ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სტომატოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N47
პაროდონტიტი

მოუარეთ ღრძილებს
“დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. მგონი, ურიგოდ არ გამოვიყურები, მაგრამ რა მოვუხერხო  ღიმილს? ღიმილი ხომ ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია?!” – ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. გაუბედავი ღიმილი მხოლოდ მორცხვობის ნიშანი როდია. აბა გაბედეთ და გამოაჩინეთ კბილები, როცა პირის ღრუს პრობლემები გაწუხებთ! ხოლო თუ კოსმეტიკურ დეფექტს უსიამოვნო სურნელიც ერთვის, არამცთუ გაღიმება, გამარჯობის თქმაც არ მოგინდება.

ხიბლს მოკლებული სურათი
სისხლმდინარე ღრძილები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – დამეთანხმებით, კატასტროფის ტოლფასი მდგომარეობაა, ხოლო შედეგი – უფრო სასტიკი: ერთმანეთის მიყოლებით დაკარგული კბილები.
კბილებთან გამოთხოვება უმეტესად პაროდონტის დაავადებების – პაროდონტოზის, პაროდონტიტისა და გინგივიტის გამო გვიწევს.
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის დაავადებების გამო კბილების დაკარგვის ალბათობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე კარიესის მიზეზით.


რატომ იკარგება კბილი
პაროდონტი კბილის გარშემო არსებული ქსოვილების ერთობლიობაა, რომელიც ღრძილს, კუნთოვან იოგებსა და ძვლოვან ქსოვილს აერთიანებს. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ გვიწევს ჩვენს ოცდათორმეტ მარგალიტთან გამოთხოვება პაროდონტის დაავადებების დროს.
გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელიც უმთავრესად ღრძილებიდან სისხლდენით, ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ტკივილით ვლინდება. გინგივიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია კბილის ნადები, უხარისხო ბჟენი და გვირგვინი, რომლებიც ღრძილის ქსოვილს აზიანებს. არცთუ იშვიათად ანთება ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას და ორსულობისას ვითარდება.
თუ გინგივიტს, რომელიც თავდაპირველად ზედაპირულია, ყურადღებას არ მივაქცევთ, ანთება გაღრმავდება და პათოლოგიური პროცესი ღრძილის ქსოვილიდან ძვლამდე ჩააღწევს. შედეგად წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბეები, რომლებშიც ბაქტერიები იბუდებენ, ლპობას იწვევენ და საბოლოოდ კბილის მორყევამდე და ამოვარდნამდე ანუ პაროდონტიტამდე მივყავართ.

როგორ მოვიქცეთ
ისევე, როგორც გინგივიტის განვითარებაში, პაროდონტიტის ჩამოყალიბებაშიც პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენას მიუძღვის ბრალი. ასე რომ, პაროდონტის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა კბილების ხშირი და სწორი გამოხეხვა და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტი გახლავთ.
ნუ დააყოვნებთ და ეწვიეთ ექიმს, თუ:
. კბილებზე ნადები გაგიჩნდათ;
. კბილები მომატებულ მგრძნობელობას იჩენს ცხელისა და ცივის მიმართ;
. ღრძილებიდან სისხლი ჟონავს (ტრავმით გამოწვეულ ხანმოკლე სისხლდენას არ ვგულისხმობთ);
. პირიდან უსიამოვნო სუნი (გ)აწუხებთ.

დაავადება თუ...
ახლა – რაც შეეხება პაროდონტოზს, რომელსაც მრავალი თანამედროვე სტომატოლოგი პათოლოგიად არ მიიჩნევს. მისი მიზეზი ღრძილების სისხლით მომარაგების დარღვევაა, რასაც საბოლოოდ ღრძილოვანი ქსოვილის ატროფია (განლევა) მოჰყვება, გათხელებული ღრძილი კი კბილს ვეღარ იჭერს და 32 მარგალიტი ზედიზედ იწყებს ცვენას.
პაროდონტოზის ჭეშმარიტი მიზეზი ექიმებისთვის დღემდე უცნობია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ღრძილისა და კბილების არასრულფასოვან დატვირთვას ადანაშაულებენ. ასე რომ, თუ არ გინდათ, ღრძილები გაგიზარმაცდეთ, კბილები ხშირად გამოიხეხეთ და ჯაგრისის წასმას ნურც ღრძილებზე დაიზარებთ. კარგია აგრეთვე მყარი საკვების ხანგრძლივი და საფუძვლიანი ღეჭვა (ეს არა მარტო ღრძილებისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავისთვისაც სასარგებლოა). და, რაღა თქმა უნდა, ნუ დაივიწყებთ საღეჭ რეზინს. ის პირის ღრუს ეფექტურად წმენდს ნარჩენებისგან და, რაც მთავარია, ღრძილებს ავარჯიშებს. საუკეთესოა უშაქრო “ორბიტი”, რომელიც მხოლოდ პირის ღრუს გასუფთავებაში კი არ დაგეხმარებათ, შეუდარებელ სურნელსაც დაგიტოვებთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად