მითები ჯანმრთელობის შესახებ


ჰორმონული გაურკვევლობა
ყველაზე მეტი შეკითხვა ყოველთვის ჰორმონებთან დაკავშირებით ჩნდება. ასეთი პატივი არც ანტიბიოტიკებს რგებიათ და არც  ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ნუთუ ასეთი საშიშია ჰორმონოთერაპია? ეგებ მედიცინამ ჰორმონების შესახებ ბოროტი ხმები უკვე გააბათილა? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი:
 ქალბატონო ნინო, ჰორმონული მედიკამენტების ხსენება ბევრს აფრთხობს. მართლა სარისკოა თუ არა მათი მიღება?
– ჰორმონული პრეპარატები მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა მათ, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ძირითადთან ერთად გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. ჰორმონული პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკუჩვენება არ არსებობს და მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ წამლის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე უარის თქმით გამოწვეულ რისკს.
არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა,  ბევრი ალტერნატიულ გზებს ეძებს – ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას... რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?
– მართლაც არსებობს დაავადებები, როდესაც საჭიროა, ენდოგენურად პროდუცირებადი ჰორმონის დეფიციტი ეგზოგენურად, ჰორმონული პრეპარატის  მეშვეობით შევავსოთ, ანუ ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირებული ნივთიერების უკმარისობისას მისი ანალოგი გარედან შევიყვანოთ. ერთ-ერთი ასეთი პათოლოგიაა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული პირველადი ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლოვანება. აი, რა ხდება ამ დროს: ფარისებრი ჯირკვალი ორგანოსპეციფიკური ანტისხეულებით ზიანდება, რის შედეგადაც თიროქსინის წარმომქმნელი უჯრედები, თირეოციტები, იშლება და არააქტიურ ფიბროზულ ქსოვილად გარდაიქმნება. ამის შედეგად მცირდება ორგანიზმში ჰორმონ თიროქსინის გამომუშავება, რაც ჰიპოთირეოზს იწვევს. ამ შემთხვევაში პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს პრეპარატი, რომელიც ჰორმონ თიროქსინის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს.
ბევრი მთელი სიცოცხლე ჰორმონული მედიკამენტების სმას ამა თუ იმ ფიტოპრეპარატის მიღებას ამჯობინებს. არჩევანს უმეტესად იოდის შემცველი მცენარეული მედიკამენტების სასარგებლოდ აკეთებენ. იოდი მართლაც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სუსტდება არა იმიტომ, რომ მას იოდი არ ჰყოფნის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხდება იმ უჯრედების დესტრუქცია, რომლებიც თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ დროს ფარისებრი ჯირკვლისთვის იოდის მიწოდებას აზრი არ აქვს. თიროქსინის დეფიციტი სინთეზური გზით მიღებული ანალოგით უნდა შეივსოს. მეტსაც გეტყვით: უკანასკნელი მონაცემებით, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზის დროს იოდის ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უფრო სწრაფ დაქვეითებას.
ყველაზე გავრცელებული მაგალითი მოვიყვანე, თუმცა მსგავსი სიტუაცია ნებისმიერი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს შეიძლება შეიქმნას.
კლიმაქტერიული სინდრომის სამკურნალოდ ბევრი ენდოკრინოლოგი ქალს ჰორმონული პრეპარატების მიღებას ურჩევს. რამდენად ეფექტიანია ასეთი  თერაპია? ეგებ ამ სინდრომთან ბრძოლის უფრო მარტივი გზებიც არსებობს?
– მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში წყდება ესტროგენებისა და პროგესტერონის სეკრეცია. ესტროგენები გავლენას ახდენს მრავალ ორგანოზე: თავის ტვინზე,  სისხლძარღვებზე, გულზე, ძვლებზე, სარძევე ჯირკვლებზე, კანზე... ამ ჰორმონების დეფიციტი კი ისეთი ჩივილების მიზეზად იქცევა, როგორიც არის ალები, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამ ჩივილების აღკვეთის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა. ის ზოგჯერ მხოლოდ ესტროგენებით ხორციელდება, ზოგჯერ – ესტროგენებისა და პროგესტერონის კომბინაციით.
ჩანაცვლებითი ესტროგენული ან ესტროგენ- გესტაგენური თერაპიის დანიშვნისას მხედველობაში მრავალი ფაქტორია მისაღები. გარდა ამისა, ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თერაპიისგან მიღებული სარგებელი გადაწონის მასთან ასოცირებულ რისკს.
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, გარდა იმისა, რომ ეფექტურად ხსნის მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, დიდ როლს ასრულებს ოსტეოპოროზისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაშიც, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ესტროგენებით წარმოებული ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის საშვილოსნოს კიბოსა და ინსულტის განვითარების ალბათობას, ხოლო ხანგრძლივი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია – ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს. არსებობს არაერთგვაროვანი მონაცემები იმის თაობაზე, რა გავლენას ახდენს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მონაცემების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ჩანაცვლებითი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია არ ამცირებს და, შესაძლოა, ზრდიდეს კიდეც კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკს. ყველა ეს მოსაზრება ეფუძნება ფართომასშტაბიანი გამოკვლევების, WHI-სა და HERS-ის, მონაცემებს.
ამრიგად, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის უმთავრესი ჩვენებაა მენოპაუზასთან დაკავშირებული აშკარა ჩივილები, ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პრევენციისთვის კი შეგვიძლია, სხვა მეთოდებს მივმართოთ. მაგალითად, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ ვიყენებთ კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებს, პაციენტს ვურჩევთ, მეტი იაქტიუროს ფიზიკურად. კარდიოვასკულურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, ცხოველური ცხიმის შეზღუდვა, საჭიროების შემთხვევაში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენება.
მენოპაუზური ასაკის ქალებს ხშირად აწუხებთ საშოს სიმშრალე, რომლის დროსაც ეფექტურია ადგილობრივი დამატენიანებელი საშუალებები და ადგილობრივი ესტროგენები (იყიდება ვაგინალური კრემების, ვაგინალური ტაბლეტების, ვაგინალური ესტროგენული რგოლების სახით).
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა უკუჩვენებათა გამოსავლენად –  მამოგრაფია, ულტრაბგერითი გინეკოლოგიური გამოკვლევა, კოაგულოგრაფია, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ანამნეზი და თანმხლები დაავადებები.
კიდევ ერთი მითი, რომელიც ჰორმონულ მედიკამენტებს უკავშირდება, ის არის, რომ შესაძლოა,. ჰორმონის მიღებამ უადგილო ადგილას თმის ზრდა და წონის მატება გამოიწვიოს.
– ეს შეხედულება აბსოლუტურად მცდარია. ნება მომეცით განვმარტო: “ჰორმონული პრეპარატები” ძალიან ფართო ცნებაა. სხვადასხვა ჰორმონულ პრეპარატს სხვადასხვა მოქმედება და გვერდითი ეფექტები ახასიათებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონ თიროქსინის სინთეზური ანალოგი, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არც წონის მატება და არც ჭარბი გათმოვანება. პირიქით, სწორედ თიროქსინის დეფიციტია წონის მატების ერთ-ერთი მიზეზი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სამკურნალოდ, ხოლო რიგ შემთხვევაში – ტიპი 2-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროსაც, როდესაც პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვის შედეგად ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, მოგეხსენებათ, საჭიროა ინსულინის დანიშვნა. ინსულინი ანაბოლური ჰორმონია და შესაძლოა, წონის მატებას ხელი მართლაც შეუწყოს, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ. ამ დროს დიაბეტიანს ვურჩევთ, აკონტროლოს კვების რაციონი, რათა თავიდან აიცილოს წონის მატება. ასევე არ ასუქებს ესტროგენული პრეპარატები. პირიქით, წონის მატებას სწორედ ესტროგენების დეფიციტი უწყობს ხელს, რითაც აიხსნება წონის მატებისაკენ მიდრეკილება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის დროს. ზოგჯერ პაციენტები ჩივიან, რომ ესტროგენებით ან ესტროგენ-გესტაგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე წონა მოიმატეს, თუმცა ეს მოვლენა შესწავლილი არ არის. შესაძლოა, ქალის სასქესო ჰორმონების ანალოგები მადაზე მოქმედებდნენ. რაც შეეხება გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, კორტეფი, მედროლი და სხვა), რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს ინიშნება და ასევე ფართოდ გამოიყენება რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათი მიღებისას ნამდვილად არის მოსალოდნელი წონის მატება და`ან ჭარბი გათმოვანება. არსებობს სხვა სირთულეებიც, მაგრამ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას, ისევე როგორც რიგი სხვა დაავადების დროს, გლუკოკორტიკოიდების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გვერდითი ეფექტების შიშით პრეპარატზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ სასურველია, მისი დოზა და მისი მიღების სქემა ისე იყოს შერჩეული, რომ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. საზოგადოდ, გლუკოკორტიკოიდების მიღების პერიოდში პაციენტი ექიმის დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
დაბოლოს, რამდენად სარისკოა ჰორმონული მედიკამენტების თვითნებური მიღება?
– ჰორმონული პრეპარატების თვითნებური მიღება დაუშვებელია. ისინი უნდა დანიშნოს ექიმმა, ისიც მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად