც ნახავთ. წაღვერს დამსვენებლები გასაჯანსაღებლად და გასაკაჟებლად სტუმრობენ. ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1025-1050 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დაბა საშუალო მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებს მიეკუთვნება. მისი სამკურნალო თვისებები ადგილმდებარეობითაა განპირობებული. მთავარი სამკურნალო ფაქტორები ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი, მზის რადიაციით მდიდარი ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყაროებია, რკინის შემცველობით 45 მგ/დმ3, საერთო მინერალიზაციით 3-5-გ/დმ3. მინერალურ წყაროებთან შეხამებული მთის კლიმატის გამო წაღვერში კომბინირებულ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი. დაავადებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა, თუმცა იმისთვის, რომ წაღვერში დასვენებისგან მაქსიმალური სამკურნალო შედეგი მივიღოთ, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. ამ წესების შესახებ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის “თბილისი სპას” ჯანმრთელობისა და სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ კურორტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს ვესაუბრეთ. ქალბატონმა მანანამ აგვიხსნა, რომ წაღვერის კლიმატი გარდამავალია დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატებს შორის, შესაბამისად, არ ახასიათებს ველის, უდაბნოსა და მაღალმთიანი კურორტებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობა. ასეთი ჰავა ორგანიზმს მეტეოროლოგიურ ფაქტორთა კომპლექსის მკვეთრი გავლენისაგან იცავს, რის გამოც მას დამზოგველ კლიმატსაც უწოდებენ. ამიტომ წაღვერი ძირითადად საბავშვო კურორტია. აქ ასევე იგზავნებიან ისეთი ავადმყოფები, რომლებიც კარდიოვასკულური და ნერვული სისტემის, აგრეთვე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატურ კურორტებს ვერ იტანენ. მთის კლიმატი ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებას იწვევს და სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას ზრდის. შესაბამისად, წაღვერში დასვენება ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია (განსაკუთრებით – ჰიპოქრომული), ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ან ფილტვების ემფიზემა აქვს. თუ თქვენი პატარა ხშირად ცივდება, გირჩევთ, წაღვერში წაიყვანოთ – სუფთა, გამჭირვალე მთის ჰაერი, მთიდან მონაბერი სიო, დაბურული წიწვოვანი ტყეები დასვენებისა და გაჯანსაღების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.
დასვენების სეზონი
წაღვერში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. ნალექების წლიური რაოდენობა აქ 585 მმ-ს უდრის, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა კი წალიწადში 2000 საათს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ზამთარი აქ შედარებით ცივი და საკმაოდ თოვლიანია. თოვლით წაღვერი დეკემბრის დამლევს იფარება, თოვლის საფარი მაქსიმუმს თებერვალში აღწევს და საშუალოდ მარტამდე გასტანს. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3.5 0C-ია. ამ პერიოდში დასვენებას უფრო საერთო გამაჯანსაღებელი და ტონუსის ამწევი ეფექტი აქვს. სამკურნალოდ კი წაღვერის სტუმრობა მაის-ივნისში ჯობია. ამ დროს აყვავებას იწყებს ნაძვი, ფიჭვი… სწორედ მათი მტვერია ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო ფაქტორი. ბავშვებისთვის წიწვიან ტყეებში სეირნობა, მათი მტვერის სუნთქვა ძალიან სასარგებლოა. როგორც ქალბატონმა მანანამ გვითხრა, მტვრის შეგროვება ადგილობრივებმა კარგად იციან და მისგან თურმე მურაბებსაც ამზადებენ. ეს მტვერი თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ და თავად მოამზადოთ მურაბა ან თაფლში გახსნათ და თქვენს პატარას მთელი წლის განმავლობაში მისცეთ. ასე მას იმუნიტეტს გაუძლიერებთ და ხშირი გაციებისგან დაიცავთ.
წაღვერში ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,3 გრადუსია. დასვენების სეზონი აქ სექტემბრამდე გრძელდება. ოქტომბრიდან ტემპერატურა იკლებს და დამსვენებლებიც ქალაქში მიდიან.
ზაფხულში უკეთაც გაერთობი: ისეირნებ ბუნების წიაღში, დაკრეფ სოკოს, ითევზავებ, მოინახულებ აქ მდებარე ისტორიულ ძეგლებს ან მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკს მოაწყობ. ტყეში სეირნობა ზაფხულობით წაღვერში დასვენების მთავარი ეშხია. ტყე გარს აკრავს მთელ წაღვერსა და მის მიმდებარე სოფლებს. მისი ფართო მასივიდან გამორჩეულია მარიჯანისა და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს ეს სახელი სახელგანთქმული პოეტი ქალის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც წაღვერის მშვენიერებას რამდენიმე ლექსი უძღვნა. არჯევანიძის ტყე კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც აქ 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. აგარაკების უმრავლესობა სწორედ ამ ტყეში მდებარეობს.
ტყეში რაც შეიძლება მეტხანს ისეირნეთ. სუფთა ჰაერი ზედმეტი არასოდეს იქნება. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ გარეთ, მით უკეთესი, მაგრამ ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ეცადეთ, შუადღისას ჩრდილს შეეფაროთ.
ხანგრძლივობა
ექიმი გვირჩევს, სამკურნალო ეფექტის მისაღებად კურორტზე თვეზე ნაკლები ხანი არ გავატაროთ. 10-14 დღით კურორტზე წასვლა ზამთარში შეიძლება ზოგადი გაჯანსაღების მიზნით, ზაფხულში კი ორკვირიანმა დასვენებამ სასურველი შედეგი შესაძლოა ვერ გამოიღოს. რამდენიმე დღე ორგანიზმს ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციისთვის სჭირდება, შემდეგ საჭიროა გარკვეული დრო, რათა კურორტულმა ფაქტორებმა იმოქმედოს, ამიტომ დასვენების ოპტიმალური ხანგრძლივობა სამი-ოთხი კვირაა.
აკლიმატიზაცია
წაღვერში აკლიმატიზაციის პრობლემა მაინცდამაინც არ შეგაწუხებთ, თუმცა მცირე სიმპტომებმა შესაძლოა მაინც იჩინოს თავი. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან. არ შეშინდეთ, თუ აგარაკზე ჩასვლის პირველ დღეებში თქვენი პატარა ჭირვეულობს, შფოთავს, ცუდად სძინავს, აღგზნებულია ან უმადობას უჩივის – ეს სიმპტომები 2-3 დღეში უკვალოდ გაქრება, ბავშვს მადაც გაუძლიერდება და ძილიც მოუწესრიგდება. მაგრამ თუ აკლიმატიზაცია გახანგრძლივდა, ე.ი. ეს კურორტი თქვენს პატარას არ უხდება და ჯობს, იქიდან წამოხვიდეთ.
უკუჩვენებები

თუ თქვენ ან თქვენს შვილს წიწვოვან ტყეში ალერგიას გაძლევთ, წაღვერში დასვენებისგან თავი უნდა შეიკავოთ. აქ მკურნალობა ასევე უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ესენციური ჰიპერტენზიის III სტადია, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმა, ფილტვების ღია აქტიური ტუბერკულოზი, ნეფროზო-ნეფრიტები, მკვეთრდა გამოხატული ნევრასთენია ან თირეოტოქსიკოზი აწუხებს. არ დაგავიწყდეთ, რომ კურორტოთერაპია ასევე იკრძალება ნებისმიერი დაავადების მწვავე სტადიაში.
წაღვერის წყალი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წაღვერის სამკურნალო თვისებებს მისი უნიკალური წყაროებიც განაპირობებს. ეს წყაროები, ერთი მხრივ, ნახშირმჟავას, მეორე მხრივ კი რკინას შეიცავს, რის გამოც დაავადებათა ფართო სპექტრს უხდება – ქრონიკულ გასტრიტებს, კოლიტებს, საშარდე გზების დაავადებებს, ანემიებს. სხვადასხვა დაავადების დროს წყლის მიღების წესები და დოზირება სხვადასხვანაირია.
ქალბატონი მანანა გვირჩევს, თუ კუჭის წვენის მომტებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი გვაწუხებს, თბილი, უგაზო მინერალური წყალი ჭამამდე 1-1,5-ით ადრე მივიღოთ. მომატებული მჟავიანობის მიზეზი კუჭის ჯირკვლების მიერ კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფაა. ამ ხნის განმავლობაში ტუტე წყლები თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლას ასწრებენ და მისი ზედაპირიდან რეფლექსურად კუჭის გამომყოფი ფუნქციის შეკავებას იწვევენ, რის შედეგადაც იკლებს სეკრეცია და კუჭის წვენის მჟავიანობაც ქვეითდება. თუ, პირიქით, დაქვეითებულ მჟავიანობას უჩივით, ოთახის ტემპერატურის, ოდნავ გაზიანი მინერალური წყალი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ. მინერალურ წყალში არსებული ნატრიუმის ჰიდროკარბონატი კუჭის წვენის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას ქლორნატრიუმსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის სეკრეციულ აპარატს, აძლიერებს წვენის გამოყოფას და, შესაბამისად, მჟავიანობის მომატებას იწვევს.
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებებისას თბილი, უგაზო წყალი ჭამამდე ერთი საათით ან ორმოცი წუთით ადრე უნდა მიიღოთ.
კოლიტის, ყაბზობის, დიარეის დროს, წყალს კუჭის წვენის მჟავიანობის მიხედვით ნიშნავენ. თუ ის ნორმაშია, მაშინ მინერალური წყალი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ.
საშარდე სისტემის დაავადებებისას წყლის მიღების დროს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ძირითად ეფექტს წყლის რაოდენობა იძლევა. თუ არ გაქვთ უკუჩვენება (გულის ან თირკმლის უკმარისობა ან შეგუბებით მიმდინარე სხვა დაავადება), სვით დღეში 2-3 ლიტრამდე წყალი, რათა საშარდე გზები მინერალური წყლით გამოირეცხოს.
წაღვერის წყალი უმთავრესად დასალევად გამოიყენება. არ არის რეკომენდებული მისი ინჰალაცია ან აბაზანები.
წაღვერში შეგიძლია ესტუმრო ბიბლიოთეკას, ითამაშო ტირი, ჩოგბურთი, საღამო ლუდის ბარში გაატარო ან ფილმი ნახო.
წაღვერის ბუნებრივ რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მდინარე გუჯარულას, რომელიც 39 კილომეტრზეა გადაჭიმული. იგი სათავეს გვირგვინასა და ციხისჯვრის, ცხრაწყაროს ქედების შესართავთან იღებს, დასავლეთით მიედინება და ბორჯომთან მტკვარს ერთვის. ყველაზე დიდი პრობლემა წაღვერში ის არის, რომ საზოგადოებრივ საპირფარეშოს თითქმის ვერ ნახავ. ეს ყველაფერი დამსვენებლებსა და ტურისტებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
წაღვერში შეგიძლია გაისერინო “კუკუშკით”, ეწვიო ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს. გირჩევ, აუცილებლად მოინახულო ტიმოთესუბანი და ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. მონასტერი მაღალგუმბათიანია. გუმბათის დეკარად სხვადასხვა ზომის ცისფრად მოჭიქული ფილებია გამოყენებული. ტაძრის სამხრეთის მხარეს, სახურავის ქვეშ, მცირე ზომის კარიბჭეა მიდგმული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარი გიორგი ბრწყინვალეს დავალებით აიგო. სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს წაღვერის ტყის მოზრდილი ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა და აქაურებმა დიდი ზარალიც იწვნიეს. ოფიციალური მონაცემებით, წაღვერის მიდამოებში 1000 ჰა-ზე მეტი უნიკალური ტყე დაიწვა. საბედნიეროდ, კურორტი განადგურებას გადაურჩა.
მაშ, მოემზადე, მაისი კარს მოგვადგა!

მოკლედ | ვრცლად


სიგიჟედ შერაცხული მკურნალობა
 
დღე სიცილის გარეშე დაკარგული დღეა.
ჩარლი ჩაპლინი
თუ დღეს საკუთარ პრობლემებზე სიცილი არ ისწავლე, სიბერეში ვეღარაფერზე გაიცინებ.
ედგარ ჰოუვი
ამის გაკეთება ყველას შეუძლია, განურჩევლად იმისა, მდიდარია თუ ღარიბი, ზარმაცი თუ ბეჯითი. მნიშვნელობა არც იმას აქვს, როგორ გაცვია, სად მუშაობ და რა ტემპერამენტის პატრონი ხარ. სიცილი ახალისებს, აჯანსაღებს, აახალგაზრდავებს და, რაც მთავარია,
სრულიად უფასოა. მხიარული პაციენტი
“ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა” – ასე ეძახიან სიცილის თერაპიის დამაარსებელს, ამერიკელ ნორმან კაზინსს. გაზვიადება არ გეგონოთ – მან სიცილით მართლაც დაამარცხა სიკვდილი.
მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კაზინსს სახსრების იშვიათი დაავადება დაემართა. როდესაც ექიმებმა განკურნების იმედი გადაუწურეს და შინ გაისტუმრეს, მან გადაწყვიტა, სენს საკუთარი მეთოდით შებრძოლებოდა – ოთახში ჩაიკეტა და კომედიების ყურებაში გაატარა რამდენიმე დღე. შედეგი მართლაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფს ტკივილმა გაუარა, ერთი თვის შემდეგ სიარული დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდა. სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყეს მსოფლიოში ადამიანის ჯანმრთელობაზე სიცილის გავლენის შესწავლა, თავად კაზინსმა კი სპეციალური კათედრა შექმნა, სადაც დღეს სიცილის თერაპიის 600-მდე სპეციალისტი მუშაობს. ისინი სიცილით მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს სწავლობენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. სიცილი აუმჯობესებს განწყობასა და თვითშეგრძნებას. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების – დოფამინის, სეროტონინისა და “ბედნიერების ჰორმონის” ენდორფინის – ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება. თანაც დროული ხუმრობის პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. სიცილი სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშიცაა, რომლის დროსაც კუნთების 80 ჯგუფი ერთდროულად მოქმედებს: მოძრაობს მხრები, ვიბრირებს დიაფრაგმა… მეცნიერები ამბობენ, რომ ერთწუთიანი სიცილი ოცწუთიან ფიტნესს უდრის.
ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ ჰიპოკრატე სიცილით მკურნალობდა უამრავ დაავადებას. დღესდღეობით ყველაზე მეტი კლუბი, სადაც ამ თერაპიის გავლა შეიძლება, ინდოეთშია. იაპონიაში კი სიცილით დიაბეტსა და ტუბერკულოზს ებრძვიან.
სიცილით მკურნალობას გელოტოლოგია ჰქვია. ექიმი გელოტოლოგები გვარწმუნებენ, რომ სიცილი ამცირებს ტკივილს, კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს, ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს, არეგულირებს თავის ტვინისა და გულის მუშაობას. ისინი გვირჩევენ, მაშინაც კი ვიცინოთ, როცა არ გვეცინება, ვუყუროთ სასაცილო გადაცემებს, ფილმებს, ხშირად ვიკითხოთ ანეკდოტები. მათი აზრით, მთავარია, ვირწმუნოთ სიცილის ძალა, რათა ავადმყოფობა ადვილად ვერ მოგვერიოს. სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას და სასარგებლოა ორსულებისთვის. ქვეყნებში, სადაც სიცილის თერაპიას აქტიურად მისდევენ, მას სამშობიარო შეტევების პირველ ეტაპზე იყენებენ. სეანსი საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილის.
სიცილს, ისევე როგორც სხვა წამლებს, უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, თიაქრის, თვალისა და ფილტვის დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის დროს დიდხანს სიცილი რეკომენდებული არ არის. სიცილი საშიშია, როცა არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება ან ოპერაციის შემდგომი გართულება. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება, მან არ უნდა დაძაბოს კუნთები. ყველა დანარჩენისთვის კი სიცილი წამალია.
აშშ-ში, სადაც სიცილით თერაპიის უამრავი სპეციალისტია, სიცილის ცენტრებიც კი მოქმედებს. ხალხი იქ ისევე დადის, როგორც ფიტნესკლუბში, აუზზე ან კორტებზე. ჯგუფური სეანსების დროს გუნებაზე მოსვლა გაცილებით ადვილია, შედეგიც – უფრო ხანგრძლივი. სამწუხაროდ, საქართველოში სიცილის თერაპიას არ მისდევენ, თუმცა პირველი ნაბიჯები ამ კუთხით 90-იან წლებში გადაიდგა. სწორედ იმ პერიოდში წავიდა საქართველოდან თანამოაზრეებთან ერთად მაგნო შავდია. მას ინდოეთმა უმასპინძლა და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მისცა. დღეს ის ინდოეთის მედიტაციური ფერწერის ცენტრის ხელმძღვანელი და მედიტაციის მასწავლებელია. კურსებში, რომლებსაც დიდი ხანია უძღვება, სიცილის თერაპიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაგნოს ინტერნეტით ვუკავშირდებით. იმით გახარებული, რომ სამშობლოში მისით და მისი პროფესიით დაინტერესდნენ, მაგნო სიამოვნებით მოგვითხრობს თავის ამბავს.
მაშინ, როცა ქართველებმა გულიანი ხარხარი გადაწყვიტეს
– ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1980 წელს, საქართველოში ოშოს სამედიტაციო ცენტრი ჩამოყალიბდა. მაშინ ასეთი ცენტრები არალეგალურად ფუნქციობდა, თუმცა მე მაინც ინტენსიურად ვატარებდი სიცილის თერაპიას, ვმართავდი მედიტაციის კურსებსა და შეკრებებს. ცენტრში მხოლოდ ოცი კაცი გაერთიანდა, მაგრამ ეს რაოდენობაც იმ დროისთვის გასაკვირი და შესაშური იყო. ცენტრმა თორმეტი წელი იარსება. მერე მთელი ამალითურთ საცხოვრებლად ინდოეთში წავედი. იქ ოშოს სამედიტაციო კომუნაში დავსახლდით, სადაც ერთმანეთთან საუკეთესოდ იყო შეხამებული დასავლური ფსიქოთერაპია და აღმოსავლური მედიტაცია. დიდხანს შევისწავლიდი ამ საქმიანობას. მერე გერმანიაში გადავედი და სამედიტაციო ცენტრში დავსახლდი. აქედან მოყოლებული, მედიტაციის შესწავლის უამრავი მსურველი მყავს. სიცილის თერაპიის კურსებს კი აქაურები ისეთსავე აუცილებლობად მიიჩნევენ, როგორც საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს.
სიცილის თერაპიის კურსების მიმართ ინტერესი საქართველოშიც გაუჩნდათ. მაგნო გვიამბობს, რომ ყოველი წლის ოქტომბერში ის რამდენიმედღიან კურსებს მართავს, რომელთა გავლა ყველა მსურველს შეუძლია. გასული წლის ოქტომბერში კურსებს მისი მეუღლე უძღვებოდა და რამდენიმე ადამიანს სიცილის ლიდერის სტატუსიც მიანიჭა. მაგნო ამბობს, რომ ტრეინინგზე მოსულები თავდაპირველად სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ თანდათან ყინული ლღვება და ისინიც რწმუნდებიან სიცილის ძალაში.
მოდი, გულიანად ვიცინოთ!
– აქ, გერმანიაში, სჯერათ, რომ გულიანი სიცილი მრავალ დაავადებას შველის, – გვიამბობს მაგნო, – გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი. სიცილი ხელს უშლის სტრესის ჰორმონების გამომუშავებას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ზოგჯერ ერთი გაცინებაც საკმარისია, რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ. სიცილი რთულ სიტუაციებში შეუცვლელი დამხმარეა და თუ ადამიანს შეუძლია, დასცინოს საკუთარ თავს და პრობლემებს მოულოდნელი კუთხით შეხედოს, ის არასოდეს დაყრის ფარ-ხმალს, სირთულეებს ყოველთვის დაძლევს.
თუ საზღვარგარეთ სიცილი ჯანსაღი ცხოვრების ნაწილად იქცა, საქართველოში ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ხშირად გამიგონია არასასიამოვნო რეპლიკები მხიარულების მოყვარულთა მიმართ, მაგალითად: “ეს ვერ არის!” არადა, სიცილი აუცილებელია. მეტიც – აუცილებელია, ვიცინოთ ხშირად და ცუდია, რომ ხალხს სასწაულმოქმედი აბებისა უფრო სჯერა, ვიდრე სიცილისა.
ამრიგად, თუ “სიცილის ლიდერის” სტატუსის მოპოვება გსურთ, ამის გაკეთება საქართველოშიც შეგიძლიათ, ხოლო თუ გინდათ, ეს საქმიანობა პროფესიად აქციოთ, მაგნო შავდია გირჩევთ, ინდოეთს მიმართოთ.
როგორ გავიცინოთ? ეს ძალიან იოლია. დადექით სარკის წინ, ჯერ გაიღიმეთ, მერე უფრო ხმამაღლა გაიცინეთ. უკანასკნელი საფეხურია ხარხარი, რომელიც გაბმულ სიცილში გადაიზრდება. ათწუთიანი პროცედურის შემდეგ თქვენ სხეულს – მხნეობა, სიცოცხლეს კი ხანგრძლივობა შეემატება.

მოკლედ | ვრცლად

მაღაზიისკენ ბედნიერების საძიებლად

  ისინი ბედნიერებას მხოლოდ ნივთების შეძენაში პოვებენ. მათთვის ცხოვრება მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც მაღაზიიდან შენაძენით დატვირთულები გამოდიან. ყიდულობენ ყველაფერს, განურჩევლად საჭიროებისა. ხშირად მათი შენაძენი სრულიად უსარგებლო და უფუნქციოა, შესაძლოა არც არასოდეს გამოიყენონ; მიუხედავად ამისა, მზად არიან, მაღაზიაში უკანასკნელი გროშები დატოვონ და საყიდლებისთვის სესხიც კი აიღონ. ინგრევა ოჯახები, ბევრი თავს იკლავს...
დაავადებას, რომელზეც ამჯერად გვსურს გესაუბროთ, უბრალო ენით შოპინგომანიას ან შოპოჰოლიზმს უწოდებენ, ფსიქიატრებისთვის კი მას ონიომანია ჰქვია.
ფსიქოლოგიური დარღვევა, დაავადება თუ პათოლოგიური დამოკიდებულება?
ოციოდე წელიწადია, რაც ზემოხსენებული სენი სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად იქცა. მისი არსით პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ. გამოკვლევებმა აჩვენა,
რომ ამერიკის 15 მილიონი მოქალაქე შოპოჰოლიზმით არის დაავადებული, 55 მილიონი კი ამ მანიაკური გატაცების ზღვარზეა. აშშ-ში ანონიმური შოპოჰოლიკების 400-მდე განყოფილებაა. მათში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებსაც ყიდვის მანიაკურმა სინდრომმა ლამის ცხოვრება დაუნგრია და ამ სენისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ის კი არა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამ მანიით შეპყრობილმა ადამიანებმა, იმის გამო, რომ მათი ვალები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
ამერიკელებს არც ევროპელები ჩამოუვარდებიან. მხოლოდ ინგლისში შოპოჰოლიზმით ზრდასრული მოსახლეობის 2-დან 10%-მდეა დაავადებული. გერმანიაში შოპინგომანიით შეპყრობილთა რიცხვი ჯერ კიდევ 2008 წელს 800 ათასს აჭარბებდა.
შოპინგით მანიაკური გატაცება არც ქართველებისთვის არის უცხო ხილი. ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც უსასრულოდ სტუმრობს მაღაზიებს, გატაცებულია ინტერნეტშოპინგით და თითქმის ყოველდღიურად იწერს ათასგვარ ნივთს სანდო თუ ნაკლებად სანდო საიტებიდან, იღებს  და დაუფიქრებლად იყენებს უამრავ საკრედიტო ბარათს, მთელ დანაზოგს  ზოგჯერ სრულიად უსარგებლო ნივთის შესაძენად ხარჯავს და ა.შ.
კვლევებმა აჩვენა, რომ შოპოჰოლიზმი ეკონომიკური განვითარების თანამდევი სენია და უმთავრესად დიდ ქალაქებში ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის, რომ მეგაპოლისებში უამრავი გამოკვლევა ტარდება იმ უხილავი ზღვრის გამოსავლენად, რომელიც ყიდვისადმი მანიაკურ დამოკიდებულებასა და საყიდლებზე სიარულით მოდურ გატაცებას შორის გადის. როდის იქცევა საყიდლების სიყვარული მანიად, ძნელი სათქმელია. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ვერც იმაზე თანხმდებიან, რა ტიპის დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნონ  ონიომანია: ფსიქოლოგიური დარღვევებისას, რომლებიც ფსიქოთერაპიით იკურნება, ფსიქიატრიული დაავადებებისას, რომლებიც მედიკამენტურ ჩარევას მოითხოვს, თუ ნარკოდამოკიდებულებასთან გააიგივონ.
შოპინგომანია რაღაცით ექსტრემალური სპორტით გატაცებასაც ჰგავს. ისევე როგორც ექსტრემალები, შოპოჰოლიკებიც განიცდიან ადრენალინის წყურვილს, ყოველი ახალი შენაძენი კი მათ განუზომელ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმი ამას ეჩვევა და ადრენალინის უფრო და უფრო დიდ დოზას ითხოვს. შოპინგომანებიც, მძაფრი შეგრძნებების გამოსაწვევად, უფრო და უფრო მეტ და ძვირად ღირებულ ნივთს ყიდულობენ (ისევე როგორც ექსტრემალები  ლახავენ მეტ და მეტ სირთულეს შეგრძნებათა გასამძაფრებლად).
განურჩევლად იმისა, რა განსაზღვრებას მივანიჭებთ შოპოჰოლიზმს, ერთი რამ ცხადია: ეს მოვლენა ალკოჰოლიზმზე, თამბაქოს წევასა და ნარკოდამოკიდებულებაზე არანაკლებ სერიოზული პრობლემაა და მისგან განსაკურნებლად ადამიანს სპეციალისტის დახმარება სჭირდება. შოპოჰოლიკებს სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხომ თითქმის იგივე ემართებათ, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულებს, ნარკო-და ნიკოტინდამოკიდებულებს, ანდა თამაშის მანიით შეპყრობილებს. ვითარდება აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. “ლომკა”), რომელიც აგრესიით ან დეპრესიით გამოიხატება, ხშირად კი მდგომარეობას თავისა და სახსრების ტკივილიც ართულებს.
რა იწვევს შოპინგომანიას?
შოპინგით მანიაკური გატაცების გამომწვევი ერთი, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ეს სენი ადამიანს უამრავი ფაქტორის გამო შეიძლება ჩამოუყალიბდეს. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიებში დაუსრულებელი სიარულით ადამიანები ბავშვობის დროინდელი დაუკმაყოფილებლობის კონპენსირებას ახდენენ. შოპინგომანები ხშირად სწორედ ისინი ხდებიან, ვისაც ბავშვობაში ბევრი რამ აკლდა, ვისთვისაც მშობლები ვერ ყიდულობდნენ სასურველ სათამაშოებს, ტანსაცმელს, სასუსნავს...
შოპოჰოლიზმის  მიზეზად შეიძლება იქცეს არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასებაც. ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით ან საზოგადოებაში დაკავებული ადგილით და წარუმატებლობის მიზეზად საკუთარი ნაკლოვანებები მიაჩნიათ, ფიქრობენ, რომ მოდური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკის, გასახდომი ტრენაჟორისა თუ ტაბლეტების მეშვეობით წარმატებას მიაღწევენ. ზოგჯერ ეს მოსაზრება დაუძლეველ აკვიატებად ექცევათ ხოლმე. ყიდულობენ უსასრულოდ და თავად შეძენის პროცესისგან ისეთ სიამოვნებას იღებენ, რომ მიზანი ხშირად ავიწყდებათ კიდეც.
კვლევები ამტკიცებს, რომ შოპოჰოლიკები ხშირად ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც ბავშვობაში  ყურადღება და სითბო აკლდათ, მშობლები კი მათ სანაცვლოდ საჩუქრებს სთავაზობდნენ. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახალ ნივთს ერთგვარ ფსიქოლოგიური დაცვის საშუალებად აღიქვამენ და ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში, განწყობის გამოსაკეთებლად, მაღაზიაში გარბიან.
შეამოწმეთ საკუთარი თავი

ზღვარი ონიომანიასა  და შოპინგით გატაცებას შორის, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან მყიფეა. თანაც, როგორც წესი, შოპოჰოლიკებს საკუთარი პრობლემის აღიარება უჭირთ. ამიტომ სანამ ჩათვლიდეთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ, შეამოწმეთ საკუთარი თავი, უპასუხეთ კითხვებს  და დააკვირდით იმ სიმპტომებს, რომლებიც შოპოჰოლიზმს ახასიათებს. თუ თქვენი პასუხების უმრავლესობა დადებითია, ე.ი თქვენ ან უკვე ჩამოყალიბებული შოპოჰოლიკი ბრძანდებით, ან ამ დაავადებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ და დროა, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
. გრძნობთ, რომ რამის შეძენის სურვილი ისეთი ძლიერია, საკუთარ ქცევაზე კონტროლს გაკარგვინებთ?
. მაღაზიებში მხოლოდ საჭირო ნივთზე ორიენტირების უნარს კარგავთ და ყიდულობთ და ყიდულობთ მანამდე, სანამ ფული არ გაგითავდებათ?
. სახლში უსარგებლო ნივთები უსასრულოდ გიგროვდებათ?
. ახალი ნივთის შეძენის სურვილი გიჩნდებათ ყოველთვის, როცა კი რამე გაღიზიანებთ, დაუკმაყოფილებლობას ან იმედგაცრუებას გრძნობთ, უგუნებოდ ხართ?

. მაღაზიებს “გასართობად” უფრო ხშირად სტუმრობთ, ვიდრე მეგობრებს, თეატრს, კინოს?
. უსარგებლო შენაძენის გამო საკუთარ თავზე ხშირად ბრაზობთ და სიტყვას აძლევთ, რომ ეს აღარ განმეორდება, მაგრამ მიცემული სიტყვა მხოლოდ მაღაზიაში მორიგ ვიზიტამდე გახსოვთ?
. ატყობთ, რომ შოპინგით გატაცება ნეგატიურად აისახება თქვენი ცხოვრების წესზე (ოჯახში უაზრო შენაძენების გამო უთანხმოებებმა იმატა, სამსახურში პრობლემები მოგიმრავლდათ და ა.შ)?
. საფულეში რამდენიმე საკრედიტო ბარათი გიწყვიათ გახარჯული თანხით და კიდევ გსურთ ახალი საკრედიტო ბარათის აღება?
. ხშირად მიდიხართ მაღაზიაში კონკრეტული მიზნის გარეშე?
როგორ გადავირჩინოთ თავი საკუთარი თავისაგან
თუ გრძნობთ, რომ შოპინგით გატაცება უსიამოვნებას გაყენებთ და მზად ხართ, ამ პრობლემას ებრძოლოთ, ესე იგი სიტუაცია არც ისე უიმედოა. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად პირველ რიგში, თქვენს მადას საზღვრები უნდა დაუწესოთ, რ
აშიც რამდენიმე მარტივი წესის დაცვა დაგეხმარებათ:
. სანამ მაღაზიაში წახვიდოდეთ, წინასწარ ჩამოწერეთ, რისი შეძენა გსურთ, მიუწერეთ სავარაუდო დანახარჯის რაოდენობა და მაღაზიაში მხოლოდ საჭირო თანხითა და საყიდლების სიით აღჭურვილი გაეშურეთ.
. იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში წასვლა არ გაქვთ დაგეგმილი, ჯიბეში ხოლოდ ის თანხა ჩაიდეთ, რაც სამგზავროდ და სადილისთვის გჭირდებათ.

. მაღაზიაში “გასაგიჟებელი” ნივთი (ტანსაცმელის ჩანთა, ფეხსაცმელი) დანახვისთანავე არ იყიდოთ. უმჯობესია, გამყიდველს სთხოვოთ, სასურველი ნივთი საღამომდე ან მეორე დილამდე გადაგინახოთ. ადვილი შესაძლებელია, რამდენიმე საათში მიხვდეთ, რომ ეს ნივთი არაფერში გამოგადგებათ.
. გაითვალისწინეთ: ფასდაკლება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მთელი მაღაზია უნდა იყიდოთ. ის, რომ ნივთი ადრინდელზე იაფი ღირს, სულაც არ ზრდის მის საჭიროებას.
. მოიშორეთ საკრედიტო ბარათები და ეცადეთ, საყიდლებში ყოველთვის ნაღდი ფული გადაიხადოთ. ასე უკეთ მიხვდებით, რა თანხას ხარჯავთ და უკეთაც შეძლებთ მის განაწილებას.
ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ  შოპოჰოლიზმის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ  სეროტონინის ნაკლებობაც არის, ასე რომ, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, მაგალითად, კაკალი, ლეღვი, ბანანი, შოკოლადი და ბედნიერების საძებნელად მაღაზიისკენ გული ნაკლებად გაგიწევთ.

მოკლედ | ვრცლად

                                                                         ყურადღების დეფიციტის სინდრომი

  სკოლიდან დავბრუნდით, ვისადილეთ, – დროა, წიგნებს მივუსხდეთ, მაგრამ ჯერ ათასი საქმე გამოგვიჩნდება განსახილველი, მერე ხან რვეულს ვკარგავთ, ხან – კალამს; როგორც იქნა, ვსხდებით, მაგრამ წამდაუწუმ ვპოულობთ მეცადინეობის შეწყვეტის საბაბს: ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ეზოში ვინ გაიარა, მერე ხეზე აცოცებული ფისუნიას ბედი გვაწუხებს....
                                                             

                                                                                                             უფრო ვრცლად »»»

                                                                 დეპრესია

 დროდადრო უგუნებოდ ყოფნა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ როცა სიცარიელისა და იმედგაცრუების განცდა ერთიანად მოიცავს ადამიანს და უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, ეს უკვე შეიძლება დეპრესია იყოს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გვართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს. დეპრესიული ადამიანი მუდამ დაქანცულია. მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო უნუგეშო ხდება. ძველ გატაცებებსა და მეგობრებს სიხარული აღარ მოაქვთ...

                                                უფრო ვრცლად »»»


                                                                სიმართლე ტყუილზე

  დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ...


                                                უფრო ვრცლად »»»


                                                               წაკითხვას მაინც ნუ დაიზარებთ

  მეცნიერებამ, ყველაფერში რომ უყვარს თავისი გრძელი ცხვირის ჩაყოფა, არც ამ თვისებას დასწყვიტა გული და დაადგინა, რომ არ არსებობს ადამიანი, რამე ერთხელ მაინც არ დაზარებოდეს. სიზარმაცის გენიც კი აღმოაჩინეს...


                                      უფრო ვრცლად »»»


                                                                 ვიყიდი, ვიყიდი, ვიყიდი რამეს

  ეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს...


                                      უფრო ვრცლად »»»


1  2  შემდეგი>

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად