ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>დერმატოლოგია >>ჟურნალი "ავერსი"
კანის საზაფხულო პრობლემები

ჯანმრთელი კანის 5 წესი
დატვირთული გრაფიკი, დროის მუდმივი დეფიციტი ერთ-ერთი  იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თავისთავად ცხადია, ზარალდება კანიც: ავადმყოფური ელფერი ედება, თხელდება და ნაოჭებით იფარება. ბუნებრივია, დაბერებას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ თუ კანს გავანებივრებთ და სათუთად მოვუვლით, ნაადრევი დანაოჭებისგან ნამდვილად დავიცავთ.

. სახე თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანეთ. ამ ესოდენ საჭირო და სასიამოვნო ჰიგიენურ პროცედურას 10-15 წუთზე  მეტ ხანს ნუ დაუთმობთ: ცხელი წყალი და ხანგრძლივი ბანა კანს ცხიმოვან საფარს მთლიანად აცლის, რაც მის გამოშრობასა და დანაოჭებას უწყობს ხელს. ასევე აგრესიულია ზოგიერთი საპონი, ამიტომ აჯობებს, უპირატესობა რბილ, კრემის შემცველ საპნებს (მაგალითად, “აჰავას”) მიანიჭოთ.
თუ სახის კანი იოლად გიღიზიანდებათ, ერიდეთ საპნებს და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც საღებავებსა და არომატულ ნივთიერებებს შეიცავს – შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
განსაკუთრებით სათუთად მოეპყარით კანს თვალის ირგვლივ. კოსმეტიკის მოსაცილებლად სპეციალური რბილი ბამბის ბურთულები გამოიყენეთ. თუ სახის ქუთუთოებზე ძნელად მოსაცილებელი კოსმეტიკური საშუალება გისვიათ (მაგალითად, წყალგამძლე ტონალური კრემის სქელი ფენა), ვიდრე წყლით ჩამოიბანთ, ჯერ მაკიაჟის მოსაცილებელი სპეციალური საშუალებით მოიწმინდეთ.
დაბანის შემდეგ კანი რბილი პირსახოცით გაიშრეთ: ნაზად მიიდეთ სახეზე და წყლის შეწოვა დააცადეთ. სასურველია, კანი ოდნავ ტენიანი დარჩეს. გამშრალების შემდეგ დანოტივება კი ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. გირჩევთ, დამატენიანებელი ზეთი ან კრემი გამოიყენოთ.
. ნუ მოაწყურებთ კანს. დატენიანება მეტად სასარგებლოა, მაგრამ სასურველი შედეგი რომ მიიღოთ, უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი, ასაკი, აკნეს არსებობა-არარსებობა, კლიმატი და სხვა ფაქტორები.
თავდაპირველად განსაზღვრეთ, სჭირდება თუ არა თქვენს კანს უფრო მეტად დანოტივება. ამისთვის ჩაატარეთ მარტივი ცდა: დაბანისა და გამშრალების შემდეგ სახეზე არაფერი წაისვათ. თუკი 20 წუთის შემდეგ კანი დაგეჭიმათ, უთუოდ დაინამეთ.
დამატენიანებელი საშუალების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მისი SPF 15-ის ტოლი მაინც უნდა იყოს. თუ კანი იოლად გიღიზიანდებათ, დამანოტივებელი კრემი არამც და არამც არ უნდა შეიცავდეს საღებავებსა და არომატულ კომპონენტებს.
მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ? ასეთ შემთხვევაში საბავშვო ზეთის წასმას გირჩევთ. ის არანაკლებ ეფექტურად ატენიანებს, გაცილებით მეტხანს რჩება კანზე და, რაც მთავარია, ხელს უშლის წყლის აორთქლებას.
დამატენიანებელი საშუალებების მოკრძალებულად გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ მეტისმეტად ცხიმიანი კანი გაქვთ.
. ფრთხილად გაიპარსეთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი კანი ძალზე თხელია და იოლად ღიზიანდება. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, ცხელი შხაპის შემდეგ გაიპარსოთ – ცხელი წყალი თმას უფრო რბილსა და დამყოლს ხდის. არამც და არამც არ გაიპარსოთ მშრალი კანი. წინასწარ წაისვით სპეციალური საპარსი კრემი, გელი ან ლოსიონი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით საქმეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სამართებელი სუფთა და ბასრი უნდა იყოს. სამართებელი თმის ზრდის მიმართულებით ამოძრავეთ, გაპარსვის შემდეგ კი კანი უთუოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ სამართებელმა კანი გაგიღიზიანათ, წაისვით დამაამებელი გელი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ის კანს გაგიგრილებთ, მაგრამ მალე ორთქლდება, შესაბამისად, დამაამებელი ეფექტიც მცირე ხანს გაგრძელდება.
. მოწევა მავნებელია თქვენი… კანისთვის! თამბაქო არა მხოლოდ ფილტვის კიბოს, არამედ ნაადრევ დაბერებასაც გვიქადის. ცვლილებები კარგად ეტყობათ მათ, ვინც, სულ მცირე, ათი წელია ეწევა.
კანზე სიგარეტის მავნე ზემოქმედების მექანიზმი ასეთია: თამბაქო აზიანებს სისხლძარღვებს (უპირატესად ამცირებს მათ ელასტიკურობას), იწვევს სისხლის ნაკადის შესუსტებას, რასაც საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადითა და ვიტამინებით (მათ შორის – აუცილებელი A ვიტამინით) კანის გაღარიბება მოყვება, საბოლოოდ კი ირღვევა კანის ქსოვილის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების – კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოწევისას ტუჩების გარშემო კანი უფრო სწრაფად ნაოჭდება.  გარდა ამისა, გამუდმებით მოქმედი სიგარეტის ალი  კანის დაზიანებას იწვევს.
. მოარიდეთ კანი მზის აგრესიულ სხივებს.

მზეს ვერსად დავემალებით
იმის თაობაზე, რომელი გამოსხივება უფრო მავნებელია, UVA თუ UVB, დღესაც კამათობენ (შევთანხმდეთ: UV ულტრაიისფერი სხივების აბრევიატურაა).  კამათობენ პლაჟზე გასარუჯად წამოწოლილი, ნეტარებას მიცემული ქალბატონები, თორემ დერმატოლოგებმა ამ აგრესიული სხივების  თვისებები დიდი ხნის წინ გაშიფრეს.
UVA ყველაზე დაუმორჩილებელი სხივებია. მათ მინა ვერ აკავებს, ღრმად აღწევენ კანის შრეებში და მის სტრუქტურას აზიანებენ. სწორედ A ტიპის ულტრაიისფერი სხივების დამსახურებაა დანაოჭებული კანი.
UVB-ს სათვალის მინა იოლად აკავებს, ხოლო კანზე ზემოქმედებისას ეს სხივები დამწვრობას იწვევს.
ამგვარად, დაიხსომეთ: UVA-ს ჭარბი ზემოქმედება კანის დაბერებას იწვევს, ხოლო UVB – დამწვრობას. რაც შეეხება კანის კიბოს, ამ ავბედითი სენის ჩამოყალიბებაში ორივე სპექტრი მონაწილეობს.

როდის გამოვიყენოთ სანსქრინი?
ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, სასურველია, მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენოთ ფართო სპექტრის (როგორც UVA-ს, ისე UVB-სგან დამცავი) საშუალება (sunscreen), რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი), სულ მცირე, 15-ის ტოლია.
გაითვალისწინეთ: თუ გსურთ, თქვენი კანი ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, გირჩევთ, სანსქრინი ნებისმიერ ამინდში წაისვათ სხეულის ღია უბნებზე (უპირატესად – სახესა და ხელებზე).
დაიხსომეთ: მზის სხივები ჩვენამდე ღრუბლიან ამინდშიც აღწევს – ღრუბელი სხივების 80%-ს ატარებს. ქვიშა მზის სხივების 25%-ს აირეკლავს, ხოლო წყლისა და თოვლის ზედაპირი – 80%-ს. ასე რომ, მზის აგრესიულ სხივებს ვერსად დავემალებით. თავდაცვის ერთადერთი საშუალება, მით უფრო – პაპანაქება ზაფხულში, მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა.
გირჩევთ, მზისგან დამცავი საშუალება მაკიაჟის ქვეშ გადაისვათ. არსებობს სანსქრინი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მეტად ეფექტურად დაგიცავთ მზის აგრესიული გამოსხივებისგან.

რამდენი წავისვათ?
მზისგან დამცავი საშუალება შინიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე უნდა გადაისვათ.
თუ გსურთ, სანსქრინისგან ჯეროვანი ეფექტი მიიღოთ, წაისვით დაახლოებით 30 გრამი (ნაკლული არყის ჭიქა). როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ადამიანთა უმრავლესობა თითო ჯერზე მზისგან დამცავი საშუალების სათანადო ოდენობის 15-50%-ს ისვამს.
სახეზე სანსქრინის წასმის შემდეგ ტუჩებზე ბალზამი გადაისვით, რომლის SPF მინიმუმ 15-ს უდრის.
ზაფხულში მზისგან დამცავი კრემის წასმა დღეში რამდენიმეჯერ მოგიხდებათ, განსაკუთრებით – ცურვისა და ძლიერი ოფლდენის შემთხვევაში. თუნდაც სანსქრინის ეტიკეტზე მითითებული იყოს, წყალგამძლეაო (water-resistant), ცურვის შემდეგ მზისგან დამცავი საფარის განახლებას მაინც გირჩევთ.
იმავეს თქმა შეიძლება დამატენიანებელ კოსმეტიკურ საშუალებებზე: თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი მზისგან დამცავ ფაქტორს შეიცავს, მათი ჩამობანის შემთხვევაში უმჯობესია ხელმეორედ წაისვათ.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი
დღეს მზისგან დამცავი საშუალებების არჩევანი საკმაოდ ფართოა: კრემი, გელი, მუსი, ლოსიონი, სპრეი, ცვილის სტიკი… მათი არჩევა გემოვნებისამებრ შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ:
. კრემის წასმა მშრალ კანზეა სასურველი;
. გელის წასმას თმიან ადგილებზე (თმის ძირებში, მამაკაცებს – მკერდზე) გირჩევთ;
. სტიკის წასმა თვალის გარშემოა მიზანშეწონილი;
. კრემი გაცილებით თხელ ფენად უნდა წაისვათ, ვიდრე ლოსიონი. ლოსიონის სახეზე გადასმისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.
აქვე გაგაცნობთ იმ ინგრედიენტების ნუსხას, რომლებსაც მზისგან დამცავი საშუალება უთუოდ უნდა შეიცავდეს (ჩამონათვალს ლათინურად გთავაზობთ, ვინაიდან კოლოფებზე სწორედ ასეა მითითებული): oxybenzone, octyl methoxycinnamate, cinoxate, sulisobenzone, octyl salicylatye menthyl anthranilate, titanium dioxide, zinacoxide, avobenzone, ecamsule.
ნებისმიერი სანსქრინის კოლოფზე ვარგისობის ვადად 3 წელია მითითებული. ბევრს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ერთი წლის წინ შეძენილი კრემის გამოყენება და ექნება თუ არა მას შენარჩუნებული ეფექტი. საზოგადოდ, თუ მზისგან დამცავ კრემს სათანადო ოდენობით ისვამდით, მომავალი წლისთვის არც უნდა დარჩეს, მაგრამ თუ მაინც შემოგრჩათ, შეგიძლიათ, გულდამშვიდებით გამოიყენოთ.

მაინც რას ნიშნავს SPF?
მზისგან დამცავ საშუალებებს ძირითადად SPF-ის (SUN Protected Factor) მიხედვით ვარჩევთ და ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, დამწვრობისგან მით უფრო უკეთ ვიქნებით დაზღვეულნი.
დავკონკრეტდებით და მოგახსენებთ, რომ SPF-ის გვერდით მინიშნებული რიცხვი უნდა გამრავლდეს იმ დროზე, რომელიც საჭიროა დამწვრობის (კანის შეწითლების) მისაღებად. ასე, მაგალითად: თუ ადამიანს კანი 10 წუთში უწითლდება, სანსქრინი, რომლის დაცვის ფაქტორიც 15-ის ტოლია, მას დამწვრობისგან 150 წუთის განმავლობაში (10X15) დაიცავს.
დაიხსომეთ: SPF-ს მხოლოდ UVB-სგან დაცვა შეუძლია. ამჟამად მეცნიერები ისეთი საშუალების შექმნაზე მუშაობენ, რომელიც UVA-ს აგრესიასაც იოლად გაუმკლავდება.

შევაჯამოთ ცოდნა (და ცოტაც დავამატოთ):
მზისგან დამცავი საშუალებები ეფექტურად რომ გამოიყენოთ და შოკოლადისფერი ნარუჯით მოიწონოთ თავი (აქვე შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელი ნარუჯი არ არსებობს!), ასე მოიქეცით:
. გარუჯვისას მთელ ტანზე უხვად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება, სულ მცირე SPF 15-ით.
. შინიდან გასვლის წინ დაიხურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს სხეულს.
. ეცადეთ, მზის გულზე არ მოხვდეთ. მზის პირდაპირ სხივებს განსაკუთრებით დილის 10-დან 16 საათამდე მოერიდეთ.
. მზეს მოარიდეთ ბავშვიც. მის ნაზ კანს მზის აგრესიული სხივები იოლად დაწვავს. ასე რომ არ მოხდეს, წაუსვით პატარას სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი საშუალება, დაახურეთ ქუდი და ჩააცვით ტანსაცმელი, რომელიც სხეულს მაქსიმალურად დაუფარავს.
. მიიღეთ D ვიტამინით მდიდარი საკვები.
. ხშირად შეითვალიერეთ კანი, რათა დაადგინოთ, ხომ არ გაჩნდა მასზე საეჭვო წარმონაქმნი.

როგორ მოვიშუშოთ დამწვარი კანი
კანის დამწვრობა თავს რამდენიმე საათში იჩენს, ამიტომ კანი, როგორც წესი, საღამოობით აალდება ხოლმე.
დამწვრობის რამდენიმე ხარისხს განასხვავებენ. მზის გულზე მონებივრე ადამიანი უმეტესად პირველი ან მეორე ხარისხის დამწვრობის მსხვერპლი ხდება.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს კანი შეწითლებულია, მტკივნეულია და რამდენიმე დღის განმავლობაში იქერცლება. მის დასაამებლად გრილი აბაზანის მიღებას, ძლიერ დამატენიანებელი კრემის ან ჰიდროკორტიზონის შემცველი მალამოს  წასმას გირჩევთ. ეფექტურია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების, მაგალითად, ასპირინის დალევაც – ის ტკივილისა და დისკომფორტისგან გიხსნით.
მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კანზე ბუშტუკები ჩნდება. არამც და არამც არ გახეთქოთ ისინი, თორემ შესაძლოა, ინფექცია შეიჭრას. თუ ბუშტუკი შემთხვევით მაინც გასკდა, უმჯობესია, მასზე სუფთა დოლბანდი დაიფაროთ. მეორე ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად