ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ორსულობა >>ჟურნალი "ავერსი" N44
ორსულობა და მაღალი წნევა


თუ შევიტყვეთ, რომ ჩვენს რომელიმე ნაცნობს “წნევა აწუხებს”, უმალ მის ასაკს გავიხსენებთ: “სამოცს მიუკაკუნა? მაშ, ყველაფერი გასაგებია; წნევა (თავისთავად ცხადია, მაღალი არტერიული წნევა იგულისხმება) ასაკობრივი მოვლენაა და საგანგაშო აქ არაფერია”.
სინამდვილეში საქმე ასეა: მაღალი არტერიული წნევა ნებისმიერ ასაკში პათოლოგიის მანიშნებელია, თუმცა ორსულებისთვის ის განსაკუთრებით სახფათოა.
ვიდრე იმის გარკვევას შევუდგებოდეთ, რატომ აწუხებთ ორსულებს ჰიპერტენზია, ციფრებს გადავხედოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არტერიული წნევის ნორმა ასეთია: სისტოლური (ზედა) – 140 მმ`ვწს, დიასტოლური (ქვედა) – 90 მმ`ვწს, თუმცა ამჟამად წნევა 140`90 მოსაზღვრე ჰიპერტენზიად მიიჩნევა.

 წნევა აუცილებელია, რათა ძარღვებში სისხლმა იდინოს. საკმარისია, წნევამ მოიმატოს, რომ ორგანოების სისხლით მომარაგება ირღვევა (უმეტესად ზიანდება თირკმელები). რაღა თქმა უნდა, დაზარალებულ ორგანოთა შორის არის პლაცენტაც, რომელიც დედისა და ნაყოფის დამაკავშირებელი რგოლი გახლავთ. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს წყალობით მიეწოდება სისხლი (და შესაბამისად – ჟანგბადი) საშვილოსნოში მობინადრე პატარა არსებას. ამის კვალობაზე, თუ სისხლმომარაგების დარღვევას მუდმივი ხასიათი ექნება, ნაყოფის ზრდა-განვითარებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. არსებობს მოსაზრებაც, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო იზრდება პლაცენტის აშრევების (საშვილოსნოს კედლიდან მოცილების) რისკი. ამდენად, არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად შესაძლოა მშობიარობა დროზე ადრე დაიწყოს ან ბავშვი წონის დეფიციტით დაიბადოს.
საშიში წნევა
არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ფეხმძიმობისას იჩენს თავს, ძირითადად სამი სახისაა: ქრონიკული, გესტაციური და პრეეკლამფსია. მათ შორის ყველაზე საშიში პრეეკლამფსია გახლავთ. ის თანდათანობითაც შეიძლება განვითარდეს და უეცრადაც. მთავარი ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა (ზოგჯერ – სრული დაქვეითებაც კი), ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, შარდის ოდენობის შემცირება, წონის სწრაფი მატება. პრეეკლამფსიას ხშირად თან სდევს შეშუპება (უპირატესად – სახისა და კიდურებისა), თუმცა ამგვარი ცვლილება ორსულობისას სხვა მიზეზებითაც არის პირობადებული.
სპეციალისტთა აზრით, პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ:
. ქალს ჰიპერტენზია ან სიმსუქნე ორსულობამდეც აღენიშნებოდა;
. ქალს პრეეკლამფსია წინა ორსულობისას განუვითარდა,
. ორსული 20 წლამდე ასაკისაა ან გადაცილებულია 40 წელს;
. ნაყოფი ტყუპია;
. ორსულს შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების პათოლოგია, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა ან სკლეროდერმია აქვს.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა
ყველა ორსული სათუთი მოსავლელია, მით უმეტეს, როდესაც ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემა აწუხებს.
ჰიპერტენზია სწორედ იმ პათოლოგიათაგანია, რომლებიც რეგულარულ ყურადღებას და კონტროლს მოითხოვს. თუ ორსულად ბრძანდებით და არტერიული წნევის თამაში დაგჩემდათ, ასე მოიქეცით:
. უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს. მკურნალობის ფონზე ჰიპერტენზიისგან გათავისუფლდით? ყურადღებას მაინც ნუ მოადუნებთ. პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით პერიოდულად ეწვიეთ ექიმს. საზოგადოდ კი, სასურველია, არტერიული წნევის მაჩვენებელი პერიოდულად თვითონვე აკონტროლოთ. 
. არამც და არამც არ მიიღოთ ანტჰიპერტენზიული საშუალება თვითნებურად. მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები სვით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა.
. შეძლებისდაგვარად ხშირად დაისვენეთ. გახსოვდეთ: ფეხმძიმობა თქვენი ცხოვრების ის ბედნიერი პერიოდია, როდესაც მხარ-თეძოზე კოტრიალის გამო არავინ გისაყვედურებთ. ასე რომ, შეიმუშავეთ მუშაობისა და დასვენების თქვენთვის ხელსაყრელი რეჟიმი ან, უბრალოდ, დაიცავით რეჟიმი სახელად სრულყოფილი დასვენების 9 თვე.
. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მარილის ოდენობა. მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების კომპლექსი.
. აკონტროლეთ წონა. ორი კაცის სამყოფის ჭამა, ისევე, როგორც მკაცრი დიეტა, ფეხმძიმობისას დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია გაწუხებთ. ორსულობისას წონის მატების კანონზომიერების შესახებ ჩვენი ჟურნალის საშუალებით არაერთხელ გესაუბრეთ. გირჩევთ, თვალი გადაავლოთ … ნომრებს.
. უარი თქვით მავნე ჩვევებზე. მიუხედავად გაფრთხილებისა, ქალების გარკვეული ნაწილი ფეხმძიმობისას თამბაქოს  წევას თავს არ ანებებს. დაიხსომეთ: როდესაც წნევა თამაშობს, თამბაქო ერთიორად (თუ მეტად არა) მავნებელია ჯანმრთელობისთვის!
ალბათ, გსმენიათ, რომ ორსულებს დაბალი არტერიული წნევის დროს, ასევე – ჰემოგლობინის მოსამატებლად ხშირად ურჩევენ ერთ ჭიქა შავ ღვინოს. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ალკოჰოლისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად