ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ნევროლოგია, ფსიქიატრია >>ჟურნალი "ავერსი" N55
რა იწვევს თავბრუხვევას

დედამიწა რომ მაინც ბრუნავს, ამ თუ სხვა მიზეზით ერთი-ორ კაცს კოცონზე შეხრუკვა ნამდვილად მოუხდა. დღეს, მართალია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ ზოგჯერ გვგონია, დედამიწა გაგვიჩერეს და ჩავედით ან მესამე თვალი აგვეხილა და მიწყივ მბრუნავი წუთისოფლის წაღმა-უკუღმა ტრიალი ფიზიკურადაც შევიგრძენით. ბავშვობაში რომელ ჩვენგანს არ უბზრიალია წრეში ხელჩაკიდებულს, შემდეგ კი დატრიალებული სამყაროსთვის სიამოვნებით უცქერია. მოწიფულ ასაკში კი, გინდ მარჯვნიდან იყოს და გინდ ქვემოდან, შექანება ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
 მაინც რატომ გვაქანავებს, რა გვაკარგვინებს წონასწორობას და რა შეგვიძლია ვიღონოთ? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგი დავით ბათიაშვილი
– ნევროლოგიურ პრაქტიკაში თავბრუხვევა ყველაზე ხშირი ჩივილია თავისა და წელის ტკივილის შემდეგ, ხოლო 70 წელს გადაცილებულებს შორის, ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, პირველ ადგილზეც კი დგას. აშშ-ის ჯანმრთელობის ასოციაციის მონაცემებით, ამერიკის მოსახლეობის 50%-ს წელიწადში ერთხელ მაინც აქვს თავბრუხვევის შეგრძნება.
უმეტესად თავბრუხვევა მხოლოდ დროებით აქვეითებს პაციენტის შრომის უნარსა და სოციალურ ადაპტაციას, თუმცა ამ სიმპტომის მიღმა შესაძლოა ისეთი მდგომარეობა იმალებოდეს, პაციენტის ხანგრძლივი შრომითი და სოციალური უუნარობის, ინვალიდობის, ხოლო რიგ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს, ამიტომ თავბრუხვევა სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ საყურადღებო ჩივილად ითვლება. მისი ყველა შემთხვევა დეტალური განხილვისა და კვლევის საგნად უნდა იქცეს. აქვე ვიტყვი, რომ ამ სიმპტომთან გამკლავება მხოლოდ ნევროლოგებს როდი გვიწევს. ასეთ ავადმყოფთა ნაწილს სხვა სპეციალობის ექიმების – ოტორინოლარინგოლოგების, ოფთალმოლოგების, კარდიოლოგების დახმარება სჭირდება.
– მარკშეიდერისა არ იყოს, ამიტომ ხომ არ გვთხოვთ, ზუსტად გავიხსენოთ, მარჯვნიდან შეგვაქანა თუ ქვემოდან? მაინც რა ბრუნავს – ოთახი თუ ჩვენ თვითონ? ისედაც გაწამებული ავადმყოფის დაბნევა დიაგნოზის დასადგენად მართლა აუცილებელია?
– დაბნევისა რა მოგახსენოთ, დეტალების დადგენა კი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩივილებში ზუსტი ჩაძიებითაც კი  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი სისტემის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. არ არის გამორიცხული, ექიმი და პაციენტი თავბრუხვევას სხვადასხვა რამეს უწოდებდნენ. მაგალითად, ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ თავბრუ ეხვევა, გამოკითხვით კი ირკვევა, რომ ის ზოგადი სისუსტის, “თავში სიცარიელის”, “თავში ყანყალის” შეგრძნებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი არტერიული წნევის მერყეობის, გულის პათოლოგიის, ფილტვების დაავადების, ენდოკრინული პათოლოგიის დროს უფრო ხშირია და გამოკვლევაც სწორედ ამ გეზით უნდა წარიმართოს. ნევროლოგები თავბრუხვევას (ვერტიგოს) სხეულის სივრცეში მდებარეობის დამახინჯებულ აღქმას და სხეულის ან მის ირგვლივ არსებული გარემოს ცრუ მოძრაობის შეგრძნებას ვუწოდებთ. სწორედ ეს ნაძალადევი მოძრაობის, ბრუნვის შეგრძნება გამოარჩევს ჭეშმარიტ თავბრუხვევას. ტრიალი შეიძლება იყოს ობიექტურიც (როცა გარემო ბრუნავს პაციენტის ირგვილივ) და სუბიექტურიც (როცა ადამიანს ეჩვენება, რომ თვითონვე ტრიალებს). გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, როგორი ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა თავბრუხვევა, სდევს თუ არა თან გულისრევის შეგრძნება და ღებინება, პროვოცირდება  თუ არა თავის გატოკებით ან პოზის შეცვლით, ახლავს თუ არა თან სხვა ნევროლოგიური ნიშნები, მაგალითად, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, გულყრები, წონასწორობის დარღვევა. ეს დეტალები თავბრუხვევის მიზეზის დადგენაში, პირველ რიგში კი, ცენტრალური და პერიფერიული თავბრუხვევის ერთმანეთისგან გარჩევაში მაინც გვეხმარება.
– რას ნიშნავს ცენტრალური და პერიფერიული თავბრუხვევა და როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან?
– პერიფერიული თავბრუხვევა, როგორც წესი, შუა და შიგნითა ყურის, სმენისა და კარიბჭის ნერვის დაავადებების დროს ვლინდება, ცენტრალური კი ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს.
ცენტრალური თავბრუხვევა სუბიექტურიც შეიძლება იყოს და ობიექტურიც. მკვეთრი იშვიათად არის, სამაგიეროდ, მუდმივი და პროგრესირებადია. იშვიათად ერთვის გულისრევა და ღებინება. პაციენტი სხვადასხვა მიმართულებით ეცემა. თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია სიმპტომს არც აძლიერებს და არც ასუსტებს. ხშირია ტვინის დაზიანების ნიშნები.
პერიფერიული თავბრუხვევა, პირიქით, ძლიერი და მკვეთრია (ხშირად გულისრევა და ღებინებაც ახლავს თან),  სამაგიეროდ, ხანმოკლე და გარდამავალი. უმეტესად ობიექტურია, მხოლოდ ერთ პოზიციაში ვლინდება, პაციენტი ყოველთვის ერთი (დაზიანების კერის) მიმართულებით ეცემა. თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია თავბრუხვევას ასუსტებს. ხშირად თან სდევს სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი.
–  რა იწვევს თითოეულ მათგანს?
– ყველაზე ხშირად კეთილთვისებიან პაროქსიზმულ პოზიციურ თავბრუხვევას (კპპთ) ვხვდებით. ამ დროს თავბრუხვევა მხოლოდ თავის განსაზღვრული მდებარეობის ან მოძრაობის დროს იჩენს თავს. მას საფუძვლად უდევს ოტოლითების გაჩენა ნახევარრკალოვან არხში. შიგნითა ყურის სქემატური გამოსახულება ალბათ გინახავთ. იგი ძალიან ჰგავს ლაბირინთს და ასეც უწოდებენ. ამ სტრუქტურაში კარიბჭისა და ლოკოკინის გარდა სამ ნახევარრკალოვან არხს გამოყოფენ. თითოეული მათგანი წონასწორობის რეცეპტორებს შეიცავს და ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება. ზოგჯერ აქ არსებული კალციუმის კარბონატის კრისტალები იმსხვრევა, ნატეხები კი უადგილო ადგილას ხვდება და მგრძნობიარე დაბოლოებებს აღიზიანებს. ასეთ შემთხვევაში თავბრუხვევის შეტევა 1 წუთამდე გრძელდება, ახასიათებს გამწვავებები, ხშირი შეტევები გამწვავების დროს. რასაც შეიძლება ხანგრძლივი რემისია მოყვეს.
გარდა ამისა, პერიფერიული თავბრუხვევა შეიძლება გამოიწვიოს:
. ლაბირინთის ინფექციურმა დაავადებებმა. ამ დროს თავბრუხვევა მუდმივია, გრძელდება რამდენიმე დღე. თავის მოძრაობა შეგრძნებას აძლიერებს.
. ლაბირინთში სისხლის მიმოქცევის მოშლამ. ეს  პათოლოგია კლინიკურად ზემოთ აღწერილს ჰგავს, შესაძლოა, სმენის დაქვეითება ახლდეს თან.
. მენიერის დაავადებამ.  მას შიგნითა ყურის სტრუქტურებში სითხის ჭარბი დაგროვება იწვევს. კლინიკურად ვლინდება შეტევის დროს ძლიერი ეპიზოდური თავბრუხვევით, ყურში ხმაურით, დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებით, სმენის დაქვეითებით. ეს უკანასკნელი შეტევის დროს ძლიერდება და მის გარეშეც პროგრესირებს.
. ტრავმამ.
. ქრონიკულმა ორმხრივმა ვესტიბულოპათიამ, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი მიღება იწვევს.
. სმენის ნერვის ნევრინომამ და ნათხემ-ხიდის კუთხის სხვა სიმსივნეებმა. ამ დროს ვლინდება სმენის პროგრესირებადი დაქვეითება, თავბრუხვევა, ტვინის ნერვების (სახის, განმზიდველი, სამწვერა), ნათხემის დაზიანების ნიშნები. ეს პერიფერიული თავბრუხვევის ერთადერთი სახეობაა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა და სასწრაფო ნეიროქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
ცენტრალური თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება იყოს:
. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე ან ქრონიკული მოშლა. გარდამავალი იშემიური შეტევის დროს თავბრუხვევა ხანმოკლეა, ინსულტის ან ქრონიკული უკმარისობის დროს კი ხანგრძლივი (დღეები, კვირები) და სხვა ნევროლოგიურ სიმპტომებთან არის შერწყმული.
. შაკიკი. ზოგჯერ თავის ტკივილს წინ უძღვის თავბრუხვევა, რომელიც საშუალოდ 10-15 წუთი გრძელდება.
. ეპილეფსია (საფეთქლისა და თხემის წილებისა). ამ შემთხვევაში თავბრუხვევა რამდენიმე წამს (მაქსიმუმ 1-2 წუთს) გრძელდება.
. გაფანტული სკლეროზი. თავბრუხვევა ამ დაავადების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს.
–  როგორ ადგენთ მიზეზს?
– იმისდა მიხედვით, რომელი სისტემის პათოლოგიაზე გვაქვს ეჭვი, დიაგნოზის დასასმელად სხვადასხვა მეთოდის გამოყენება გვიხდება. მაგალითად, წონასწორობის ფუნქციის შესამოწმებლად პაციენტს მზერის რაიმე საგანზე დაფიქსირებას, შემდეგ კი თავის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს მიბრუნებას ვთხოვთ. შიგნითა ყურის პათოლოგიის დროს ამ მარტივი ცდის შემდეგ თვალის კაკლები ქაოსურად მოძრაობს. იმავე პათოლოგიის გამოსავლენად პაციენტს შეიძლება ვთხოვოთ, თვალები დახუჭოს და ერთ ადგილზე იაროს. თუ მარჯვნივ ან მარცხნივ უნებლიედ 150-ზე მეტით შეტრიალდა, სავარაუდოდ, იმავე მხარეს ლაბირინთი აქვს დაზიანებული.
ლაბირინთის პათოლოგიის გამოსავლენად ოტორინოლარინგოლოგები გარეთა ყურში ცივ და ცხელ წყალს ასხამენ.
ლაბირინთის დაზიანებას ხშირად თან სდევს თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმი. დიაგნოზის დასმაში მისი მიმართულება და თავისებურებებიც გვეხმარება.
ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ლაბირინთის დაზიანების გამოსავლენად იყენებენ კალორიულ ცდებს გარეთა ყურში ცივი და თბილი წყლის შეყვანით.
კპპთ-ის დიაგნოსტიკისთვის სპეციალურ პროვოკაციულ ცდას – ნილენ-ბარანის ცდას იყენებენ. ის ამ მდგომარეობის სადიაგნოზო სპეციფიკურ მეთოდადაც კი ითვლება – თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდა, კვლევის გაგრძელება საჭირო აღარ არის.
მენიერის დაავადების, ლაბირინთის ინფექციის ან ინფარქტის შემთხვევაში აუცილებელია აუდიომეტრია (სმენის სიმახვილის გაზომვა). აუდიომეტრია და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აუცილებელია მაშინაც, როდესაც თავის ტვინის სიმსივნეს ვეჭვობთ. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისას მისი სისხლმომარაგების სხვადასხვა მეთოდით შესწავლა გვიხდება, ეპილეფსიის დროს კი თავის ტვინის ელექტრული აქტივობისა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგჯერ ეკგ-ს, ექოკარდიოსკოპიის ჩატარება, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა, ლიპიდური სპექტრის შესწავლა და სხვაც გვიწევს.
– როგორ მკურნალობთ თავბრუხვევას?
– მკურნალობა პირველ რიგში მიზეზის აღმოფხვრას მოითხოვს. თავად თავბრუხვევის საწინააღმდეგოდ პრეპარატების შვიდი ჯგუფია მოწოდებული, მათგან კი ყველაზე მიზანშეწონილის ამორჩევა, ბუნებრივია, თქვენი ექიმის კომპეტენციაა. თუმცა წამლები ყოველთვის არ გახლავთ საჭირო. თანამედროვე შეხედულებით, მაგალითად, მედიკამენტური თერაპია არ სჭირდება კპპთ-ს. ამ მდგომარეობის საკორექციოდ მოწოდებულია სპეციალური მანევრები  – სპეციალური მოძრაობების კომპლექსი, რომელიც ოტოლითების ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში დაბრუნებას ისახავს მიზნად. სტატისტიკის თანახმად, მათი ეფექტურობა ძალიან მაღალია, თუმცა ზოგჯერ პროცედურის განმეორება ხდება საჭირო. პერიფერიული თავბრუხვევის სამკურნალოდ კი დამუშავებულია ე. წ. ვესტიბულური რეაბილიტაციური თერაპიის კურსი – სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც თავბრუსხვევის შემცირებას და წონასწორობის ფუნქციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
– როგორი უნდა იყოს ავადმყოფის ცხოვრების წესი? საჭიროა თუ არა წოლითი რეჟიმი? სახიფათოა თუ არა საჭესთან ჯდომა, თვითმფრინავით მგზავრობა, კომპიუტერზე მუშაობა?
– როგორც უკვე გითხარით, თავბრუხვევა არ წარმოადგენს რომელიმე ერთი დაავადების სიმპტომს. ავადმყოფების ცხოვრების წესი დამოკიდებულია იმ დაავადებაზე, რომლის გამოც განვითარდა თავბრუხვევა. თავბრუხვევის მძიმე შეტევების გამო ბევრი თვითონვე ერიდება მოძრაობას და წოლას ამჯობინებს. წოლითი რეჟიმი აუცილებელია იმ დაავადებების დროს, რომლებიც სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგალითად, უკანა ფოსოში ჰემორაგიის დროს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წოლითი რეჟიმის აუცილებლობა ნევროლოგმა უნდა განსაზღვროს.
მწვავე ვესტიბულოპათიის დროს, რა მიზეზითაც უნდა იყოს იგი გამოწვეული, რეკომენდებული არ არის საჭესთან ჯდომა, თვითმფრინავით მგზავრობა, კომპიუტერზე მუშაობა, რადგან ეს მდგომარეობას გააუარესებს. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დაუბრუნდება.
– როგორია ალბათობა, რომ თავბრუხვევის ეპიზოდები გამოჯანმრთელების შემდეგაც გამეორდეს? უნდა იყოს თუ არა ასეთი პაციენტი რეციდივისთვის მუდამ მზად (ვთქვათ, ყოველთვის ედოს ჩანთაში დრამინა ან ბლესტარი)?
– თავბრუხვევის ეპიზოდები ხშირად მეორდება. მათი განმეორების ალბათობა და სიხშირე გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. ინტერვალი შესაძლოა რამდენიმე წლიდან რამდენიმე დღემდე მერყეობდეს.  მიუხედავად ამისა, არ არის საჭირო, პაციენტი მუდამ რეციდივის მოლოდინში იყოს – ეს მის ნევროტიზაციას და ფსევდოთავბრუხვევის განვითარებას გამოიწვევს. ჩანთით წამლის ტარება საქმეს არ უშველის, რადგან თავბრუხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები ყოველთვის არ იძლევა მყისიერ ეფექტს. აუცილებელია თავბრუხვევის გამომწვევი  დაავადების სრულყოფილი სპეციფიკური მკურნალობა. უამისოდ შედეგს ვერ მივიღებთ. გამონაკლისია მოძრაობის დაავადება (ტრანსპორტის აუტანლობა), რომლის დროს პაციენტმა მგზავრობამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღოს თავბრუხვევის საწინააღმდეგო პრეპარატი, მაგალითად, დრამინა.
– თუ ითვლება თავბრუხვევა პათოლოგიად ორსულებში?
– ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში) თავბრუხვევა ჩვეულებრივი მოვლენაა და, როგორც წესი, ნევროლოგიურ დეფიციტზე არ მიუთითებს. უფრო მეტიც – ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი და შაკიკი, ორსულობა თავბრუხვევის შეტევებს აიშვიათებს.
ორსულობის დროს თავბრუხვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰორმონული ცვლილებების გამო არტერიული წნევის დაქვეითება ან სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება, მეორე ტრიმესტიდან კი გაზრდილი საშვილოსნოს  სისხლძარღვებზე ზეწოლაც, ასევე – ვიწრო ტანსაცმელი, დახუთულ და ნესტიან ოთახში დიდხანს ყოფნა, გაუწყლოება.
თავბრუხვევას ამცირებს დაჯდომა ან პირქვე დაწოლა, იშვიათი და ღრმა სუნთქვა. როდესაც თავბრუხვევა მუდმივია ან დიდხანს გრძელდება, თან სდევს თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი მუცლის არეში და სხვა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.. რადგან მიზეზი შესაძლოა ორსულთა ანემია, საშვილოსნოსგარე ორსულობა, პლაცენტის დაბალი მდებარეობა ან აშრევება იყოს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად